Belive

ფეხბურთის მეფეს ჭადრაკის დედოფლისგან - მესის გაფრინდაშვილი სიმბოლურ, სამეფო საჩუქარს გადასცემს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ვერის ბაღში, ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ჭადრაკის საერათაშორისო ფედერაცია 1924 წელს საფრანგეთის დედაქლაქ პარიზში დაფუძნდა, 1961 წლიდან კი ჭადრაკის საერთაშორისო დღე მთელს მსოფლიოში აღინიშნება. ღონისძიებას ესწრებოდნენ საჭადრაკო საერთაშორისო ფედერაციის (ფიდეს) ვიცე-პრეზიდენტი და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელები და ლეგენდარული მოჭადრაკეები. ამავე დროს, ღონისძიებაზე საგანგებოდ ლიონელ მესისთვის დამზადებული საჩუქარი წარადგინეს. „ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების ვარსკვლავმა ჭადრაკის ქართველ ლეგენდას, ნონა გაფრინდაშვილის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბარსელონას“ მაისურა გამოუგზავნა. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველ პრეზიდენტს, ნონა გაფრინდაშვილს საპასუხო საჩუქრის შერჩევაში კომპანია „ზარაფხანა“ დაეხმარა, სადაც საგანგებოდ ლიონელ მესისთვის მოოქროვილი ფიგურებით სამეფო ჭადრაკი დაამზადეს და კოპა ამერიკაზე გამარჯვება მიულოცეს – ეს იქნება ფეხბურთის მეფისთვის ჭადრაკის დედოფლის სიმბოლური საჩუქარი. ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში:
„რაც მესისგან საჩუქრად მაისურა მივიღე, იმის შემდეგ ვფიქრობდი, საპასუხოდ რა საჩუქარი შემერჩია. მჯეროდა, რომ „კოპა ამერიკას“ მოიგებდა და მინდოდა, გამარჯვება განსაკუთრებულად მიმელოცა. ამ დროს დამიკავშირდნენ „ზარაფხანიდან“ და მითხრეს, რომ მოოქროვილი სამეფო ჭადრაკის დამზადება სურდათ, რაც ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო. ეს იქნება არა ჩემი, არამედ საქართველოს სახელით გაგზავნილი საჩუქარი, სადაც 2015 წელს ევროპის სუპერთასზე ითამაშა და მთელი სტადიონი ყვიროდა „მესი! ბარსა!“. ვფიქრობ, ეს სიმბოლური საჩუქარია და მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება“.
გიორგი შენგელია, „ზარაფხანას“ ფინანსური დირექტორი:
„როდესაც გავიგეთ, რომ ქალბატონი ნონა ლიონელ მესისთვის საჩუქრის გადაცემას აპირებდა, კომპანიაში ყველა ამაზე ვფიქრობდით, დაგვემზადებინა ორიგინალური საჩუქარი და მიხარია, რომ ქალბატონი ნონა გახარებული დარჩა. ყველა ფიგურა ხელნაკეთი და მოოქროვილია, იმიტომ, რომ ფეხბურთის მეფეს ჭადრაკის დედოფალმა ღირსეული საჩუქარი უნდა გადასცეს“.
აკაკი იაშვილი, ფიდე-ს ვიცე-პრეზიდენტი:
„ზოგადად, ჭადრაკის საერთაშორისო დღე მადლიერების დღესავით აღინიშნება. ნონას კი სურდა, რომ მესისთვის საპასუხოდ ღირსეულად მიელოცა „კოპა ამერიკაზე“ გამარჯვება, რაშიც „ზარაფხანა“ ასეთი შესანიშნავი ნაკეთობით დაეხმარა“.
ზურაბ აზმაიფარაშვილი, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი:
„ეს ისეთი შესანიშნავი საჩუქარია, დარწმუნებული ვარ, მესის მოეწონება და ქართული სამეფო ჭადრაკით არაერთ პარტიას ითამაშებს“.

წყარო: 1tv.ge

სხვა სტატიები