21 ივლისს, უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში, უეფას გადაწყვეტილებით ქართველი მსაჯებიც იმუშავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
სტამბოლში, ადგილობრივი „ბასაკშეჰირის“ და ნეთანიის „მაკაბის“ მატჩის მთავარი არბიტრი ირაკლი კვირიკაშვილი იქნება. მას ასისტენტობას გიორგი ელიკაშვილი და დავით ახვლედიანი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ალეკო აფციაური იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.
პოლონური „რაკუვისა“ და ყაზახური „ასტანას“ მატჩს გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის. მას ასისტენტობას დავით გაბისონია და დავით ჩიგოგიძე გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯი ირაკლი ხერხაძე იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ "რაკუვის" ღირსებას ვაკო გვილია იცავს.
მსაჯების გარდა, 21 ივლისს, საქართველოს საერთაშორისო დონეზე ორი ქართული კლუბი წარმოადგენს - "დინამო ბათუმი" პოლონეთის ჩემპიონ პოზნანის "ლეხს", ხოლო "საბურთალო" რუმინულ "სტიაუას" დაუპირისპირდება, ორივე შეხვედრა უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გაიმართება.