ოსიმენის აგენტი: "ეს ფეხბურთელის შეურაცხყოფაა - შეიძლება სამართლებრივ ზომებს მივმართოთ"
ბოლო პერიოდის განმავლობაში, "ნაპოლიში" არსებული პრობლემები როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა თვალშისაცემი და შესამჩნევი გახდა.
გუნდის ორი მთავარი ლიდერი და ოქროს ბურთის 30 ნომინანტს შორის მყოფი ფეხბურთელი, ქართველი ხვიჩა კვარაცხელია და ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიას ხშირად აუხსნელი და ალოგიკური გადაწყვეტილებებით, არასაკმარის სათამაშო დროს იღებენ, თანაც გადამწყვეტ მომენტებში. ეს გუნდის შედეგებზეც აისახება და თავად მოთამაშეებიც უკმაყოფილებას გამოხატავენ.
ამ ყველაფრის ფონზე, "ნაპოლის" ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელ Tik-Tok-ზე ვიდეოები გაავრცელა, რომელიც სერია A-ს წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირის მიმართ დამამცირებელ ხასიათს ატარებდა, რასაც მისი და მისი წარმომადგენლების მხრიდან ავთენტური რეაქცია მოჰყვა.
მოგვიანებით ვიდეოები წაიშალა, თუმცა ამას საპასუხო რეაქცია მაინც მოჰყვა, ფეხბურთელმა სოციალური ქსელიდან "ნაპოლისთან" დაკავშირებული მასალის უდიდესი ნაწილი წაშალა, მისმა აგენტმა კი თქვა, რომ საქმე შესაძლოა სასამართლომდე მივიდეს.
"ის რაც დღეს "ნაპოლის" ოფიციალურ Tik Tok პლატფორმაზე მოხდა, მიუღებელია. ვიდეო, რომელიც ამცირებს ვიქტორს, ჯერ გაასაჯაროვეს, შემდეგ კი წაიშალა. სერიოზული ფაქტია, რომელიც ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს ფეხბურთელს, რაც ემატება იმ დამოკიდებულებას, რომელსაც ბიჭი ბოლო პერიოდში, მედიაში გავრცელებულ ყალბი ამბების გამო იღებს.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას მივიღოთ სამართლებრივი ზომები და ნებისმიერი სასარგებლო ინიციატივა, რომელიც ფეხბურთელს დაიცავს", - თქვა ვიქტორ კალენდამ.
"ნაპოლის" სერია A-ში 5 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს დაგროვებული და მეშვიდე ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს "ნაპოლი" 27 სექტემბერს "უდინეზეს" წინააღმდეგ საშინაო კედლებში გამართავს.