Belive

ოლივიე ჟირუ ჩელსის ემშვიდობება - ფრანგი თავდამსხმელი კარიერას იტალიაში გააგრძელებს 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დიდი ალბათობით, მალე საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი, ოლივიე ჟირუ კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს. იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსის" 34 წლის ფორვარდი სერია A-ში გადაბარგდება და "მილანთან" 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ცნობილია, რომ "როსონერიმ" მოთამაშეს ხელფასის სახით წელიწადში 4 მილიონი ევროს ოდენობის ანაზღაურება შესთავაზა. ახლა მხარეები ლონდონურ კლუბს ელოდებიან, რათა თავდამსხმელი გაათავისუფლოს. ჟირუს ამჟამინდელი კონტრაქტი "ჩელსითან" 2022 წლის ზაფხულამდე მოქმედებს. Transfermarkt-ი ფეხბურთელს 4 მილიონ ევროდ აფასებს. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი ფეხბურთელი "ჩელსიში" 2018 წლის იანვარში გადაბარგდა და 119 შეხვედრაში 39 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან "არისტოკრატებთან" ერთად ინგლისის ასოციაციის თასი, ევროპის ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ამჟამად, ოლივიე ჟირუ ეროვნულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება და საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ზედიზედ მეორე დიდ სანაკრებო ფორუმზე ტრიუმფის მიღწევას ცდილობს. ჯგუფური ეტაპის ორ შეხვედრაში მან, საერთო ჯამში, 15 წუთი ითამაშა (უნგრეთთან ფრედ დასრულებულ მატჩში - 1:1).

სხვა სტატიები