Belive

რა თანხა გამოიმუშავა ოსკარმა ჩელსიდან ჩინეთში წასვლის შემდეგ?!

9 თვის წინ ფეხბურთი
5 წთ

ოსკარი ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავია, რომელმაც სოლიდური თანხის შეთავაზებისთანავე ევროპა დატოვა და სათამაშოდ სხვა კონტინენტზე გადავიდა. ოსკარმა "ჩელსი" 2017 წელს, 26 წლის ასაკში დატოვა და ჩინეთის სუპერლიგაში, კერძოდ კი "შანხაი პორტში" გადავიდა, სადაც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.

ბრაზილიელი შემტევი იმ დროისთვის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა "ჩელსისთვის" ოთხწელიწადნახევრის განმავლობაში.

ბევრს სჯეროდა, რომ ოსკარმა თავისი გადაწყვეტილებითა და ჩინეთში წასვლით 25 წლის ასაკში კარიერა დაასრულა, თუმცა ეს ასე ნამდილად არ მოხდა, რადგან იგი "შანხარის" კაპიტანი, ლიდერი და უკვე კლუბის ლეგენდაა.

ოსკარის ცდუნება შემდეგში გახლდათ - 26 წლის ბიჭს ხელფასის სახით კვირაში 400,000 ფუნტი სტერლინგი უნდა აეღო, რომელსაც ჩინური კლუბი სთავაზობდა. ფეხბურთის გულშემატკივრებს ხშირად აინტერესებთ, რა დაემართა ოდესღაც ძალიან პერსპექტიულ ბრაზილიელ ფეხბურთელს, ასე რომ, მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ.

ოსკარი ჩელსიში

ბრაზილიელმა პრემიერ ლიგის ორი ტიტული მოიგო

ოსკარი "ჩელსიში" 2012 წელს, ბრაზილიური "სან პაულოდან" 25 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა, იგი ჯერ საფეხბურთო სამყაროსთვის ცნობილი ფეხბურთელი არ იყო, თუმცა ბრაზილიელები მასზე უდიდეს იმედს ამყარებდნენ.

როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, ეს იყო კარგად და აზრიანად დახარჯული ფული, რომელიც "ჩელსიმ" ოსკარის სანაცვლოდ გადაიხადა. იგი კლუბში მისვლისთანავე ძალიან მაგარ ფეხბურთს თამაშობდა. პირველივე მატჩებში მან ორჯერ გაუტანა "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგაზე - მათ შორის ერთ-ერთი გოლი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ არის დასახელებული.

სადებიუტო სეზონში მან ყველა ტურნირზე 64-ჯერ ითამაშა, გაიტანა 12 გოლი და დაეხმარა კლუბს ევროპის ლიგის მოგებაში. ანალოგიური სტატისტიკა ჰქონდა 2013/14 წლების სეზონში, სადაც მან 47 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

მაგრამ, 2014/15 წლების სეზონში ოსკარმა ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით პრემიერ ლიგა და ლიგის თასი მოიგო და კიდევ შვიდი გოლის გატანა შეძლო. "ჩელსისა" და მოურინიოს საქმე მალევე გაუარესდა, თუმცა ოსკარი 2015 წლის დეკემბრამდე, მანამ სანამ ჟოზეს კლუბიდან გაუშვებდნენ, სტაბილურად კარგად თამაშობდა.

ჟოზეს წასვლის შემდეგ კლუბში ანტონიო კონტე მივიდა, მაგრამ პირველი სეზონის შუაში, ოსკარი მიიპყრო ჩინეთის სუპერლიგის ფინანსებმა და მაცდური შემოთავაზებაც მიიღო, რაზეც უარის თქმა ძალიან გაუჭირდა.

ოსკარის შემდეგი გაჩერება - ჩინეთის სუპერ ლიგა

კვირაში 400,000 ფუნტიან კონტრაქტზე უარის თქმა, მითუმეტეს 26 წლის ბიჭისთვის მაცდური გამოდგა.

"ჩელსი" კონტეს ხელმძღვანელობით პრემიერ ლიგის მოგებას აპირებდა, მაგრამ ოსკარი იანვრის თვეში ჩინეთში გაემგზავრა, ლონდონურმა გრანდმა კი მის ტრანსფერში 67 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა.

ოსკარი გასაოცარ ანაზღაურებას - კვირაში 400,000 ფუნტს იღებდა. ამან ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ აქცია. არა მხოლოდ მაშინ, არამედ ის დღემდე რჩება ჩინეთის სუპერლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენად.

მიუხედავად იმისა, რომ ოსკარის შეძენით იმ პერიოდში მრავალი ევროპული კლუბი იყო დაინტერესებული, ფეხბურთელმა აღიარა, რომ იგი ფიქრობდა ოჯახის რჩენაზე და არა საკუთარ კარიერაზე.

"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ოჯახია და არა ჩემი კარიერა. ვიღებ კრიტიკას, თუმცა ეს კრიტიკა ჯანსაღად არ მიმაჩნია და ვგონებ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. საერთოდ არ მაინტერესებს ვინ ჩამთვლის ფულის მონად და ვინ არა, მე ვადასტურებ რომ ეს ნაბიჯი ჩემი ოჯახისთვის გადავდგი.

ჩინეთს აქვს წარმოუდგენელი ფინანსური შესაძლებლობა და ზოგჯერ ისეთ შემოთავაზებებს აკეთებენ, რომებზეც მოთამაშეები უარს ვერ იტყვიან..." - განაცხადა ოსკარმა 2017 წელს, "შანხაიში" გადასვლის შემდეგ.

კარლოს ტევესი, ჰალკი, ეზეკიელ ლავეცი, მარუან ფელაინი, ჯონ ობი მიკელი და მარკო არნაუტოვიჩი - ეს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალია, რომლებიც თავდაპირველად ოსკართან ერთად ჩინეთის სუპერლიგაში გამოჩნდნენ, მაგრამ ოსკარი ყველაზე გახმაურებული სახელია, რომელიც კვლავ რჩება ჩინეთის სუპერ ლიგაში.

ოსკარის შემოსავალი ჩინეთში

32 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს ამ სეზონამდე "შანხაი პორტში" 145 მილიონ ფუნტზე მეტი ჰქონდა გამომუშავებული, რომელიც ყოველკვირეულად კვლავ იზრდება.

ოსკარს ექვსწელიწად-ნახევრის განმავლობაში კვირაში 400 000 ფუნტს უხდიან. მხოლოდ ხელფასით ოსკარი 145 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებს. ეს დაახლოებით ოთხჯერ მეტია იმაზე, ვიდრე ის გამოიმუშავებდა მაშინ, თუ ევროპაში დარჩებოდა.

სამომავლო მიზნები

რამდენიმე თვის წინ, ოსკარმა ერთ-ერთ ბრაზილიურ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი ოცნება "ჩელსიში" დაბრუნებაა და ამ ფაქტის შესახებ იგი ბევრს ფიქრობს.

"რა თქმა უნდა, ჩემი ოცნება "ჩელსიში" დაბრუნებაა, რადგან ყველამ იცის, რა ვნება მაქვს ამ კლუბის მიმართ.

ეს იგივე გატაცებაა, რაც "შანხაის" მიმართ მაქვს. ეს არის ორი კლუბი, რომლებშიც დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობდი. მე მაქვს ბევრი კარგი მოგონება ლონდონურ კლუბში და ასევე მაქვს ბევრი კარგი მოგონება "შანხაიზე". მაგრამ მე ჯერ კიდევ აქ ვარ და ჯერ კიდევ მაქვს ოცნებები, ვითამაშო ამ გუნდში, თუმცა ძალიან მინდა, რომ კარიერის დასრულებამდე "ჩელსიშიც" დავბრუნდე..." - ოსკარი

შეგახსენებთ, რომ ოსკარი "ჩელსიში" 2012/2013 წლების სეზონიდან, 2016/2017 წლების სეზონამდე თამაშობდა, რა დროშიც მან 203 მატჩში ითამაშა, სადაც 38 გოლის გატანა და 37 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

ხოლო რაც შეეხება მის აზიურ კარიერას, ოსკარი "შანხაი პორტის" რიგებში 2016/2017 წლების სეზონის ბოლოდან თამაშობს, სადაც მის ანგარიშზე 208 ჩატარებულ მატჩში 61 გატანილი გოლი და 110 საგოლე შესრულებული გადაცემაა.

სხვა სტატიები