ის, რაზეც ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართულ და ბელგიურ მედიაში აქტიურად საუბრობდნენ, საბოლოოდ ოფიციალურად დადასტურდა - გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ბრატისლავის “სლოვანში” გააგრძელებს.
22 წლის ქართველმა ტალანტმა ბელგიური "გენტი" დატოვა და სლოვაკეთის საუკეთესო კლუბს 1-წლიანი იჯარის წესით შეუერთდა, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი წვრთნის, ხოლო გუნდის ლიდერები ეროვნული გუნდის ყოფილი და მოქმედი კაპიტნები, შესაბამისად, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია არიან. გიორგი ჩაკვეტაძე ახალ კლუბში 70 ნომრიან მაისურს მოირგებს.
საქართველოს ნაკრების შემტევმა “გენტში” 2017 წლიდან, ანუ მას შემდეგ მოყოლებული, რაც “დინამო თბილისიდან” 1.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბელგიაში გადაბარგდა, 80 შეხვედრა ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 18 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო 2022 წლის პირველი ნახევარი იჯარის წესით გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარ “ჰამბურგში” გაატარა და აქტივში 12 მატჩში თითო-თითო გოლი და საგოლე პასი ჩაიწერა.
აღსანიშნავია ისიც, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბრატისლავის “სლოვანი” საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, “დინამო ბათუმის” მეტოქე იქნება. გუნდებს შორის პირველი მატჩი 6 ივლისს, ბრატისლავაში, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება, ხოლო საპასუხო შეხვედრა 13 ივლისს ბათუმში გაიმართება.