"ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ეს გამარჯვება კვარას ეძღვნება" - სენი მაიულუ
გუშინ, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-8 ტურის შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენმა ლიონი 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი სენი მაიულუმ 72-ე წუთზე გაიტანა, ხოლო 84-ე წუთზე მიკა გოდტსმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მატჩის შემდეგ როგორც პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, ასევე მაიულუმ და გოდტსმა გოლები და მთლიანად ეს გამარჯვება ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვნეს და ეს მატჩისშემდგომ ინტერვიუშიც აღნიშნეს:
ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა და მას კვარას ვუძღვნით. ჩვენ მისით ვამაყობთ. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ყველაფრის მოგებას ცდილობს. - ლუის ენრიკე - პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელი
რა თქმა უნდა, ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ერთი ოჯახი. ერთმანეთს მხარს ვუჭერთ. პირველი გოლი მე რომ არ გამეტანა, ამას სხვა გააკეთებდა და ის აღნიშნავდა ასე გოლს, როგორც მე გავაკეთე, რადგან ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ და ყველანი მის გვერდით ვდგავართ. - სენი მაიულუ - პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი
უპირველეს ყოვლისა, მინდა ეს გამარჯვება კვარას მივუძღვნა, ჩვენ ვამაყობთ მისით, გულშემატკივრებმა კი მას მხარდაჭერა გამოუცხადეს. როგორც გუნდი, კვლავაც მოტივირებულები ვართ, რომ გამარჯვებები გავაგრძელოთ, თუმცა ეს კონკრეტული გამარჯვება განსაკუთრებით კვარას ეძღვნება. - მიკა გოდტსი - პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი
Incroyable déclaration de Senny Mayulu en hommage à Kvara à mon micro : « Bien sûr, on est une équipe, une famille. On est tous très solidaires. Si ce n’était pas moi qui avais marqué le premier but, quelqu’un d’autre aurait fait la célébration, car nous sommes unis et tous derrière lui. » #PSGOL
— La Source Parisienne (@lasource75006) October 26, 2026
პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ლიგა 1-ში 17 ქულით პირველ პოზიციაზეა (5 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 30 ოქტომბერს ლე ავრის წინააღმდეგ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-3 ტურის შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ბარსელონას უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. 59-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის მიმდინარეობისას დაზიანება მიიღო და მისი შეცვლა გახდა საჭირო, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ტრავმა საკმაოდ მძიმეა, პსჟ-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კვარამ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, უახლოეს დღეებში კი მას ოპერაცია ჩაუტარდება.