ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელი: "ძლიერ მეტოქესთან, საოცარ გარემოში, რთული თამაში გველოდება"
უეფას 2023 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის მესამე ტურში საქართველოს ეროვნულ გუნდთან დაპირისპირების წინ, ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ერვინ ვან დერ ლოიმ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.
"ვფიქრობ საქართველოს ნაკრებს დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ჩვენ ამან არ უნდა შეგვაშინოს და ჩვენი ფეხბურთი ვაჩვენოთ. იმ ატმოსფეროთი, რომელიც "დინამო არენაზე" იქნება, მხოლოდ უნდა ვისიამოვნოთ და წარმატების მიღწევას შევეცადოთ.
წინა მატჩში ტიმბერის ცვლილება საქართველოს ნაკრებთან ვერ თამაშის გამო არ იყო განპირობებული, უბრალოდ თავი დავიზღვიეთ, რადგან იმ მატჩში მსაჯი საკმაოდ მარტივად აჩვენებდა ბარათებს. ხვალინდელი მატჩისთვის დავაკვირდებით, თუ რომელი ფეხბურთელი როგორ ფორმაში იქნება და შემადგენლობაში ცვლილებებს ამის მიხედვით განვახორციელებთ.
ეჭვები არ მაქვს ხვალინდელი მატჩის შემადგენლობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, სასტარტო თერთმეტეულში ყველა მოთამაშე მზად იქნება. რთული შეხვედრა გველის, რადგანაც საქართველო ძლიერი ნაკრებია, რომელსაც ქომაგები მხარს უმაგრებენ.
ვფიქრობ, სავსე სტადიონზე საკმაოდ რთულია ფეხბურთელებისთვის ხმის მიწვდენა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ხვალინდელ მატჩში ჩვენს შორის კომუნიკაცია ცოტა რთული იქნება. ამ ტურნირზე ხვალ ჩვენთვის პირველი მატჩი იქნება, რომელსაც სავსე ტრიბუნების წინაშე ვითამაშებთ.
ვფიქრობ, საწყის ორ მატჩში ჩვენ ჩვენი სტილი, დომინანტური ფეხბურთი ვაჩვენეთ, თუმცა მომენტების რეალიზება გვიჭირდა. აქამდე ეს პრობლემა არ გვქონია, მაგრამ ბოლო ორ შეხვედრაში ასეა და ამ კომპონენტის გამოსწორების გარეშე შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი არ გვექნება", - თქვა ერვინ ვან დერ ლოიმ.
საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრებების მატჩი 27 ივნისს, “დინამო არენაზე” გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.