ნორვეგიის ნაკრები: ყველაფერი რაც მომავალი მეტოქის შესახებ უნდა ვიცოდეთ
2023 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 28 მარტს, ბათუმში გამართავს და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ნორვეგიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
სკანდინავიელებთან დაპირისპირებით ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ევრო 2024-ისკენ მიმავალ მეორე გზას შეუდგება - ჩვენს გუნდს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ ეტაპზე თამაში უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მოგებით უკვე განაღდებული აქვს.
იქამდე, ვიდრე საქართველოს ნაკრები ევროსაგზურისთვის ბრძოლას ტრადიციული შესარჩევიდან დაიწყებს, შევეცდებით ჩვენი პირველი მეტოქის შესახებ მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ.
ნორვეგიის ნაკრები
დაარსება: 1908
ფეხბურთის ფედერაცია: 1908 წელს, ოლსოში დაარსდა
ფიფას წევრი: 1908
უეფას წევრი: 1954
ფიფას რეიტინგი: 43 (2022 წლის 22 დეკემბრის მონაცემებით)
უმაღლესი რეიტინგი: 2 (1993 წლის ოქტომბერი, 1995 წლის ივლისი - აგვისტო)
ყველაზე დაბალი შედეგი რეიტინგში: 88 (2017 წლის ივლისი)
საშინაო არენა: ულევაალ სტადიონი (28 000 ტევადობა, ოსლო, ნორვეგია, სარეკორდო დასწრება - 35 000)
მეტსახელი: ლომები
მთავარი მწვრთნელი: სტალე სოლბაკენი
კაპიტანი: მარტინ ოდეგორი
სტატისტიკა
პირველი მატჩი: შვედეთი - ნორვეგია - 11:3 (1908 წლის 12 ივლისი, გოტენბურგი, შვედეთი)
ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება: ნორვეგია - ფინეთი 12:0 (1946 წლის 28 ივნისი, ბერგენი, ნორვეგია)
ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება: დანია - ნორვეგია - 12:0 (1917 წლის 7 ოქტომბერი, კოპენჰაგენი, დანია)
ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: იონ არნე რიისე (110)
ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: იურგენ იუვე (33)
მონაწილეობა მსოფლიოს ჩემპიონატზე: 3 (პირველად 1938 წელს), საუკეთესო შედეგი - მერვედფინალი (1938, 1998)
მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე: 1 (2000, ჯგუფური ეტაპი)
ოლიმპიური თამაშები: ბრინჯაოს მედალი 1936 წელს, ბერლინში
ისტორია
ნორვეგიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა და ერთ-ერთი სტაბილური, ტრადიციული ევროპული ნაკრები გახლავთ, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა სამჯერ, კონტინენტურ უდიდეს ტურნირზე კი ერთხელ აქვს მიღებული.
საინტერესო ფაქტია, რომ ნორვეგია ერთადერთი ნაკრებია, რომელიც მსოფლიოს 5-გზის სარეკორდო ჩემპიონ ბრაზილიის ნაკრებთან გამართულ მატჩებში არასდროს დამარცხებულა (4 მატჩი, 2 გამარჯვება, 2 ფრე).
ტრადიციულად, თავიანთ სკანდინავიელ მეზობლებთან შედარებით, ნორვეგიელები ევროპულ და მსოფლიო შეჯიბრებებში სუსტად გამოიყურებოდნენ. დანიისა და შვედეთის მიერ ნაჩვენები შედეგების ფონზე, ნორვეგია სკანდინავიაში საუკეთესო საფეხბურთო ნაკრები არასდროს ყოფილა, თუმცა მათი პირველი ოქროს ხანა 1930-იანი წლები გამოდგა, როცა ოლიმპიურ ბრინჯაოს მედალსაც დაეუფლნენ (1936) და 1938 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტიც ჰქონდათ. თანაც, მუნდიალზე გამოსვლას, სკანდინავიელები მომავალ ჩემპიონ იტალიასთან დამატებით დროში მარცხით (1:2) დაემშვიდობნენ - ამის შემდეგ 56 წლის განმავლობაში ნორვეგიელებს მსოფლიოს უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე მონაწილეობა აღარ მიუღიათ.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1980-იან წლებამდე ნორვეგიის ნაკრები ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ნაკრებად მიიჩნეოდა და გასაკვირი არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ ამ პერიოდში მათ დიდ ტურნირებზე არ უთამაშიათ.
თუმცა, ყველაფერი 1990-იან წლებში შეიცვალა, როცა გუნდს სათავეში ლეგენდარული ეგილ "დრილო" ოლსენი ჩაუდგა და მსოფლიოს რეიტინგში თავისი ნაკრები მეორე პოზიციამდე აღაზევა. ამ პერიოდში ნორვეგიელებმა მუნდიალზე დაბრუნება და იქ ზედიზედ ორჯერ, 1994 და 1998 წლებში თამაში მოახერხეს.
მოგვიანებით, ოლსენი, რომელმაც პენსიაზე გასვლა გადაწყვიტა, 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნილს იოჰანმა შეცვალა, რომელმაც ისტორიაში პირველად ნორვეგიელები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, ეს ამბავი 2000 წელს მოხდა.
ამის შემდეგ, ნორვეგიელები 2006 წლის მსოფლიოსა და 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიცირებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა საბოლოო ჯამში იქ მოხვედრა ვერ მოახერხეს, 2008 წელს კი გუნდმა კალენდარული წლის განმავლობაში ერთი მატჩის მოგებაც კი ვერ შეძლო, რის შემდეგაც რეგრესი დაიწყო და დიდ ტურნირზე მოხვედრის რეალური შანსი აღარ მისცემია.
ამჟამად, ნორვეგიელები ცდილობენ, რომ სტალე სოლბაკენის ხელმძღვანელობით, თავიანთ ისტორიაში მესამე გამორჩეული პერიოდი დაიწყონ, მით უმეტეს, რომ, ქვეყანას დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და სპორტის ამ სახეობის უახლოესი წლების ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, ერლინგ ბრაუტ ჰოლანდი და კიდევ ერთი სუპერტალანტი, მარტინ ოდეგორი ჰყავს.
ნორვეგიის ნაკრები გერბად 1920 წლიდან მოყოლებული თეთრ-წითელი ჯვრით გაფორმებულ ეროვნულ დროშას ატარებდა, თუმცა 2008 წლის მაისში ოფიციალური სიმბოლიკა შეიცვალა და დროშასთან ერთად, კიდევ ერთი ეროვნული იდენტობის მატარებელი ორნამენტი - ვიკინგების სტილის დრაკონი გამოჩნდა. 2014 წლის 12 დეკემბერს, ნაკრების გერბი კიდევ ერთხელ შეიცვალა და ეროვნული გერბიდან აღებული ორი ლომის გამოსახულება დაემატა.
რაც შეეხება ტექნიკურ სპონსორს, ნორვეგიელები 1992-1996 წლებში გერმანული კომპანია Adidas-ის ფორმებით იმოსებოდნენ, 1996-დან 2014 წლამდე მათ ჩაცმულობაზე ინგლისური Umbro ზრუნავდა, ხოლო 2014 წლის 10 სექტემბრიდან ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაცია უკვე ამერიკული Nike-ის პროდუქციას იყენებს. საშინაო მატჩებს ნორვეგიის ნაკრები წითელი შეფერილობის ფორმებით ატარებს, სტუმრად გასამართ შეხვედრებში კი უპირატესობა თეთრ ფერს ენიჭება.
ურთიერთშეხვედრები
საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების გზები ისტორიაში სულ სამჯერ გადაიკვეთა და სამივე შეხვედრა ჩვენი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა.
პირველად ეს 1996 წელს მოხდა, როცა ოსლოში, ულევაალ სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში მასპინძლებმა ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, სტალე სოლბაკენის მიერ გატანილი ერთადერთი ბურთის მეშვეობით - 1:0 იმარჯვეს. მაშინ საქართველოს ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე ხელმძღვანელობდა, მატჩს კი 8 910 გულშემატკივარი ესწრებოდა.
1999 წელს საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებები ერთმანეთს კიდევ ორჯერ, ამჯერად უკვე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდნენ. პირველი შეხვედრა თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართა, რომელსაც 15 000 მაყურებელი დაესწრო და მეტოქემ სამბურთიანი სხვაობით - 4:1 იმარჯვა. ვლადიმერ გუცაევის გაწვრთნილი გუნდის მხრიდან ერთადერთი გოლის გატანა მამუკა წერეთელმა მოახერხა. საპასუხო მატჩი კვალავაც ოსლოში, ულევაალ სტადიონზე შედგა და მასპინძლებმა სტეფენ ივერსენის ერთადერთი გოლის მეშვეობით 18 236 მაყურებლის წინაშე - 1:0 იმარჯვეს და საბოლოო ჯამში ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა შეძლეს.
შემადგენლობა
ესპანეთისა და საქართველოს წინააღმდეგ გასამართი შეხვედრების წინ, ნორვეგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, სტალე სოლბაკენის მიერ შერჩეულ შემადგენლობას, რომლის ფეხბურთელთა საშუალო ასაკიც 25.5 წელია, მთავარი ვარსკვლავი, ზემოთხსენებული ერლინგ ჰოლანდი გამოაკლდა.
170 მილიონ ევროდ შეფასებული ვარსკვლავის გამოკლებით, ნორვეგიის ნაკრების ფეხბურთელთა ამჟამინდელი ჯამური ღირებულება 220.6 მილიონ ევროს შეადგენს. მათ რიგებში 30 წელს ზემოთ მყოფი მხოლოდ 2 მოთამაშე, არაუმეტეს 25 წლის კი 14 ფეხბურთელია წარმოდგენილი.
საკმაოდ ახალგაზრდული ნაკრების 14 წევრი (ჰოლანდის ჩათვლით) ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში თამაშობს, ასევე გუნდში რჩეული პორტუგალიური და ნიდერლანდური კლუბების წევრებიც არიან, როგორებიც როტერდამის "ფეიენოორდი" და ლისაბონის "ბენფიკაა", შიდა ჩემპიონატიდან ნაკრებში 7 ფეხბურთელი ხვდება, მთავარი ვარსკვლავი კი ლონდონის "არსენალის" ერთ-ერთი ლიდერი და მეათე ნომერი, მარტინ ოდეგორია, რომელიც გუნდის კაპიტნის სამკლაურსაც ირგებს.
ნორვეგიის ნაკრების შემადგენლობაში ორი ისეთი ფეხბურთელია, რომელიც კლუბებში საქართველოს ეროვნული გუნდის წევრებისა და ლიდერების თანაგუნდელები არიან. ზურიკო დავითაშვილის "ბორდოში" ნორვეგიელთა ცენტრალური მცველი, შტაინ გრეგერსენი, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" კი იმავე პოზიციის მოთამაშე ლეო ოსტიგორი თამაშობს.
რაც შეეხება ნორვეგიის ნაკრების სრულ შემადგენლობას ის ასეთია:
მეკარეები: ორიან ნილანდი (ლაიპციგი), იაკობ კარლსტრიომი (მიოლდე), ეგილ სელვიკი (ჰაუგესუნი).
მცველები: კრისტოფერ აიერი (ბრენტფორდი), ბირგერ მელინგი (რენი), სტიან გრეგერსენი (ბორდო), ანდრეას ჰანჩე-ოლსენი (მაინცი), მარკუს პედერსენი (ფეიენოორდი), იულიან რიერსონი (დორტმუნდი), სტეფან სტრანდბერგი (ვალერენგა), ლეო ოსტიგორი (ნაპოლი).
ნახევარმცველები: ფრედრიკ აურსნესი (ბენფიკა), პატრიკ ბერგი (ბოდო გლიმტი), სანდერ ბერგე (შეფილდ იუნაიტედი), ოლა ბრინდჰილდესნი (მიოლდე), მატს მიოლერ დაელი (ნიურნბერგი), მოჰამედ ელიონუსი (საუთჰემპტონი), ოლა სოლბაკენი (რომა), მორტენ თორსბი (უნიონ ბერლინი), კრისტიან თორსტვეიდტი (სასუოლო), უგო ვეტლესენი (ბოდო გლიმტი), მარტინ ოდეგორი (არსენალი).
თავდამსხმელები: ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი), იორგენ სტრანდ ლარსენი (სელტა), ალეკსანდერ სორლოტი (სოსიედადი).
მთავარი მწვრთნელი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნორვეგიის ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, წარსულში ყოფილი ფეხბურთელი, სტალე სოლბაკენია, რომელსაც საქართველოს ნაკრების კარში გოლიც აქვს გატანილი.
ფეხბურთელის კარიერის განმავლობაში სტალე სოლბაკენი უმეტესად შიდა ჩემპიონატში თამაშობდა, თუმცა ამპლუით ცენტრალურ ნახევარმცველს, რომელმაც "კოპენჰაგენთან" და "ოლბორგთან" ერთად თითო-თითოჯერ დანიის სუპერლიგა მოიგო, ასევე ინგლისის პრემიერ ლიგაში, "უიმბლდონის" (ამჟამინდელი "მილტონ კეინ დონსი") რიგებშიც უთამაშია.
რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, სტალე სოლბაკენი ამ მიმართულებით ფეხბურთელის კარიერის დასრულებიდან 1 წლის შემდეგ, 2002 წლიდან მუშაობს და მისი პირველი ნაბიჯი, როგორც ფეხბურთელის კარიერაში ერთ-ერთი პირველი კლუბის "ჰამკამის" 3 წლის განმავლობაში გაწვრთნა იყო.
მოგვიანებით, ის ნორვეგიის ნაკრებში აგე ჰარეიდეს, შემდეგ კი ნილს იოჰან სემბის ასისტენტი გახდა.
2006 წლიდან მან უკვე მაღალ დონეზე მუშაობა დაიწყო და ოთხწელიწადნახევრის განმავლობაში "კოპენჰაგენის" თავკაცი გახლდათ, რის მერეც უკვე გერმანიაში გადაბარგდა და ბუნდესლიგის ბინადარ "კიოლნს" ჩაუდგა სათავეში, რაც წარმატებული ნაბიჯი არ გამოვიდა და "თხები" მე-17 ადგილით მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდნენ.
მომდევნო სეზონში ნორვეგიელი სპეციალისტი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა და "ვულვერჰემპტონს" ჩაუდგა სათავეში, თუმცა ვერც ამ ნაბიჯმა გაამართლა, გუნდი შუა სეზონში დატოვა, "მგლები" კი საბოლოო ჯამში ჩემპიონშიფში დაქვეითდნენ.
ევროპაში მოგზაურობის შემდეგ, სტალე ნაცნობ გარემოში დაბრუნდა და 2013 წელს ისევ "კოპანჰაგენს" ჩაუდგა სათავეში, სადაც კიდევ 7 წელიწადი გაატარა და მთლიანობაში, დანიურ კლუბს ორივე მისვლაზე ერთად 604 მატჩში უხელმძღვანელა.
ტიტულების ყულაბას თუ გადავხედავთ, სტალე სოლბაკენს 8-ჯერ დანიის სუპერ ლიგა და ამდენჯერვე ქვეყნის თასი აქვს მოგებული.
რაც შეეხება ნორვეგიის ნაკრებში უკვე მთავარი მწვრთნელის რანგში მისვლას, ეს 2020 წლის 7 დეკემბერს მოხდა და მას შემდეგ გუნდს 22 შეხვედრაში უხელმძღვანელა, საიდანაც 12 მათი გამარჯვებით დასრულდა, ხუთჯერ მეტოქე აღმოჩნდა უკეთესი, ხუთ შეხვედრაში კი ფრე დაფიქსირდა.