Belive

ქართული ფეხბურთი ევროპულ შემოდგომაზე - დინამო თბილისი 2004

4 საათის წინ ფეხბურთი
8 წთ

იბერია 1999 გახდა ისტორიაში მხოლოდ მეორე ქართული კლუბი, რომელიც ევროთასების ძირითად ბადეში იასპარეზებს. იბერიამ, ჩრდილოეთ ირლანდიური ლარნეს ბარიერის დაძლევით, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდა (ევროპა ლიგაზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებს).

ასეთ წარმატებას, ქართულმა კლუბმა, მხოლოდ ერთხელ, 22 წლის წინ მიაღწია - თბილისის დინამომ უეფას თასის (ახლანდელი ევროპა ლიგა) ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. იბერიას წარმატებამდე ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ქართულმა კლუბმა 'ევროპულ შემოდგომამდე' მიაღწია და სტატიაში სწორედ იმ გუნდსა და მის განვლილ გზაზე გვექნება საუბარი.

2004 წლის 30 სექტემბერი/დინამო თბილისი უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას ზეიმობს

გუნდი, რომელმაც ევროპულ ტურნირამდე მიაღწია, გამორჩეული ხორვატი მწვრთნელის, ივო შუშაკის 'შექმნილია' (2002-2004). შუშაკმა თბილისის დინამოში ჩამოაყალიბა ძალიან ძლიერი და დისციპლინირებული გუნდი, რომლის ბირთვმაც, 2004 წლის შემოდგომაზე, გია გეგუჩაძის თავკაცობით, უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გააღწია. 2003 წელს შუშაკი, პარალელურად, საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც წვრთნიდა. სწორედ მისი თავკაცობით მოიგო საქართველოს ნაკრებმა ისტორიული მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ (1:0, გოლი მალხაზ ასათიანმა გაიტანა) - ამიტომ, ქართული ფეხბურთის ამ პერიოდის წარმატება დიდწილადაა დაკავშირებული ხორვატ სპეციალისტთან.

გია გეგუჩაძის დინამო და საკვალიფიკაციო ეტაპი - ბატე, სლავია, ვისლა

1) თბილისელებმა 3 საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარეს - პირველი გუნდი ბორისოვის ბატე იყო. დინამომ 15 ივლისს სტუმრად ითამაშა და უკვე მე-19 წუთზე ორბურთიანი სხვაობით აგებდა. პირველი გოლი კურიოზული გამოვიდა. იური ჟევნოვმა, რომელიც ბატეს კარს იცავდა, ირაკლი ზოიძეს საკუთარი საჯარიმოდან გაუტანა. ოთხი წუთის შემდეგ კი ოლეგ სტრახანოვიჩმა პენალტი გაიტანა - 2:0. დინამო რთულ ვითარებაში ჩავარდა, მაგრამ ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და თბილისური მატჩის წინ სერიოზული უპირატესობა შეიქმნა. 45-ე წუთზე მიხეილ კაკალაძემ ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო მეორე ნახევარში გოლები ბორის გონჩაროვმა და არგენტინელმა სეზარ რომერომ გაიტანეს საბოლოო შედეგი - 2:3.

საპასუხო შეხვედრა „დინამო არენაზე“ ორი კვირის შემდეგ შედგა. დინამომ ბატე მეორე მატჩშიც დაამარცხა. ამჯერად, ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე გავიდა და ის დავით კვირკველიამ გაიტანა.

2) მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, დინამოს მეტოქედ პრაღის სლავია ერგო. ქართული კლუბი უდიდეს აუტსაიდერად ითვლებოდა - ტიტულოვან ჩეხურ გუნდთან დუელში.

2004 წლის 26 აგვისტო/კადრი დინამოსა და სლავიას თბილისური მატჩიდან

12 აგვისტოს, პრაღაში გამართული მატჩი, გია გეგუჩაძის გუნდისთვის, ძალიან ცუდი შედეგით დასრულდა - ჩეხებმა 3:1 მოიგეს, დინამოს მხრიდან ერთადერთი გოლი ლევან მელქაძემ გაიტანა.

თბილისში, დინამოს მოედანზე, საპასუხო შეხვედრას, 26 ათასამდე მაყურებელი დაესწრო. დინამომ გაცილებით გამოცდილ მეტოქესთან 2-ბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა.

ლევან მელქაძემ ჩეხებს მეორე შეხვედრაშიც გაუტანა, თუმცა ეს საკმარისი არ იყო და გეგუჩაძის გუნდს მეორე ტაიმში კიდევ სჭირდებოდა მინიმუმ ერთი გოლი. სწორედ იმ დღეს, თავი გამოიჩინა ჯაბა კანკავამ - მაშინ მხოლოდ 18 წლის იყო და დიდ ფეხბურთში საწყის ნაბიჯებს დგამდა. ჯაბამ შორი მანძილიდან, 66-ე წუთზე გაუტანა რადეკ ჩერნის. მასპინძლებმა სასურველი ანგარიში ბოლომდე შეინარჩუნეს (სტუმრად გატანილი გოლის წესი) და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

3) მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველაზე რთული მეტოქე - კრაკოვის ვისლა შეგვხვდა. ვისლამ სეზონი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო, თუმცა, ბოლო ეტაპზე, ორი მატჩის ჯამში, მადრიდის რეალთან დამარცხდა (0:2/ 1:3) და ამიტომ უეფას თასის გათამაშებაში გადაინაცვლა. პოლონურ გუნდს, იმ დროისთვის საქართველოს ჩემპიონი (ვიტ ჯორჯია), ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, 11:2 ჰყავდა დამარცხებული (2 მატჩის ჯამში) - ასე რომ, კრაკოველები დინამოსთვის ძალიან საშიშად გამოიყურებოდნენ.

2004 წლის 30 სექტემბერი/დინამო - ვისლა თბილისში

თბილისელებმა, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეც, პირველი მატჩი სტუმრად ჩაატარეს. გია გეგუჩაძის გუნდმა, პირველი ნახევარი, ჯაბა კანკავასა და კახა ალადაშვილის გოლებით მოიგო. პოლონელებმა მეორე ტაიმის 16-წუთიან ინტერვალში 4 გოლი გაიტანეს და დამაჯერებლად (4:2) დაწინაურდნენ. დინამომ 82-ე წუთზე მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა (დავით კვირკველია) და საბოლოოდ 4:3 წავაგეთ - თბილისში გუნდი იმედით დაბრუნდა.

სახლში, გიორგი ნემსაძემ პენალტით გახსნა ანგარიში (მე-60 წუთი), ხოლო ზუსტად 6 წუთში, მიხეილ კაკალაძემ მეორედ დაამწუხრა პოლონეთის ჩემპიონი. ეს ნიშნავდა, რომ დარჩენილ 25 წუთში ვისლას 2 გოლი უნდა გაეტანა. პოლონელებმა გაიტანეს, თუმცა მხოლოდ ერთხელ. დინამომ 2:1 გაიმარჯვა და ჯგუფურ ეტაპზე სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გავიდა.

ჯგუფური ეტაპის რეალობა

ჯგუფში დინამოს უმაღლესი დონის მეტოქეები შეხვდნენ - ნიუკასლი, სპორტინგი, სოშო და პანიონიოსი. გამოუცდელობამ, მოკლე სათადარიგო სკამმა და ფიზიკურმა გადაღლილობამ თავისი გაიტანა: თბილისელებმა ოთხივე მატჩი წააგეს.

დინამო D ჯგუფში მოხვდა სადაც იმ დროისთვის, 5-გუნდიანი სისტემა მოქმედებდა. იმ პერიოდის რეგლამენტით, ჯგუფში თითოეული გუნდი 4 მატჩს ატარებდა (ორს შინ, ორს სტუმრად, საპასუხო შეხვედრების გარეშე).

მატჩების შედეგები:

  1. სოშო 2:0 დინამო თბილისი (სტუმრად)

    პირველი ტური საფრანგეთში გაიმართა. ფრანგულმა კლუბმა უპირატესობა გამოიყენა და დინამოელები დაამარცხა.

  2. დინამო თბილისი 0:2 ნიუკასლი (შინ)

    თბილისში, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გამართულ მატჩში ინგლისურმა გრანდმა კლასის ხარჯზე გაიმარჯვა. გოლები ალან შირერმა და პატრიკ კლუივერტმა გაიტანეს.

  3. სპორტინგი 4:1 დინამო თბილისი (სტუმრად)

    ლისაბონში გამართულ შეხვედრაში პორტუგალიელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. დინამოს მხრიდან პრესტიჟის გოლი ლევან მელქაძემ გაიტანა, რაც ჯგუფურ ეტაპზე თბილისელთა ერთადერთი გოლი აღმოჩნდა.

  4. დინამო თბილისი 0:4 პანიონიოსი (შინ)

    ბოლო ტურში, თბილისში, დინამოს შანსი ჰქონდა პირველი ქულები აეღო, თუმცა ბერძნულ კლუბთან მოულოდნელად დიდი ანგარიშით დამარცხდა.

გია გეგუჩაძე/პატრიკ კლუივერტი და ლაშა სალუქვაძე
კადრები სოშოსთან, სპორტინგთან და პანიონიოსთან შეხვედრებიდან

დინამომ ჯგუფური ეტაპი 0 ქულით, 1 გატანილი და 12 გაშვებული ბურთით, ბოლო (მე-5) ადგილზე დაასრულა.

მიუხედავად წარუმატებელი შედეგისა, თავად ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა (საკვალიფიკაციო ეტაპზე კრაკოვის ვისლას დამარცხებით), იმ პერიოდის ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის უდიდეს მიღწევად ითვლებოდა.

თბილისის დინამოს იმდროინდელი შემადგენლობა:

მეკარეები: ირაკლი ზოიძე, ზურაბ მამალაძე

მცველები: გიორგი შაშიაშვილი, დავით ჭიჭვეიშვილი, ილია კანდელაკი, ლაშა სალუქვაძე, დავით კვირკველია, კახაბერ ალადაშვილი, სეზარ რომერო, დავით გიგაური

ნახევარმცველები: გიორგი ნემსაძე, ჯაბა კანკავა, შოთა გრიგალაშვილი, ვლადიმერ ბურდული, შოთა კაშია, ლადო ახალია

თავდამსხმელები: ლევან მელქაძე, მიხეილ კაკალაძე, ბორის გონჩაროვი, სანდრო იაშვილი

რომ გვცოდნოდა, ქართული კლუბი კიდევ 22 წელი ვერ გავიდოდა ევროპულ ტურნირებზე, ალბათ, კიდევ უფრო დიდ მიღწევადაც ჩაითვლებოდა - ახლა იბერიას ჯერია და იმედია, 'ევროპული შემოდგომა' ყოველ წელს მოვა და თუ ჩავარდნა მაინც იქნება, 22 წელი არ დაგვჭირდება დასაბრუნებლად.

სხვა სტატიები