Belive

პოჩეტინომ მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა გვარდიოლასთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მაურისიო პოჩეტინომ გაამხილა, რომ აშშ-ის ნაკრების დატოვებისა და მანჩესტერ იუნაიტედის ჩაბარების გადაწყვეტილება პეპ გვარდიოლასთან საუბრის შემდეგ მიიღო. "წითელმა ეშმაკებმა" 54 წლის სპეციალისტის დანიშვნა ოფიციალურად, გასულ კვირას დაადასტურეს. ამით, პოჩეტინო პრემიერ ლიგაში, რიგით მეოთხე გუნდს ჩაუდგება სათავეში. მანამდე არგენტინელი საუთჰემპტონში, ტოტენჰემსა და ჩელსიში მუშაობდა.

პოჩეტინოს გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან არგენტინელს აშშ-ის ნაკრებთან კონტრაქტი სულ რაღაც ერთი თვით ადრე ჰქონდა გახანგრძლივებული. პოჩეტინოს თქმით, სექტემბერში გვარდიოლასთან გამართულმა საუბარმა მას საკლუბო ფეხბურთში დაბრუნების სურვილი კიდევ უფრო გაუძლიერა.

არგენტინელმა The Thelegraph-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სანაკრებო ფეხბურთში შეკრებებს შორის ხანგრძლივი პაუზების გამო, ყოველდღიური სამწვრთნელო საქმიანობა ენატრებოდა. მისი თქმით, ერთ-ერთი მატჩის დროს, მას თავად გვარდიოლამ ჰკითხა, ხომ არ სურდა პრემიერ ლიგაში დაბრუნება. თავდაპირველად, პოჩეტინომ უპასუხა, რომ აშშ-ში თავს ბედნიერად გრძნობდა, თუმცა შემდეგ ისიც აღიარა, რომ აქტიური სამწვრთნელო ცხოვრება ძალიან ენატრებოდა.

ძალიან მენატრებოდა ყოველდღიურ ფეხბურთთან აქტიური კავშირი - ვარჯიშები, პრესკონფერენციები და გუნდთან მუშაობა. როდესაც მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის შესაძლებლობა გაჩნდა, ამაზე უარს ვერ ვიტყოდი. მინდა, კიდევ ერთხელ დავამტკიცო საკუთარი შესაძლებლობები. - მაურისიო პოჩეტინო

მანჩესტერის ოფიციალურ ჩაბარებამდე, პოჩეტინო ამერიკის ნაკრებს, ჰაიტის წინააღმდეგ, უკანასკნელად უხელმძღვალებს. შემდეგ კი, მანჩესტერში გაემგზავრება, სადაც პირველ ოფიციალურ მატჩს ლივერპულის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები