Belive

გიორგი მერებაშვილი: "მცირე უპირატესობა ბათუმელთა მხარესაა და მათ ეს შანსი უნდა გამოიყენონ"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, “დინამო ბათუმი” პოლონეთის ექსტრაკლასას 2021/22 წლების სეზონის გამარჯვებულს, პოზნანის “ლეხს” დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე, ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი მერებაშვილმა, რომელიც 2016 წლის შემდეგ, პოლონეთის ჩემპიონატის სხვადასხვა კლუბში თამაშობს, Live.ge-სთან კომენტარი გააკეთა და მოახლოებული უმნიშვნელოვანესი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
"ჩემი აზრით საინტერესო მატჩი უნდა იყოს, რადგანაც ორივე ძალიან კარგი გუნდია, საინტერესო ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და შემტევი ფეხბურთის მოთამაშე. ვფიქრობ, შანსები 50/50-ზეა, თუმცა მცირე უპირატესობას "დინამო ბათუმს" მივანიჭებდი, რადგან მათთან სეზონი უკვე დაწყებულია და ეს მათ უკეთეს ფიზიკურ ფორმაში ამყოფებს. იგივეს "ლეხის" ფეხბურთელებზე ვერ ვიტყოდი და ამის დასტური მათ მიერ ჩატარებული სეზონის საწყისი შეხვედრებია. "დინამო ბათუმისთვის" მნიშვნელოვანია, რომ სწრაფი გოლი არ გაუშვას, რადგანაც "ლეხს" მეორე ტაიმში ძალიან უჭირს თავის დაცვა, თავისუფალი ზონები ეხსნება და ეს ქართულ გუნდს შეტევაში უპირატესობას ანიჭებს.
ზოგადად, "ლეხი" თავისი გულშემატკივრის ხარჯზე, საშინაო შეხვედრებს უფრო უკეთ თამაშობს, ვიდრე სტუმრად და ბათუმელებმა ეს მნიშვნელოვანი ასპექტი უნდა გაითვალისწინონ. ამ მხრივ, პირველ მატჩში "დინამო ბათუმი" უნდა შეეცადოს, რომ შინ სასურველი შედეგი წაიღოს, ბათუმში კი რა ატმოსფეროც არის და სტადიონზე რა გარემოც იქმნება, ყველას ძალიან კარგად მოგვეხსენება. რაც შეეხება ჩემს სურვილებს, ნიკა კვეკვესკირთან ბოდიშის მოხდით, მინდა, რომ შემდეგ ეტაპზე "დინამო ბათუმი" გავიდეს და იმედია საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ამას მოახერხებს", - თქვა 35 წლის ქართველმა შემტევმა, რომელიც ამჟამად "სანდეცია ნოვი სადის" (რანგით მეორე ლიგა) მაისურს ირგებს. “დინამო ბათუმისა” და პოზნანის “ლეხის” დაპირისპირება 21 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები