ნეიმარის მორიგი ტრავმა | ბრაზილიელის მუნდიალზე თამაში საეჭვოა
ბრაზილიელმა შემტევმა ნეიმარმა მუხლის ტრავმა მიიღო და 2025 წელს ვეღარ ითამაშებს, ინფორმაციას ბრაზილიური გამოცემა Geglobo აქვეყნებს. წყაროს ცნობით, 33 წლის ფეხბურთელმა დისკომფორტი მირასოლის წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ იგრძნო და მომდევნო ტურის შეხვედრა, ინტერნასიონალთან გამოტოვა.
ნეიმარმა გამოკვლევები უკვე ჩაიტარა, მაგრამ დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ სანტოსს მიმდინარე სეზონის ბოლომდე 3 მატჩი აქვს დარჩენილი, რომლებსაც უახლოეს 2 კვირაში ჩაატარებს, სწორედ მომდევნო შეხვედრებში გადაწყდება გუნდი დარჩება უმაღლეს დივიზიონში თუ დაქვეითდება. სანტოსი ამ დროისთვის 38 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში იმყოფება, მას ვიტორია უსწრებს, რომელსაც 1-ით მეტი ქულა აქვს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ნეიმარმა უამრავი ტრავმა მიიღო, 2023 წლის ოქტომბერში მას მარცხენა მუხლის წინა ჯვარედინი მყესის ოპერაცია ჩაუტარდა და ამის შემდეგ ფორმაში დაბრუნება ვეღარ შეძლო.
2025 წელს მისი ტრავმები ასე გამოიყურება:
მარტი, აპრილი: მარცხენა ბარძაყის კუნთის ტრავმა.
სექტემბერი: მარჯვენა ბარძაყის კუნთის ტრავმა.
ნოემბერი: მარცხენა მუხლის დაზიანება.
რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს, ნეიმარის ასპარეზობა საეჭვოა, რადგან მარტში ბრაზილია 2 თამაშს ჩაატარებს, ამის შემდეგ კი უკვე მუნდიალი დაიწყება. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ამასთან დაკავშირებით კომენტარი უკვე გააკეთა.
ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატზე შესაძლო მოთამაშეთა სიაშია. ახლა, საბოლოო სიამდე ექვსი თვეა დარჩენილი. ჩვენ როგორც მას, ასევე სხვებსაც უნდა დავაკვირდეთ, რათა დავინახოთ ვინ არის მზად და ვინ არა. - კარლო ანჩელოტი - ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
🚨Neymar sofre lesão no joelho e não deve mais jogar em 2025 ➡️ https://t.co/hmbdfhL9hy
— ge (@geglobo) November 25, 2025
📸 Reprodução pic.twitter.com/bKOS1QUPFI