ფრანგული მედია: "ზურიკო დავითაშვილთან დაკავშირებით ბორდომ შეთავაზება მიიღო"
უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, რომელსაც საქართველო და რუმინეთი მასპინძლობენ, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლა და სადებიუტო ტურნირზევე 1/4-ფინალამდე მიღწევა მოახერხა.
ტურნირზე წაუგებლად და წარმატებით სვლაში ერთ-ერთი გამორჩეული ქართველთა შემადგენლობაში გუნდის ვიცე-კაპიტანი ზურიკო დავითაშვილია, რომლის ტრანსფერიც ფრანგულმა "ბორდომ" რამდენიმე დღის წინ "დინამო ბათუმიდან" გამოისყიდა.
ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაშის შედეგად, 22 წლის ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი გაიზარდა. როგორც ფრანგული მედია იუწყება, ნიდერლანდების ნაკრებში გატანილი ულამაზესი გოლის შემომქედთან დაკავშირებით, "ჟირონდინებმა" შემოთავაზება მიიღეს, თუმცა მასზე უარი განაცხადეს.
"სამშაბათს საღამოს ნიდერლანდების ნაკრების კარში "ბორდოს" მარჯვენაფლანგელის სანახაობრივი თამაში საქართველოს ნაკრებს საშუალებას აძლევს რუმინეთთან ერთად ორგანიზებული შეჯიბრის მეოთხედფინალში გავიდეს.
გოლი ერთდროულად სანახაობრივი და ისტორიულია. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის A ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში, დავითაშვილი გამორჩეული ფეხბურთელი იყო, 42-ე წუთზე კი 40 მეტრის დისტანციის დაფარვის და დრიბლინგის შემდეგ 5 მცველი გააქრო და მეკარე ვერბრუგენიც. საბოლოო ჯამში, ამ ქმედებამ საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად მეოთხედფფინალურ ეტაპზე გაიყვანა. გოლმა მოიარა სოციალური ქსელები და განსაკუთრებული სანახავი ადგილობრივი გულშემატკივრების სიხარული იყო.
დავითაშვილი 2019 წლის შემდეგ მთავარი ნაკრების წევრია და 26 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის ახლახანს, კვიპროსის წინააღმდეგაც, ივნისის თვეში.
თბილისელი ბავშვისთვის, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს გულშემატკივარია, ახალი ფანჯარა იხსნება. ის ჟირონდინელი გულშემატკივრებისთვის ღიმილის მინიჭებელია, მისი კონტრაქტი კი კლუბთან 2026 წლამდე მოქმედებს. მას შემდეგ, რაც კლუბმა მისი იჯარა გამოისყიდა, ახლო წყაროს ცნობით შევიტყვეთ, რომ "ბორდოს" ხელმძღვანელების სამუშაო მაგიდაზე პირველი ოფიციალური შეათავაზება უკვე გაჩნდა, თუმცა მათ უარი თქვეს, რადგანაც უფრო სარფიანი ფინანსური წინადადების სურვილი აქვთ", - წერს sudouest.fr-ი.
ზურიკო დავითაშვილმა "ბორდოს" შემადგენლობაში სადებიუტო, 2022/23 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.