Belive

ქუთაისის ტორპედომ ქომაგების საპატივსაცემოდ მე-12 ნომერი გააუქმა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქუთაისის "ტორპედომ" ოფიციალურ გვერდზე საინტერესო განცხადება გაავრცელა. იმერულმა კლუბმა გადაწყვიტა, ერთგული ქომაგების საპატივსაცემოდ მთავარი გუნდის სათამაშო ნომრების სიიდან 12-ნომრიანი მაისური ამოიღოს. ფეხბურთში, მე-12 მოთამაშე სიმბოლურად გულშემატკივარს ნიშნავს.
"ქუთაისის ტორპედოს ხელმძღვანელობამ გულშემატკივართა საპატივსაცემოდ 12 ნომრიანი მაისურის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ტორპედო აფასებდა, აფასებს და მომავალშიც დააფასებს ერთგული ქომაგის გვერდში დგომასა და მხარდაჭერას, რომელიც კლუბის განუყოფელი ნაწილია. წლების განმავლობაში სამაგალითო გულშემატკივრობის ნათელი გამოვლინება, ბევრჯერ დაეხმარა კლუბს, დასახული მიზნების მიღწევაში. ამ ქმედებით, მადლობას ვუხდით თითოეულ გულშემატკივარს. „ჯუნგლების“ იმ მრავალრიცხოვან ფანკლუბს, რომლიც 1960 წლიდან, ტორპედოს გვერდში დგას! წინ ერთად დიდი გზაა გასავლელი! ერთად ბევრს შევძლებთ! გელოდებით სტადიონზე ჩვენს მეთორმეტე მოთამაშეებს!", - წერია "ტორპედოს" ოფიციალურ განცხადებაში.
"ტორპედომ", რომელმაც 2021 წლის სეზონი ეროვნულ ლიგაში მეშვიდე პოზიციაზე დაასრულა და უძლიერეს ათეულში ადგილი პლეი-ოფის მეშვეობით შეინარჩუნა, 2022 წლის სეზონისთვის საგრძნობლად გაძლიერდა და თურქული შეკრების დასრულების შემდეგ, პირველი ტურის მატჩს ქართულ კლასიკურ დაპირისპირებაში, 25 თებერვალს, "დინამო თბილისის" წინააღმდეგ, "დინამო არენაზე" გამართავს.

სხვა სტატიები