Belive

რა შემთხვევაში ითამაშებს საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

5 თვის წინ ფეხბურთი
3 წთ

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე მორიგ მატჩს 26 ივნისს, 23:00-ზე, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ვილი სანიოლის გუნდს, 2 მატჩში 1 ქულა აქვს მოპოვებული. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი კი -2-ს შეადგენს, რაც, ამ მოცემულობით, ჯერ კიდევ იძლევა იმის შანსს, რომ ჯგუფიდან გავიდეთ.

პირველი გზა, რომელიც მარტივად ახსნადი, თუმცა რთულად მისაღწევია, არის შემდეგი: მოახდინოს საქართველოს ნაკრებმა სენსაცია და დაამარცხოს პორტუგალიის ნაკრები - გუნდი, რომელსაც თანაბრად ვარსკვლავური ძირითადი შემადგენლობა და სათადარიგოთა სკამი ჰყავს. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვექნება 4 ქულა, რითაც, პრაქტიკულად გავინაღდებთ მერვედფინალის საგზურს.

მეორე გზა კიდევ უფრო მეტად რთულია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ თეორიული შანსი არსებობს, მის შესახებ ინფორმაცია მაინც უნდა გვქონდეს.

როგორ შეუძლია საქართველოს ნაკრებს მერვედფინალში გასვლა, თუკი პორტუგალიასთან ფრეს ითამაშებს?

თუკი საქართველო Vs. პორტუგალია ფრედ დასრულდება, ჩვენ შეგვეძლება მერვედფინალში თამაში, თუმცა ამ შემთხვევაში, სხვებზე ვიქნებით დამოკიდებულები. გავითვალიწინოთ ისიც, რომ პორტუგალიასთან მატჩის წინ, ყველა სხვა ჯგუფის მატჩები დასრულებული იქნება და ზუსტად გვეცოდინება, იქნება თუ არა საკმარისი 1 ქულა მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად.

A ჯგუფი: დღეს შოტლანდია უნგრეთს დაუპირისპირდება. გვაწყობს მხოლოდ მათი ფრე: ამ შემთხვევაში, შოტლანდიას ექნება 2 ქულა, უნგრეთს კი 1. ჩვენ და შოტლანდია ქულებით გავთანაბრდებით, თუმცა გოლების სხვაობით, შოტლანდიაზე წინ ვიქნებით (ჩვენ -2, შოტლ: -4).

B ჯგუფი: ხვალ გაიმართება ალბანეთი Vs. ესპანეთი და ხორვატია Vs. იტალია. ჩვენთვის სასურველი სცენარით, ესპანეთმა უნდა დაამარცხოს ალბანეთი, რომელსაც აქვს 1 ქულა, ბურთების ბალანსი კი -1.

იტალია Vs. ხორვატიაში, ჩვენთვის, ფრეც საკმარისია, რადგან ხორვატებს 2 ტურში 1 ქულა აქვთ მოპოვებულად, მათი ბურთების ბალანსი -3-ს შეადგენს.

C ჯგუფი: აქ უფრო რთულადაა საქმე: ინგლისი ეთამაშება სლოვენიას და თუკი გარეთ საუთგეიტის გუნდმა ერთი თამაშის მოგება მაინც დიდი სხვაობით (3-ბურთიანი უპირატესობა) არ შეძლო, ჩვენ გზა არ გაგვეხსნება. თუმცა... იმავე ჯგუფში ითამაშებენ დანია Vs. სერბეთი. და თუ დანიამ სერბეთი ვერ დაამარცხა, შანსს ვკარგავთ. სხვა შემთხვევაში, სერბეთმა უნდა დაამარცხოს დანია 3-ბურთიანი სხვაობით. ერთი სიტყვით, ყველაზე ნაკლებად ეს სცენარია მოსალოდნელი.

F ჯგუფი: ჩვენს ჯგუფში, თურქეთმა ნებისმიერი ანგარიშით უნდა დაამარცხოს ჩეხეთის ნაკრები.


ეს არის ის გრძელი თეორიული დაშვებების სია, რომლის არსებობის შემთხვევაშიც, საქართველოს ნაკრებს 1/8 ფინალში თამაშის შანსი 1 ქულითაც მიეცემა. მერვედფინალში გასვლის თუ ვერგასვლის შემთხვევაში, ჩვენს ბიჭებს უდიდესი მადლობა იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლის შანსებსა და იმ დაბრუნებულ იმედზე ვსაუბრობთ, რომელიც ქართულ ფეხბურთს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა დაკარგული.

ზღაპრის ბოლო კეთილია.

სხვა სტატიები