დუგარიმ ინფანტინოს შეუტია | 'პირდაპირ ეთერში ვნახე კორუფცია'
აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის 48-ე რიგგარეშე გენერალურ ასამბლეაზე ფიფას პრეზიდენტის - ჯანი ინფანტინოს გამოჩენა წინასაარჩევნო გათვლებს უკავშირდებოდა. ახალი ვადით არჩევის მსურველმა ინფანტინომ აფრიკის 54 ფედერაციას, თითოეულს 25 მილიონი დოლარი დაჰპირდა, რასაც CAF-ის პრეზიდენტ პატრის მოცეპეს მოწოდებით დარბაზის მხრიდან ოვაციები მოჰყვა.
'RMC Sport'-ის რეპორტიორმა და 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონმა - კრისტოფ დუგარიმ ეს მკაცრად გააკრიტიკა.
დუგარის განსაკუთრებულ აღშფოთებას ის გარემოება იწვევს, რომ მოცეპემ, ფაქტობრივად, წინასწარ და ერთხმად გამოაცხადა ყველა ფედერაციის მხარდაჭერა საფინანსო დაპირებების სანაცვლოდ.
'პირდაპირ ეთერში ვნახე კორუფცია. CAF-ის პრეზიდენტმა ყველა ფედერაციის ხელმძღვანელს აიძულა, ინფანტინოსთვის ტაში დაეკრა, რადგან მან თითო ფედერაციაზე 25 მილიონის გამოყოფა გადაწყვიტა...
ჯამში აფრიკაში მილიარდ დოლარზე მეტი ჩაირიცხა. არ ვამბობ, რომ ეს თანხა არ სჭირდებათ, ღმერთმა შეარგოთ, მაგრამ ამას სერიოზულად როგორ აღიქვამთ? ეს სირცხვილი და სკანდალია. ჩვენგან იდიოტები გამოჰყავთ.
მერე აფრიკასა და CAF-ს უკვირთ, რომ სერიოზულად არ აღიქვამენ. როცა CAF-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ მას ყველა 54 ფედერაციის მხარდაჭერა აქვს, რა ხდება? მათ თავად არ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება? ის მათ მორჩილებას აიძულებს, ეს აშკარა კორუფციაა. ამაზრზენი და მიუღებელია“. - კრისტოფ დუგარი
ამ თემას გამოეხმაურა მარსელის ყოფილი მცველი - ერიკ დი მეკოც, რომლისთვისაც ინფანტინოს მეთოდები მოულოდნელი არ აღმოჩენილა. დი მეკოს შეფასებით, ფიფას მოქმედ ხელმძღვანელს უკვე უზრუნველყოფილი აქვს უპირატესობა სხვა კანდიდატებთან - ფილიპ დიალოსა და კოძო ტაშიმასთან შედარებით, რადგან რესურსების დიდი ნაწილი უკვე გადანაწილებულია.
„ეს ახალი ამბავი არ არის. მხოლოდ ერთი იმედი მაქვს, რომ ამერიკელი დემოკრატი პოლიტიკოსი ჯანი ინფანტინოსა და ფიფას მიერ გადახდილ გადასახადებს იძიებს. ფილიპ დიალოსა და კოძო ტაშიმას გამარჯვების ერთადერთი შანსი ეს არის. სხვაგვარად ვერავინ მოიგებს, რადგან სხვების ფული უკვე ათვისებული აქვს. არც პირველია და არც უკანასკნელი“ - ერიკ დი მეკო
💬 "J'ai assisté à de la corruption en direct": le coup de gueule de Dugarry sur les méthodes d'Infantino.https://t.co/2akmfkz9eZ
— RMC Sport (@RMCsport) November 24, 2026
აქვე შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები ფიფას 77-ე კონგრესის ფარგლებში, 2027 წლის 18 მარტს, მაროკოს დედაქალაქ რაბატში გაიმართება. კენჭისყრაში მონაწილეობას ფიფას 211 წევრი ასოციაცია მიიღებს, ხოლო ჯანი ინფანტინო, რომელიც ორგანიზაციას 2016 წლიდან ხელმძღვანელობს, მორიგი ვადით არჩევას შეეცდება.