ოსიმენი და კვარაცხელია – წყვილი, რომელიც ნაპოლის ისტორიას წერს
იტალიური მედია საშუალება spazionapoli ნეაპოლიტანური კლუბის მომაკვდინებელი დუეტის - ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ ვრცელ პუბლიკაციას აქვეყნებს.
- ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ტოპ 5 ლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
- ოსიმენი: “კვარა წარმოუდგენელია, ბედნიერი ვარ რომ ის ჩვენთან ერთად იზრდება”
- სალერნიტანას პრეზიდენტი: “მადლობა ღმერთს, კვარაცხელია სახლში რჩება”
"ოსიმენისა და კვარაცხელიას ოქროს წყვილი - "ნაპოლის" ისტორიული დუეტის თვალსაჩინო სტატისტიკა" - spazionapoli სწორედ ამ სახელწოდებით აქვეყნებს სტატიას, რომელსაც "პარტენოპეის" ფანების დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
"ნაპოლის" ამჟამინდელ გუნდში, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი წამყვანი პროტაგონისტები არიან. სპალეტის გუნდში რამდენიმე გამორჩეული ვარსკვლავია (მერე, დი ლორენცო, ლობოტკა და სხვები) მაგრამ შემტევი წყვილი მუდამ პრესის ფურცლებზეა და მუდამ განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრშია მოქცეული.
ნიგერიელმა შემტევმა 14 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო - კვარაცხელიას ანგარიშზე კი 9 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა. ნეაპოლელთა ტალანტებისთვის შთამბეჭდავი სტატისტიკაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ კვარაცხელია და ოსიმენი ერთად პირველ სეზონს ატარებენ.
ოსიმენი და კვარაცხელია - წყვილი, რომელიც მზადაა "ნაპოლის" ისტორია დაწეროს
მიუხედავად იმისა, რომ ტრავმების გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვეს, ოსისა და კვარას დუეტი შთამბეჭდავია. მიმდინარე სეზონში, სერია A-ს ეგიდით გამართული 19 მატჩიდან, წყილვა მხოლოდ 11-ში შეძლო ერთად ასპარეზობა (4 მატჩი ოსიმენს გაუცდა ტრავმის გამო, 4 კი კვარაცხელიას). მხოლოდ და მხოლოდ 11 მატჩის მიუხედავად, ოსიმენი და კვარაცხელია "ნაპოლის" ისტორიას წერენ. მხოლოდ სერია A-ს ეგიდით გამართულ შეხვედრებში, ოსიმენმა და კვარაცხელიამ 20 გოლი გაიტანეს.
"ნაპოლის" ისტორიულმა დუეტმა (მარადონა და კარეკა) 1988/89 წლებში, ერთად გატარებულ პირველ სეზონში 28 გოლის გატანა შეძლო. 2011/12 წლების სეზონში, კავანისა და ლავეცის დუეტმა 32 გოლი გაიტანა და ოსიმენისა და კვარაცხელიას სათამაშო ფორმას თუ გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ახალ რეკორდს ვიხილავთ.