"პირადად ჩემთვის ეს ძალიან განსაკუთრებული მატჩი იყო" - გიორგი ქოჩორაშვილი
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ლა ლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში სევილია ლევანტეს ესტუმრა და მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.
გიორგი ქოჩორაშვილმა სევილიელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე 88 წუთი გაატარა.
მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:
ვფიქრობ, მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიეთ. გოლების გატანის რამდენიმე შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ლევანტე ისეთი გუნდია, რომელიც არასდროს ნებდება, მათ მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ და საბოლოოდ ამისთვის დავისაჯეთ კიდეც. ვფიქრობ, როცა შესაძლებლობა მოგვეცა, ის უნდა გამოგვეყენებინა, პირადად ჩემთვის ეს ძალიან განსაკუთრებული მატჩი იყო - სტადიონისკენ მიმავალ გზაზე, ავტობუსში, მუდმივად ვიხსენებდი ყველაფერს რაც აქ ბავშვობიდან მოყოლებული გადამხდა. აქ ჩამოვყალიბდი პიროვნებად და მადლიერი ვარ გულშემატკივრების ასეთი სითბოს გამოხატვის გამო.
საბოლოოდ რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ შესაძლებელია ბოლომდე არც კი გვჯეროდა რომ გავიმარჯვებდით, თუმცა უზომოდ ბედნიერი ვარ გუნდის, იმ ბიჭების გამო, რომლებმაც თავი არ დაზოგეს. ახლა კი შეძლებისდაგვარად ვეცდებით, რომ სწრაფად აღვიდგინოთ ძალები, რადგან წინ კიდევ ერთი ძალიან რთული მატჩი გველის.
როცა მეორე გოლს იტან, გგონია, რომ მატჩს აკონტროლებ, ცდილობ, თავი კარგად დაიცვა, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, მათ მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ, თუ ოდნავ მაინც მოეშვები, შეიძლება დაისაჯო. ვფიქრობ აქ სწორედ ეს მოხდა. მატჩს თავიდან რომ ვუყურებდე, ვიტყოდი, რომ მეორე გოლის შემდეგ თამაში უნდა გაგვეუმჯობესებინა, არ უნდა დაგვეშვა ტემპის დაცემა, პირიქით, უნდა გაგვეძლიერებინა, რათა მატჩის ბედი საბოლოოდ გადაგვეწყვიტა. - გიორგი ქოჩორაშვილი
როგორი შეგრძნებაა აქ, სიუტატზე (ლევანტეს სტადიონი) დაბრუნება?
დიახ, როგორც ვთქვი, როცა ავტობუსით მოვდიოდი და მუსიკას ვუსმენდი, აქ გატარებული ყველა მომენტი გამახსენდა. ბევრი სირთულეც გადავიტანე, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ყველაფრის ასე პოზიტიურად დასრულება - პირველ დივიზიონში აღზევება და გულშემატკივრებისგან იმ სითბოს შეგრძნება საოცარია.
19 წლიდან დავდიოდი ბუნიოლში სავარჯიშოდ, ოცნებას მივდევდი და პირველი დივიზიონის ფეხბურთელების ვარჯიშსა თუ თამაშს ვაკვირდებოდი. შემდეგ კი, პირველ დივიზიონში ვითამაშე და ტრიბუნებზე ლევანტეს გულშემატკივრები გამოჩნდნენ, რადგან მანამდე, კოვიდის პერიოდი იყო და სტადიონები ცარიელი იყო მას შემდეგ მათ მიმართ უდიდეს მადლიერებას ვგრძნობ, ისინი მუდამ ჩემს გულში დარჩებიან. - გიორგი ქოჩორაშვილი
სევილია ლა ლიგის ცხრილში 14 ქულით მე-5 პოზიციაზეა (4 მოგება, 2 ფრე, 2 მარცხი). გიორგი ქოჩორაშვილის გუნდი მომავალ შეხვედრას 18 ოქტომბერს, მადრიდის რეალის წინააღმდეგ გამართავს.