Belive

პსჟ-ში ტორესის ბრწყინვალება ჩაქრა | ესპანელი ფორმის ძიებაშია

23 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ფერან ტორესი სეზონის საწყის ეტაპზე, პარი სენ-ჟერმენის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელად მოგვევლინა, თუმცა მისი სათამაშო დონე თანდათან დაეცა. ესპანელ თავდამსხმელს, ბოლო პერიოდში, გოლების გატანა უჭირს და ახლა ფორმის დასაბრუნებლად და იმ მოლოდინების გასამართლებლად, რომლებსაც პარიზული კლუბი მასზე ამყარებდა, სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

ფრანგული გამოცემა Foot Mercato მიიჩნევს, რომ ესპანელი შემტევის თამაშის დონე დაეცა. ტორესს გამორჩეული ზაფხული ჰქონდა. მუნდიალის ფინალში გატანილი ერთადერთი გოლით, მან ესპანეთი ისტორიაში მეორედ გააჩემპიონა. ამის შემდეგ კი, პარი სენ-ჟერმენს 48 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

26 წლის ფეხბურთელმა საკუთარი შესაძლებლობები მალე დაამტკიცა. რენთან, სადებიუტო შეხვედრაში, დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდი წაგებას გადაარჩინა. ამის შემდეგ, ტორესმა ბრესტსა და მარსელსაც გაუტანა, რასაც ჩემპიონთა ლიგაზე, სლოვან ბრატისლავას წინააღმდეგ შესრულებული ჰეთ-თრიკიც მოჰყვა. ტორესზე უსმან დემბელეც საუბრობდა, რომელსაც ბარსელონაში ყოფნის დროს, ესპანელთან ერთად უთამაშია.

"ბარსელონაში მასთან ერთად მცირე ხნით თამაშის შესაძლებლობა მქონდა. ის ნამდვილი ბომბარდირია. მასთან ერთად თამაში ძალიან სასიამოვნოა" - ამბობდა ფრანგი ფეხბურთელი.

ჯერჯერობით, ტორესის ჩავარდნაზე, პარიზულ კლუბს განსაკუთრებული რეაგირება არ მოუხდენია. თუმცა უგოლო სერიის გაგრძელების შემთხვევაში, ესპანელზე ზეწოლა გაიზრდება. დღეს, პსჟ, ლე ავრს დაუპირისპირდება. ტორესისთვის, ეს მატჩი, უგოლო სერიის შესაწყვეტად კარგი შესაძლებლობაა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ლე ავრი ლიგა 1-ში, ბოლო ადგილზეა.

სხვა სტატიები