ოფიციალურად | დანი კარვახალი იბერიასთან მატჩს გამოტოვებს
იბერია 1999 მომავალ შეხვედრას წყალტუბოს სამგურალთან სტუმრად მოპოვებული მძიმე გამარჯვების (1:0) შემდეგ ხვდება, რითაც გუნდმა წაუგებელი სერია სამ მატჩამდე (2 მოგება, 1 ფრე) გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები მიმდინარე სეზონში საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო გუნდად გვევლინებიან, კონფერენს ლიგაზე მათი ასპარეზობა ჯერჯერობით შთამბეჭდავი არ არის.
შესაძლო ცხრა ქულიდან თბილისელებმა მხოლოდ ერთის მოპოვება შეძლეს. აქედან გამომდინარე, ლევან კორღალიძის შეგირდები 36-გუნდიან ლიგის ფაზაში 29-ე პოზიციას იკავებენ. სასიხარულოა, რომ ამ დაპირისპირების წინ იბერიას არც ტრავმირებული და არც დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები არ ჰყავს.
საპირისპირო ვითარებაა ხეტაფეს ბანაკში - ესპანური კლუბი გასულ უქმეებზე საკუთარ მოედანზე მადრიდის ატლეტიკოსთან ანგარიშით 0:3 განადგურდა, თანაც შეხვედრა ათი კაცით დაასრულა. საერთო ჯამში, ხეტაფემ ყველა ტურნირზე ზედიზედ სამი მატჩი ისე წააგო, რომ მეტოქის კარში გოლის გატანაც ვერ მოახერხა. ხოსე ბორდალასის გუნდს მიმდინარე სეზონში ჩატარებული ცხრა გასვლითი შეხვედრიდან შვიდში მარცხი აქვს განცდილი, სტუმრად მოპოვებული ერთადერთი გამარჯვება კი ესპანეთის თასზე, სამოყვარულო გუნდთან ფიქსირდება.
სტუმრები სატურნირო ცხრილში 31-ე ადგილზე არიან და ზუსტად ისეთივე მაჩვენებელი (0 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება) აქვთ, როგორიც მათ ქართველ მეტოქეს. ლიგის ფაზის დასრულებამდე მხოლოდ სამი ტურია დარჩენილი, შესაბამისად, პლეი-ოფში გასვლის შანსის შესანარჩუნებლად ესპანელებს თითოეულ შეხვედრაში გამარჯვება ჰაერივით სჭირდებათ.
საკადრო პრობლემების მხრივ, ხეტაფეს თბილისში ორი მცველი, ლეგენდარული - დანი კარვახალი და სებასტიან ბოსელი დააკლდება. მადრიდის რეალის ყოფილ მარჯვენა მცველს კუნთის ტრავმა აწუხებს, ხოლო ახალგაზრდა ურუგვაელი ფეხის დაზიანების შემდეგ რეაბილიტაციის კურსს აგრძელებს.
ხუთშაბათს გასამართი მატჩი ისტორიული მნიშვნელობისაცაა - გუნდები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. გარდა ამისა, იბერია 1999 ოფიციალურ შეხვედრაში პირველად დაუპირისპირდება ესპანურ კლუბს, ხოლო ხეტაფე თავის ისტორიაში პირველ მატჩს გამართავს ქართული გუნდის წინააღმდეგ.
იბერიასა და ხეტაფეს დაპირისპირება 26 ნოემბერს, თბილისის დროით 21:45 საათზე აიღებს სტარტს.