Belive

პაიდეს მწვრთნელი: "საქართველო ტექნიკური ფეხბურთის ქვეყანაა, კვარაცხელია ამის მაგალითია"

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრას “დინამო თბილისი” ესტონური “პაიდეს” წინააღმდეგ 7 ივლისს, “დინამო არენაზე” გამართავს. მატჩის წინ, ესტონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, კარელ ვოლაიდმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
"დინამო თბილისის" ბოლო მატჩი მათთვის იმედგაცრუება იყო, რადგანაც ისინი ტიტულისთვის იბრძვიან და "დინამო ბათუმთან" მნიშვნელოვან შეხვედრაში მტკივნეული მარცხი განიცადეს, თუმცა იქამდე, კარგი შეხვედრები ჩაატარეს და ვიცით, რომ გამართულ, შემტევი ფეხბურთის მოყვარულ კლუბს ვუპირისპირდებით. მართალია, "პაიდე" ახალი გუნდია და მცირე ხნის წინ შეიქმნა, თუმცა არ ვფიქრობ, რომ გამოცდილების ნაკლებობა გვაქვს, რადგან ჩვენი ფეხბურთელები წარსულში სხვადასხვა კლუბების მაისურით ევროპული ტურნირების მაღალ ეტაპებზე თამაშობდნენ. ჩვენთვის პროგრამა მინიმუმი "დინამო თბილისთან" გამარჯვებაა, მაგრამ ხვალ ძალიან რთული შეხვედრა გველის.  ესტონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში ჩემი ბოლო შეხვედრა სწორედ ამ სტადიონზე, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ჩავატარეთ. მაშინ ვლადიმირ ვაისს ძალიან კარგი გუნდი ჰყავდა და საკმაოდ რთული შეხვედრა ჩავატარეთ, თუმცა ფრე მაშინ პოზიტიური შედეგი იყო. საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე უნდა ეთამაშა, თუმცა ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ მარცხმა მათ ჩვენს წინააღმდეგ ხელი შეუშალათ. საბოლოოდ, იმ დროიდან მე კარგი მოგონებები მაქვს. ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა და ჩემი გუნდიც ბევრი ახალგაზრდა მოთამაშითაა დაკომპლექტებული, ისევე, როგორც "დინამო თბილისი", ამ მხრივ ხვალინდელ შეხვედრაში საინტერესო დაპირისპირება გველის. ქართულ ფეხბურთთან შეხება წლების განმავლობაში ბევრჯერ მქონია. ვთვლი, რომ ქართველებს კარგი ტექნიკა აქვთ და ამ მხრივ ისინი წარმატებულები არიან, მაგალითისთვის ხვიჩა კვარაცხელია შეგვიძლია მოვიყვანოთ. მისი დამატება "დინამო ბათუმმა" რაღაც გზით მოახერხა, "დინამო თბილისს" ხშირად მსგავსი ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, რომ საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავდეს გუნდში, მაგრამ დღეს ისინი კარგ ფორმაში არიან და ხვალ მნიშვნელოვანი მატჩი ელით. ვეცდებით, რომ მათ რაიმე გზით წარმატების მიღწევაში ხელი შევუშალოთ. ჩემი მთავარი მიზანი ხვალ მოგება და წარმატების მიღწევა იქნება, თუმცა შესაძლოა სხვა შედეგიც მისაღები იყოს, რადგანაც სტუმრად გატანილი გოლის წესი გაუქმებულია და ეს მეტოქეს უპირატესობას არ მიანიჭებს", - თქვა კარელ ვოლაიდმა.
“დინამო თბილისისა” და ესტონური “პაიდეს” დაპირისპირება “დინამო არენაზე” 7 ივლისს, 21:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები