Belive

ქოჩორაშვილი ესპანეთში დაბრუნდა: "ახლა უკვე მთავარია, რომ ლევანტე ლა ლიგაში დავაბრუნოთ..."

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სანაკრებო მატჩები დასრულებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უქმეებზე საკლუბო ფეხბურთი გვიბრუნდება.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები უკვე გაემგზავრნენ საკუთარ კლუბებში, ერთ-ერთი მათგანი გიორგი ქოჩორაშვილია, რომელიც ესპანეთში, კერძოდ კი, მანისეს აეროპორტში დღეს ჩაფრინდა და "ლევანტესთან" ინტერვიუს ჩაწერაც მოასწრო.

„ჩვენ დავწერეთ ისტორია მთელ საქართველოსთან ერთად და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა, ისტორიაში პირველად დიდ შეჯიბრზე ითამაშებს. ახლა დროა ვკონცენტრირდეთ იმაზე, რაც დღეს გვაქვს გასაკეთებელი. ზეიმი შედგა, ახლა საქმეს უნდა დავუბრუნდე და უკვე ორიენტირებული ვარ ლევანტეს თამაშებზე, რაც ევროპის ჩემპიონატამდე ყველაზე მნიშვნელოვანია.

ყველაზე მეტად რაც მომეწონა ჩემი ფიზიკური მომზადება იყო, ფიზიკურად ძალიან კარგად გამოვიყურებოდი და ვიამაყე ჩემი თავით. 120 წუთის განმავლობაში არცერთი წამით არ დავღლილვარ, რადგან ვიაზრებდი, რომ მოედნის იქით 4 მილიონი ქართველი ელოდებოდა ნანატრ გამარჯვებას.

ახლა ფრენამ ძალიან დამღალა, რამდენიმე საათით უნდა დავისვენო და დავუბრუნდე კლუბის ვარჯიშებს.

ვუბრუნდები ვარჯიშებს, ახლა უკვე დროა, რომ ლევანტე დაბრუნდეს იქ, სადაც იმსახურებს ყოფნას, ანუ ლა ლიგაში. ამისათვის ბევრი უნდა ვიომოთ და ვიბრძოლოთ, რადგან ვითარება არც თუ ისე სახარბიელოა..." - გიორგი ქოჩორაშვილი

შეგახსენებთ, რომ "ლევანტე" ლა ლიგა 2-ში 32 ჩატარებული ტურის შემდეგ 47 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს, თუმცა საპლეიოფო ზონასთან მხოლოდ 3 ქულაა სხვაობა.

გიორგი ქოჩორაშვილი "ლევანტეს" ღირსებას 2019/2020 წლების სეზონიდან იცავს, თუმცა 2022/2023 წლების სეზონში "კასტელანოსში" იყო განათხოვრებული, მას შემდეგ კი 24 წლის ქართველი ნახევარმცველი "ლევანტეში" კვლავ დაბრუნდა. მას ვალენსიურ კლუბში 24 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც თავი 3-ჯერ გატანილი გოლით გამოიჩინა.

სხვა სტატიები