Belive

პსჟ-ს მფლობელებს კიდევ ერთი ევროპული კლუბის შეძენა სურთ 

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"პარი სენ-ჟერმენის" მფლობელებს კიდევ ერთი ევროპული კლუბის შეძენა სურთ და ამ ინვესტიციის განხორციელება ინგლისის პრემიერ ლიგაში სურთ.

CBS-ის ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფრანგული კლუბის მმართველი ორგანიზაცია, Qatar Sports Investments (QSI)-ი კიდევ ერთ კლუბში ინვესტირების მიზნით ძალისხმევას აძლიერებს.

ირკვევა, რომ მოლაპარაკებები პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბთან მიმდინარეობს, მათ შორის სახელდება ლონდონის "ტოტენჰემი". ცნობილი ხდება ისიც, რომ პარიზელთა მთავარი აღმასრულებელი, ნასერ ალ-ხელაიფი წინა კვირას ლონდონში იმყოფებოდა და "ტოტენჰემის" ხელმძღვანელს, დანიელ ლევის შეხვდა.

კომპანიის მიზანი არის ის, რომ საკუთარი გავლენის გავრცელების არეალი გააფართოვოს და საამისოდ, როგორც ევროპაში, ისე სამხრეთ ამერიკაში ინვესტირებას გეგმავს. მათ "მანჩესტერ სიტის" მმართველი ორგანიზაციის, Abu Dhabi United Group-ის მიერ განხორციელებული მოდელის დანერგვა სურთ. City Football Group-ი ერთბაშად რამდენიმე კონტინენტსა და ქვეყანაში ფლობს და მართავს საფეხბურთო კლუბებს.

რაც შეეხება უშუალოდ QSI-ს, მათ "პსჟ" 2011 წელს შეიძინეს და კლუბი ფრანგული ფეხბურთის სახედ აქციეს - კლუბმა ბოლო 10 სეზონიდან 8-ში ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა და უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020 წლის ფინალშიც ითამაშა. ინვესტირების შემდეგი ნაბიჯი პორტუგალიური "ბრაგას" აქციების 26%-ის შეძენა და იტალიურ "რომასა" და ესპანურ "ესპანიოლთან" კავშირის დამყარება იყო.

სხვა სტატიები