Belive

ნიდერლანდები Vs. ინგლისი | PREVIEW

4 თვის წინ ფეხბურთი
3 წთ

ესპანეთის ნაკრებისა და ლუის დე ლა ფუენტეს ტრიუმფის შემდეგ, დღეს ევრო 2024-ის მეორე ფინალისტის ვინაობას შევიტყობთ. ბოლო 5 წელიწადში მეორედ, ნიდერლანდები და ინგლისი ერთმანეთს ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან - წინა შეხვედრა 2019 წელს, ერთა ლიგაზე შედგა, როდესაც დამატებით დროში, ნარინჯისფრებმა გაიმარჯვეს (3:1).

დღევანდელი შეხვედრა გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობის მატარებელია. საერთოდაც, ინგლისისა და ნიდერლანდებს შორის დიდ ტურნირებზე თამაშებს ბოლო 25 წელიწადში მოკლებულები ვართ. 1996 წლის შემდეგ, ამ ორმა ერთმანეთში 8-ჯერ ითამაშა და ყველა შეხვედრა ამხანაგური გახლდათ.

1996 წლის თამაში ვახსენეთ და მეტი დეტალი უნდა გაგიზიაროთ: 1996-ში, ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ. ერთ მხარეს ვან დერ სარი, ბლინდი, ზეედორფი, დე ბური და ბერგკამპი, აქეთ შირერი, შერინგემი, გასქოინი, მაკმანამანი. იმ მატჩში საუთგეიტიც თამაშობდა. დიდი ფეხბურთი გაჩაღდა, მაგრამ ტრადიციული, ბრიტანული, 4-4-2 ტაქტიკით მოთამაშე ინგლისმა, შირერისა და შერინგემის დუბლით, 4:1 გაიმარჯვა.

დღეს ამდენ გოლს ნაკლებად ველოდებით. ევრო 2020-ის ფინალისტი ინგლისი ფრთხილი გუნდია, რომელმაც სანახაობრივი თვალსაზრისით, ვერავინ მოხიბლა. მეორე მხრივ, საუთგეიტის მთავარი იარაღი კრიტიკოსებთან მხოლოდ დიდი შედეგის მიღწევა შეიძლება გახდეს - გამარჯვებულებს ხომ არ ასამართლებენ.

რაც შეეხება ნიდერლანდებს - ასე შორეულ ეტაპზე გუნდი 2004 წლის შემდეგ არ ყოფილა. ნიდერლანდებს ფავორიტთა შორის არ ასახელებენ, თუმცა ეს პრობლემას ნაკლებად წარმოადგენს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ კუმანის გუნდი ტურნირის ფარული ფავორიტია: კარგი მეკარით, შესანიშნავი დაცვით, ლიდერების გარეშე დარჩენილი ნახევარდაცვითა და სწრაფი, შემოქმედითი წინა ხაზით მოთამაშე, თითქოსდა დაუბალანსებელი, მაგრამ ძალიან სახიფათო გუნდით, რონალდ კუმანი ტურნირის მოგებას უმიზნებს.

"ორი დიდი ქვეყანა ერთმანეთს დაუპირისპირდება, წინ ისტორიული ღამე გველოდება. თუკი ჩვენს შინაგან სულსა და ერთიანობას ვაჩვენებთ, მჯერა რომ ფინალშიც გავალთ და ტურნირსაც მოვიგებთ", - თქვა რონალდ კუმანმა.

სავარაუდო შემადგენლობა

ნიდერლანდები: ვერბრუგენი; დუმფრისი, დე ვრეი, ვან დაიკი, აკე; სხაუტენი, სიმონსი, რეინდერსი; მალენი, დეპაი, გაკპო

ინგლისი: პიკფორდი; უოლკერი, სტოუნსი, გეჰი; საკა, მეინუ, რაისი, შო; ბელინგემი, ფოდენი; კეინი.

გზა ნახევარფინალისკენ

ნიდერლანდები

D ჯგუფი
2-1 vs პოლონეთი (გაკპო 29, ვეგჰორსტი 83; ბუკსა 16)
0-0 vs საფრანგეთი
2-3 vs ავსტრია (გაკპო 47, დეპაი 75; მალენი (სკ) 6, შმიდი 59, საბიცერი 80)

1/8 ფინალი
3-0 vs რუმინეთი (გაკპო 20, მალენი 83, 90+3)

1/4 ფინალი
2-1 vs თურქეთი (დე ვრეი 70, მერტ მიულდური (სკ) 76; სამეთ აკაიდინი 35).


ინგლისი

C ჯგუფი
1-0 vs სერბეთი (ბელინგემი 13)
1-1 vs დანია (კეინი 18; იულმანი 34)
0-0 vs სლოვენია

1/8 ფინალი
2-1 vs სლოვაკეთი (ბელინგემი 90+5, კეინი 91; შრანცი 25)

1/4 ფინალი
1-1 | 5-3 (პ) vs შვეიცარია (საკა 80; ემბოლო 75).

სხვა სტატიები