ყველა ბილეთი გაყიდულია - უდინეზესთან მატჩისთვის მარადონას სტადიონი სავსე იქნება
"ნაპოლის" გულშემატკივრები საჩემპიონო ზეიმისთვის უკვე მეორედ ემზადებიან. მართალია, "სალერნიტანასთან" კამპანიური დერბის ვერ მოგებით (1:1) გუნდმა საშინაო ზეიმი გადაავადა, მაგრამ ეს ნეაპოლელ გულშემატკივრებს არ ანაღვლებთ. როგორც ირკვევა, იმის მიუხედავად, რომ მათი გუნდი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას სტუმრად ითამაშებს, დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონი სრულად სავსე იქნება.
კონკრეტულად საქმე ისაა, რომ საჩემპიონო შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა გულშემატკივრებს საშინაო კედლებში სპეციალურად მოწყობილ რვა ეკრანზე შეეძლებათ. ამ სანახაობისთვის კი ყველა ბილეთი, რომლის ფასიც სიმბოლური 5 ევრო იყო, გაიყიდა - მიღებული თანხა კი საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება. შესაბამისად, მართალია ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ნეაპოლისგან 842 კმ-ით შორს ითამაშებს, მაგრამ საშინაო არენა მაინც სავსე ექნება და შეხვედრას თვალს 55 000 გულშემატკივარი მიადევნებს - ირკვევა, რომ ბილეთების შეძენის დროს რიგში 100 000 ადამიანი იდგა. გარდა ამისა, როგორც დაანონსდა, უდინეში 10 000-ზე მეტ ნეაპოლელ გულშემატკივარს ელიან.
"ნაპოლი" "უდინეზეს" სტუმრად 4 მაისს დაუპირისპირდება და შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.