Belive

New York Times | მამარდაშვილი - ქართველი კლდეკაცი

5 თვის წინ ფეხბურთი
5 წთ

საქართველოს სენსაციურ გამოსვლას ევრო 2024-ზე New York Times-მა არაერთი სტატია მიუძღვნა და ამჯერად, ცნობილი ამერიკული გამოცემის ყურადღება ჩვენი კარის ყველაზე საიმედო დარაჯმა, გიორგი მამარდაშვილმა მიიქცია.


ქართველი კლდეკაცი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახლდათ. 4 მატჩში, გიორგი მამარდაშვილმა თავი 30 სეივს მოუყარა, რაც 2008 წლის შემდეგ საუკეთესო შედეგს წარმოადგენს: ევრო 2008-ზე, რუსმა იგორ აკინფეევმა, 32 სეივი შეასრულა. თუმცა, მამარდაშვილის ჰეროიკული შედეგი გასაკვირი არ აღმოჩნდა მათთვის, ვინც მის ასპარეზობას "ვალენსიაშიც" ადევნებდა თვალს.

23 წლის მამარდაშვილი გერმანიაში ლა ლიგის ტოპ მოთამაშის სტატუსით ჩავიდა. მოსალოდნელი გოლების კომპონენტის გათვალისწინებით, მან საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან ლა ლიგის მეკარეებს შორის ყველაზე მეტჯერ იხსნა - ასეთ ფორმაში შეხვდა მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატსაც.

ტურნირის დაწყებამდე, იგი არაერთი ევროპული კლუბის რადარზე მოხვდა, მათ შორის არიან "ნიუკასლი", "ატლეტიკო", "რეალი", "ბაიერნი" და "ინტერი". მამარდაშვილის გამოსარჩევი ასპარეზობა მისდამი ინტერესს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს.

ევროპის ჩემპიონატზე, ყველაზე ახალგაზრდა მეკარეებს შორის მე-3 ადგილს იკავებს და "ვალენსია" მას დაახლოებით €50 მილიონად აფასებს. ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული, მისი გამოსასყიდი თანხა კი €100 მილიონს შეადგენს. ტოპ კლუბები მისით დაინტერესებულები არიან, თუმცა ჯერჯერობით, "ვალენსიასთვის" ოფიციალური შეთავაზებით არ მიუმართავთ.

"ბაიერნში" გადასვლასთან დაკავშირებით, მამარდაშვილმა ღია და მკაფიო განცხადება გააკეთა: ის მხოლოდ იმ გუნდში გააგრძელებს კარიერას, სადაც ძირითად შემადგენობაში ითამაშებს.

ბაიერნში კვლავ მსოფლიოში საუკეთესო მეკარე თამაშობს. შესაბამისად, გერმანიაში გადასვლა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ბაიერნში იმ შემთხვევაში გადავალ, თუკი ვითამაშებ. - გიორგი მამარდაშვილი

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, მამარდაშვილმა 21 სეივი შეასრულა: 8-ით მეტი, ვიდრე მეორეადგილოსანმა. საოცარი შედეგები ჰქონდა ლა ლიგაშიც: ქართველმა მეკარემ 38-დან 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაუშვა 34 გოლი, კარი მშრალად 13 შემთხვევაში შეინახა და 6-დან 3 პენალტი მოიგერია. ასეთი შედეგი 2020/21 წლების შემდეგ პირველად ვიხილეთ.

მამარდაშვილის სვლა ევროპის საუკეთესო მეკარის წოდებამდე დიდი შრომის, მონდომებისა და შანსის მიღებისთანავე თავის გამოჩენის შედეგია. "დინამო თბილისში" 9 წელიწადი გაატარა - კლუბში, რომელმაც საქართველოს ნაკრებს არაერთი ვარსკვლავი აღუზარდა (მაგალითად, გიორგი ქინქლაძე და ხვიჩა კვარაცხელია). მამარდაშვილის მამა, დავითი, ასევე მეკარე იყო და მოგვიანებით, მეკარეების მწვრთნელად მუშაობდა.

მამარდაშვილი ჯერ "რუსთავში", შემდეგ კი "ლოკომოტივში" გაანათხოვრეს, სადაც იგი წლის საუკეთესო მეკარედ დასახელდა (2020). იმავე წელს, "ლოკომოტივი" ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანურ "გრანადას" დაუპირისპირდა, სადაც მამარდაშვილმა "ვალენსიას" ყურადღება მიიპყრო.

"გავიგე, რომ თბილისის ლოკომოტივში საოცარი მეკარე თამაშობდა და მასზე დაკვირვება დავიწყე. გრანასთან" მატჩის შემდეგ, დავუკავშირდი ატლეტიკოს, ბარსელონას, ჟირონას, ვილიარეალს, ბეტისს, მაგრამ ქართველი მეკარე მათ ინტერესს არ აღძრავდა. ეს მე მამწარებდა, რადგან ვიცოდი, თუ რა დონის მოთამაშეზე იყო საუბარი", - იხსენებს ანტონიო ლოპესი. ის გახლავთ აგენტი, რომელმაც მამარდაშვილი "ვალენსიაში" ჩაიყვანა.

2021 წლის ზაფხულში, მამარდაშვილი "ვალენსიამ" იჯარით აიყვანა იმ პირობით, რომ სეზონის ბოლოს, მის შეძენას €800,000-ად შეძლებდა.

გეგმა ასეთი გახლდათ: მამარდაშვილს სარეზერვო გუნდთან ერთად უნდა ეთამაშა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ გუნდის პირველ და მეორე მეკარეებს ტრავმა აწუხებდათ, ასევე იმის ფონზე, რომ წინასასეზონო შეკრებაზე მამარდაშვილმა თავი გამოიჩინა, ქართველი მეკარე ლა ლიგის გამხსნელ ტურში ძირითად შემადგენლობაში დააყენეს - "ხეტაფესთან" მატჩში, მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა.

იასპერ სილესენის ფორმაში ჩადგომის შემდეგ, მამარდაშვილმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, მაგრამ სასტარტო 11-ეულში 2022 წლის თებერვალში კვლავ ვიხილეთ. მას შემდეგ, მამარდაშვილი გუნდის უცვლელი წევრი გახდა.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ვილი სანიოლი, მამარდაშვილს "ფანტასტიკურ მეკარეს" უწოდებს. სანიოლმა მამარდაშვილი ნაკრებში ჯერ კიდევ მაშინ იხმო, როდესაც იგი "დინამო თბილისის" სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

ვუთხარი: თუკი დიდ ფეხბურთელებთან ერთად ყოველდღიურად ივარჯიშებ, აუცილებლად უკეთესი გახდები. "ვალენსიას" ორი მეკარე მალევე დაიმტვრა, მესამე მეკარეს კარგი სტარტი არ ჰქონდა, შედეგად, მამარდაშვილმა შანსი მიიღო და გამოიყენა კიდეც. 3 წლის შემდეგ, ჩემთვის, იგი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და ამას ყოველ მომდევნო მატჩში ამტკიცებს. - ვილი სანიოლი

მამარდაშვილზე დადებითად საუბრობს დევიდ უებიც - ვილი სანიოლის ერთ-ერთი ასისტენტი.

"ევრო 2024-ზე შესანიშნავი იყო. ჩეხეთთან მატჩში საუკეთესოდაც დასახელდა. ის შესანიშნავი კომუნიკატორია, კარგად გამოდის კარიდან მაღალ ჩაწოდებებზე და უზომოდ ბევრს შრომობს ვარჯიშზე. ასეთ მოკლე პერიოდში მიღებული პროგრესი განსაკუთრებული შედეგია და სწორედ ამიტომაც აფასებენ მას ევროპაში". - დევიდ უები

მიმდინარე ზაფხულის დასაწყისში, "ვალენსიამ" "რაიო ვალეკანოდან" ჩრდ. მაკედონიელი მეკარე, სტოლე დიმიტრიევსკი დაიმატა. ეს შეიძლება იყოს იმისი მანიშნებელი, რომ "ვალენსია" ახალი ცხოვრებისთვის ემზადება - ეს კი იმ შემთხვევაში, თუკი გუნდის მფლობელი, პიტერ ლიმი, ისეთ შეთავაზებას მიიღებს, რომელზე უარის თქმაც გაუჭირდება.

სხვა სტატიები