Belive

ქართული კლუბების ურთიერთშეხვედრების ისტორია პოლონურ გუნდებთან

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, “დინამო ბათუმი” პოლონეთის ექსტრაკლასას 2021/22 წლების სეზონის გამარჯვებულს, პოზნანის “ლეხს” დაუპირისპირდება. მატჩამდე საინტერესოა იმის გახსენება, თუ როგორი სტატისტიკა აქვთ ქართულ კლუბებს პოლონური გუნდების წინააღმდეგ. უშუალოდ "დინამო ბათუმი" ოფიციალურ შეხვედრებში პოზნანის "ლეხს" აქამდე არასდროს შეხვედრია, ამ უკანასკნელს კი ქართულ კლუბებთან საერთოდ არ უთამაშია, ამ ორი ქვეყნის საფეხბურთო კლუბების ურთიერთშეხვედრებს კი საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ვიდრე ოფიციალურ მატჩებს გავიხსენებთ, ის ამხანაგური დაპირისპირება უნდა ვახსენოთ, რომელიც რამდენიმე თვის წინ, 2022 წლის ეროვნული ლიგის სეზონის დაწყებამდე, ზამთრის თურქულ შეკრებაზე შედგა და რომელშიც "დინამო ბათუმმა" "ლეხს" - 2:1 სძლია. იმ მატჩში გოლები ვლადიმერ მამუჩაშვილმა და თორნიკე გაფრინდაშვილმა გაიტანეს.
ევროთასების ისტორიაში, ქართული და პოლონური კლუბები ერთმანეთს სულ 14-ჯერ დაუპირისპირდნენ და არცერთი შეხვედრა ფრედ არ დასრულებულა - 4 გამარჯვება ჩვენს სასარგებლოდ, 10 მოგებით კი უპირატესობა მეტოქეთა მხარეს. უშუალოდ საქართველოს მოქმედ ჩემპიონს პოლონურ კლუბთან გადაკვეთა ერთხელ ჰქონდა და ეს 2017 წელს უეფას ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხდა, როცა "იაგელონიამ" "დინამო ბათუმს" ორი მატჩის ჯამში - 5:0 (1:0 ქუთაისში, 4:0 პოლონეთში) სძლია. ბოლო ქართულ-პოლონური დაპირისპირებაც ეს გახლდათ. ისტორიაში მომხდარი ერთადერთი ისეთი შემთხვევის დროს, როცა ქართულმა კლუბმა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ევროპული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა, ანუ 2004 წელს, "დინამო თბილისის" მიერ დამარცხებული ერთ-ერთი მეტოქე საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ პოლონური კლუბი, კრაკოვის "ვისლა" გახლდათ. საინტერესოა, რომ მაშინ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს სწორედ ბათუმელთა ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, გია გეგუჩაძე ხელმძღვანელობდა. "დინამო თბილისმა" მაშინ მეტოქესთან პირველი მატჩი სტუმრად - 3:4 წააგო, საპასუხო შეხვედრაში კი შინ - 2:1 იმარჯვა და ჯგუფური ეტაპის კარიც შეაღო. https://www.live.ge/konpherens-liga/datsvashi-sruli-areulobaa-ras-tsers-polonuri-media-dinamo-bathumthan-matchis-tsin/ “დინამო ბათუმისა” და პოზნანის “ლეხის” დაპირისპირება 21 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები