Belive

ოფიციალურად | ტეუნ კოპმაინერსი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

6 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ატალანტასა" და ნიდერლანდების ნაკრების 26 წლის შემტევი - ტეუნ კოპმაინერსი ევროპის ჩემპიონატს იძულებითი, კუნთის ტრავმის გამო გამოტოვებს.

ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ტრავმა ისლანდიასთან ამხანაგური მატჩის დაწყებამდე, გახურების დროს მიიღო, რის გამოც მოედანი სასწრაფოდ დატოვა. როგორც გაირკვა, მისი ტრავმის სიმძიმე საკმაოდ მძიმეა, რის გამოც ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს და ნაკრების შეკრებას დღესვე დატოვებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში ადასტურებს.

ტეუნ კოპმაინერსს საოცარი სეზონი ჰქონდა, მან "ატალანტასთან" ერთად ევროპა ლიგის ტიტული მოიპოვა, გარდა ამისა, სერია A-შიც ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა. მან მიმდინარე სეზონში 51 მატჩი ჩაატარა, სადაც 15 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 26 წლის ნიდერლანდელი სავარაუდოდ "ატალანტაში" აღარ დარჩება და მისთვის EURO 2024 უმნიშვნელოვანესი იყო იმის დასამტკიცებლად, რომ იგი უფრო დიდ კლუბში თამაშს იმსახურებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ კოპმაინერსის გარდა, ნიდერლანდების ნაკრებს ოფიციალურად გამოაკლდა ფრენკი დე იონგი. ასე რომ, რონალდ კუმანს ევროპის ჩემპიონატამდე ბევრი და დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევს.

ნიდერლანდების ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფში: საფრანგეთის, ავსტრიისა და პოლონეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

სხვა სტატიები