„მანჩესტერმა ოსიმენი უნდა დაივიწყოს“ - პოლ ინსმა გუნდისთვის იდეალური თავდამსხმელები დაასახელა
პოლ ინსის აზრით, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შეტევის გასაძლიერებლად ისეთი ფორვარდი უნდა დაიმატოს, რომელიც სეზონში მინიმუმ 20-25 გოლს გაიტანს. „წითელი ეშმაკების“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს ვიქტორ ოსიმენის ნაცვლად პრემიერლიგაში გამოცდილი ფორვარდების შეძენა ურჩია.
„იუნაიტედისთვის“ სტაბილური ფორვარდის პოვნა უკვე წლებია სერიოზული პრობლემაა. დიდ თანხად ნაყიდი ჰოილუნდი ორი სეზონის შემდეგ „ნაპოლიში“ აღმოჩნდა, ხოლო 2025 წელს შეძენილმა ბენჟამინ შეშკომ სადებიუტო სეზონში მხოლოდ 12 გოლი გაიტანა, თანაც ძირითადად შეცვლაზე შესვლისას. ამ ფონზე, მატეუს კუნია, ბრაიან მბეუმო და მარკუს რაშფორდი ხშირად ცრუ ცხრიანის პოზიციაზე უწევთ თამაში.
პოლ ინსს სხვა ფავორიტები ჰყავს. კლუბის ყოფილმა ნახევარმცველმა GOAL-თან საუბრისას აღნიშნა:
„როდესაც შეშკოს უყურებ, გახსენდება გასული სეზონი და მნიშვნელოვანი გოლები, რომლებიც შეცვლაზე შესვლის შემდეგ გაიტანა. თუმცა ეს ყველაფერი სათადარიგოთა სკამიდან ხდებოდა. ოსიმენი მომწონს. თურქეთში მისი ბევრი თამაში მაქვს ნანახი, თუმცა ჩემი აზრით, გუნდს აივან ტონი ან ოლი უოტკინსი სჭირდება. ისინი პრემიერლიგაში გამოცდილი არიან, მომენტებს ქმნიან“ - პოლ ინსი
ინსის თქმით, იმის ფონზე, თუ რამდენ გოლს უშვებს გუნდი დაცვაში, შეტევამ მეტოქეზე მეტი უნდა გაიტანოს, სწორედ ამიტომ აღმოჩნდა გუნდი სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში. მორიგი წარუმატებელი სეზონისა და გასავარდნ ზონაში აღმოჩენის შემდეგ, კლუბმა მაიკლ კერიკი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. გუნდის სათავეში მაურისიო პოჩეტინო მიდის, რომლის სადებიუტო მატჩი „ლივერპულის“ წინააღმდეგ, ენფილდზე შედგება.