Belive

სკანდალი მატჩის ჩაწყობის გამო და ცუდი ისტორია ჯუდ ბელინგემთან - ვინ არის ფელიქს ცვაიერი?

2 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ინგლისისა და ნიდერლანდების ნახევარფინალურ დაპირისპირებას განსჯის გერმანელი არბიტრი, რომელსაც ოდესღაც მსაჯობა აკრძალული ჰქონდა და ჯუდ ბელინგემთან პირადი უთანხმოება აკავშირებს. UEFA-მ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ერთი ნახევარფინალური მატჩის მსაჯი ფელიქს ცვაიერი იქნებოდა.

ცვაიერს, 2006 წელს, მისი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ, ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მიანიჭა, რადგან მუშაობდა რობერტ ჰოიზერის თანაშემწედ იმ შეხვედრაში, რომელიც დადგინდა, რომ გარიგებული იყო და ორივე მსაჯი დამნაშავედ ცნეს. 2004 წელს, "ვუპერტალსა" და "ვერდერ B"-ს მატჩის ჩაწყობის საქმეზე, გამოძიებამ დაადგინა, რომ მან ჰოიზერისგან 300 ევრო მიიღო. ცვაიერის ფეხბურთისგან მხოლოდ 6 თვით ჩამოშორება იმის დამსახურებაა, რომ მან ბრალი აღიარა, ჰოიზერს კი მსაჯობა სამუდამოდ აუკრძალეს.

ჯუდ ბელინგემის დაჯარიმება ფელიქს ცვაიერის გამო

2021 წელს დორტმუნდის "ბორუსია" "ბაიერნთან" 2:3 დამარცხდა, მაშინ ბელინგემი ბორუსიას ღირსებას იცავდა და ამ შეხვედრის არბიტრი სწორედ ცვაიერი იყო. 2:2-ზე, მსაჯმა დორტმუნდელების კარში პენალტი დანიშნა (ჰუმელსის ხელით თამაშის გამო), ბაიერნმა სწორედ ამ გატანილი თერთმეტმეტრიანით მოიგო შეხვედრა. მატჩის დასრულების შემდეგ, ჯუდ ბელინგემმა ცვაიერი მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.

ჩემთვის ეს არ იყო პენალტი, ჰუმელსი არც კი უყურებდა ბურთს, ის უბრალოდ პოზიციის მოსაგებად იბრძოდა და მას ხელი უბიძგეს. აქ დარღვევას ვერ ვხედავთ, მაგრამ ვხედავთ უამრავ არასწორ გადაწყვეტილებას მსაჯების მხრიდან.

თქვენ, გერმანიაში ყველაზე დიდ დაპირისპირებას ანდობთ კაცს, რომელიც თამაშებს აწყობდა და სხვას რას ელით? - ჯუდ ბელინგემმა ეს განცხადება მოედანზევე, თამაშის დამთავრებისთანავე გააკეთა

ამ სიტყვების გამო, ბუნდესლიგამ ბელინგებს ფულადი ჯარიმა დააკისრა. თავად ცვაიერმა კი ინგლისელს უპასუხა და თქვა, რომ ფეხბურთელის ნათქვამი ზედმეტად პირადული, დამამცირებელი და უპატივცემულობის გამომხატველი იყო. დღეს, ცვაიერისა და ბელინგემის გზები ისევ გადაიკვეთება, ფინალის საგზურისთვის ინგლისი და ნიდერლანდელები იბრძოლებენ, ცვაიერი კი მატჩის მთავარი არბიტრი იქნება.

სხვა სტატიები