Belive

ნაპოლის განცხადება: "ფეხბურთელის მომავალს აგენტები და მამები არ წყვეტენ"

6 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

კვარაცხელია არ იყიდება, ფეხბურთელის მომავალს აგენტები და მამები კი არა, კლუბი წყვეტს - ასეთია საფეხბურთო კლუბ "ნაპოლის" პასუხი იტალიურ მედიაში უკვე ფართოდ განხილვად ამბავთან დაკავშირებით, რომელიც მამუკა ჯუღელისა და ბადრი კვარაცხელიას განცხადებებს მოჰყვა.

რა მოხდა

ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა და მამამ, "ნაპოლის" ფეხბურთელის მომავალზე ღიად ისაუბრეს. ჯუღელის თქმით, ხვიჩას ნეაპოლში დარჩენა აღარ სურს და "მთელი ოჯახი ევროპის ჩემპიონატის დასრულებას ელოდება".

ნაპოლის რა გეგმებიც აქვს, 60%-თაც რომ შესრულდეს, ვამბობ, რომ ისევ ჩემპიონები გახდებიან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კვარაცხელიას იქ დარჩენა უნდა. ჩვენ წასვლა გვინდა, მაგრამ მთელი ოჯახი ევროპის ჩემპიონატის დასრულებას ველოდებით. ხვიჩას ამ თემაზე არ ველაპარაკებით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტული ჩემპიონთა ლიგის გუნდია. ყველაზე ცუდი ისაა, რომ კვარა ერთ წელიწადს კარგავს, რადგან გუნდი ევროტურნირზე ვერ მოხვდა. - მამუკა ჯუღელი

"ნაპოლიდან" წასვლის სურვილს ადასტურებს ბადრი კვარაცხელიაც.

სიმართლე გითხრათ, არ მინდა, რომ ხვიჩა ნაპოლიში დარჩეს. გუნდმა წელიწადში 4 მწვრთნელი გამოიცვალა, რაც ამას მაფიქრებინებს. მაგრამ ხვიჩა გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. - ბადრი კვარაცხელია

ნაპოლის პასუხი

ბუნებრივია, ჯუღელისა და კვარაცხელიას საუბარი იტალიური მედიის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. შექმნილი აჟიოტაჟის საპასუხოდ, "ნაპოლიმ" პირდაპირი და მკაფიო გზავნილი გაავრცელა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი კიდევ 3 წლის განმავლობაში აკავშირებს. კვარაცხელია არ იყიდება. "ნაპოლისთან" მოქმედი კონტრაქტის მქონე ფეხბურთელის მომავალს აგენტები და მამები კი არა, კლუბი წყვეტს! ამბის დასასრული. - ნაპოლის განცხადება

ხვიჩა და ნაპოლი

"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე, ახალი პროექტის შესაქმნელად ემზადება და მის გეგმებში კვარაცხელიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. Sky-ის ინფორმაციით, "ნაპოლიმ" "პარი სენ-ჟერმენის" შემოთავაზებაზე (€100 მილიონი) უარი განაცხადა. პარიზული გუნდის ინტერესი მამუკა ჯუღელმაც საჯაროდ დაადასტურა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულ მედიასთან მამუკა ჯუღელის ნასაუბრები იტალიაში რეზონანსული გახდა. მიმდინარე წლის დასაწყისში, ჯუღელმა ოსიმენის სამომავლო ტრანსფერთან დაკავშირებით ისაუბრა, რის გამოც, ნიგერიელი ფორვარდი მას საჯაროდ დაუპირისპირდა.

მაშინ მე წინასწარ გეტყვი: ოსიმენი ზაფხულში წავა არაბეთში. გაუკეთეს ოსიმენს ხელფასი და ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, არაბეთში არ წავა. ხვიჩა წავა რეალში, ბავარია... ბარსელონა, მანჩესტერ სიტი. ხვიჩას სხვა გემოვნება და სხვა ცხოვრებისეული ტვინი აქვს. - მამუკა ჯუღელი

ვიქტორ ოსიმენმა ჯუღელს სიტყვიერი შეურაცხყოფით უპასუხა: "ძვირფასო მამუკა ჯუღელო, ამაზრზენი და სამარცხვინო ხარ. შენი აზროვნების მრცხვენია. იდიოტო. ჩემი სახელი აღარ ახსენო".

სხვა სტატიები