ფრანგული ფეხბურთი შოკისმომგვრელ სიტუაციაში აღმოჩნდა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები და ევრო 2020-ის მთავარ ფავორიტად აღიარებული ნაკრები ტურნირის მოულოდნელად, შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ პენალტების სერიაში მარცხის (3:3, 4:5 პ.) შედეგად დაემშვიდობა.
როგორც ევროპულ მედიაში ირკვევა, ამ შოკისმომგვრელი მარცხის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების შიდა სამზარეულოში დიდი აურზაური დატრიალდა. ირკვევა, რომ ფეხბურთელები და მათი ოჯახის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.
მას მერე, რაც "მამლების" ამომავალმა ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ ბოლო 11-მეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა, ადრიენრაბიოს დედამ "პარი სენ-ჟერმენის" ნიჭიერი ახალგაზრდის ოჯახის წევრებს დაუპირისპირდა.
კიდევ ერთი ცნობის თანახმად, ბუქარესტში განცდილი უმძიმესი მარცხის შემდეგ, დაპირისპირების კერები უშუალოდ გუნდის წევრებს შორისაც გაჩნდა. გასახდელში ადრიენრაბიომ და პოლ პოგბამ ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენეს - ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი უკმაყოფილო იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" შუახაზელის თავდაცვითი ქმედებებით. პოგბას ბენჟამინ პავარიც აკრიტიკებდა, მიუნხენის "ბაიერნის" მარჯვენა მცველს კი რაფაელ ვარანიც მხარს უჭერდა.
რაც შეეხება გუნდის მთავარ მწვრთნელს, დიდიე დეშამს, მან კილიან მბაპე დაიცვა და იგი მთავარ დამნაშავედ არ მიიჩნია. ამასთან, 52 წლის სპეციალისტმა საკუთარი კარიერული მომავლის შესახებაც ისაუბრა: "მას ვერავინ გაამტყუნებს, როცა ასეთ პასუხისმგებლობას აიღებ, ხვდები, რომ ასეთი რამეც შეიძლება დაგემართოს. ჩემი მომავალი არ არის მთავარი სასაუბრო თემა. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ერთიანობა და სოლიდარობაა - მე ვარ პასუხისმგებელი, როდესაც საქმე ცუდად მიდის, მე მათთან ვარ, ისინი ჩემთან არიან. ჩვენ ამის გასაანალიზებლად დრო დაგვჭირდება. არ არსებობს ჯადოსნური ფორმულები, არსებობს ბალანსი, რომელიც მომავალში უნდა ვიპოვოთ".
ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ცვლილებები საფრანგეთის ნაკრებში, ოფიციალურად კი, დიდიე დეშამის კონტრაქტი 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე ძალაშია.