ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა წარდგენილი
გრაცის "შტურმისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილი, ავსტრიაში, სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზეა წარდგენილი. ოთარი სამ ნომინანტს შორის დასახელდა. ქართველმა ნახევარმცველმა, შტურმის შემადგენლობაში ჩემპიონატი და ქვეყნის თასი მოიგო, შესაბამისად, მისი კონკურენტებიც სწორედ შტურმიდან არიან.
ოთარ კიტეიშვილი, იონ გორენც სტანკოვიჩი ან ალექსანდრ პრასი ამ პრესტიჟულ ჯილდოს ოქტობმერში, ვენაში გამართულ გალა-ღონისძიებაზე მიიღებს.
"სეზონის მოთამაშის" ჯილდო ბრუნო პეცეის სახელს ატარებს - ეს ავსტრიელი ფეხბურთელი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი სახელობის დაჯილდოება კი სტარტს 1997 წლიდან იღებს და სხვადასხვა ნომინაციიებისგან შედგება. "ბრუნო გალას" ყოველწლიურად 500-დე სტუმარი ესწრება, მათ შორის მოთამაშეები უმაღლესი ლიგის კლუბებიდან, ასევე მოყვარულთა რიგებიდან, ეროვნული ნაკრებიდან და საპატიო სტუმრების დიდი რაოდენობა.
შეგახსენებთ, რომ წელს ოთარ კიტეიშვილმა აღიარება ერთხელ უკვე მოპოვა. გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობას კლუბის პრეზიდენტები, მწვრთნელები და მოთამაშეები იღებდნენ, ქართველი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.