ნაპოლის ჩემპიონობა თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსის თვალით
რობერტ დელ ნაია, ასევე ცნობილი, როგორც 3D. მისი დაარსებულია ინგლისური ტრიპ ჰოპ ჯგუფი, Massive Attack. ეს ჯგუფი არ არის ისევე მასობრივად პოპულარული, როგორც, მაგალითად, Coldplay, მაგრამ მის გამორჩეულ ბითებს, ორიგინალურ ჟღერადობასა და ტექსტების სიღრმეს მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს. როგორც გაირკვა, თავად დელ ნაია იტალიური "ნაპოლის" ერთგული ქომაგია და 30-წლიანი პაუზის შემდეგ მოპოვებული სკუდეტოს შესახებ აღტაცებული საუბრობს.
მისი Instagram გვერდი განსხვავებული და მრავალფეროვანია: გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია გლაზგოში, ნავთობკომპანიების წინააღმდეგ გამართული აქცია ლონდონში, ომში ჩაფლული კიევი და სხვ. ერთ დღესაც, მისი სოციალური და პოლიტიკური პოსტები "ნაპოლის" ფერებში გახვეულმა ფოტოებმა ჩაანაცვლა.
“დიდი დრო გავიდა, სანამ ეს დღე დადგებოდა. მთელი ამ დრამის ნაწილია ისიც, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი, ", - ამბობს დელ ნაია.
30 აპრილს, დიეგო მარადონას ცნობილი მურალიდან, ვეზუვის მიმართულებით, პილიგრიმელივით გაეშურა, რათა მოზეიმე ქალაქისთვის შორიდან შეეხედა. "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "სალერნიტანას" მასპინძლობდა და ამარცხებდა კიდეც, თუმცა 84-ე წუთზე, ბულაიე დიას მიერ გატანილმა გოლმა, ქალაქს ზეიმი დროებით ხელიდან გამოაცალა.
"სალერნიტანასთან მატჩი ბერძნულ ტრაგი-კომედიას წააგავდა. თუმცა "უდინეზესთან" გამარჯვების შემდეგმ ემოციები ცას სწვდებოდა", - იხსენებს იგი.
ეს იყო სიგიჟის დონემდე მიღწეული, მშვიდობიანი და სპონტანური მხიარულება. პიაცა დელ პლებისჩიტომდე მიმავალ გზაზე, დელ ნაია შეხვდა ადამიანებს, რომლებიც ბედნიერებას გამოხატავდნენ - მღეროდნენ და სხვადასხვა საფეხბურთო რიტუალებს ასრულებდნენ.
ფეხბურთისგან გამოწვეული ექსტაზი უცნაურ შეგრძნებას იწვევდა - სულ ცოტა ხნით ადრე, დელ ნაია უკრაინას ეწვია.
"ინსტაგრამზე ამდენი ფოტოსა და ვიდეოს განთავსების შემდეგ, გადავხედე ჩემს პირად გვერდს და ვიფიქრე: ღმერთო ჩემო, ეს არის გზა უკრაინაში რუსეთის არაჰუმანური შეჭრიდან ნეაპოლის ისტორიულ ზეიმამდე, გაცნობიერებიდან სიგიჟემდე. საერთო ჯამში, ეს ის არის, რაც გაღელვებს, რისიც გწამს.
შემოქმედით პროცესს ყოველთვის ის განსაზღვრავს, რაც სტუდიის მიღმა, სამყაროში ხდება. საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ პირადი შეგრძნებები მუსიკაში ავსახოთ. ინსტაგრამიც კი იმ შეგრძნებების, იდეების, რწმენისა და მიზეზების ერთობლიობაა, რომლისაც გვწამს".
"ნაპოლის" ჩემპიონობაში, ცხადია, პოლიტიკური განზომილებაც იკვეთება. როგორ შეიძლება სხვაგვარად იყოს, როდესაც წლების განმავლობაში, კულტურულად განსხვავებული, დამცირებული და დისკრიმინირებული ქალაქი, ელიტაზე მაღლა დგება?
დელ ნაიამ ნეაპოლში 10 დღე გაატარა. ამ პერიოდში, რეგიონის ისტორიას თვალი გადაავლო დაუძველეს, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურებულ ქალაქს (ძვ. წ. 79), პომპეის ეწვია.
"ეს არის სიმბოლო იმ იდეის, რომ მსოფლიო ამოყირავდა. ყველაფერი შეცვლილია, მათ შორის, ძალაუფლების ცენტრიც. "ფიორენტინასთან" მატჩში, "ნაპოლის" გულშემატკივარმა იტალიის სამფეროვანი დროშა უკუღმა გამოფინა. გულშემატკივარს მუქი ლურჯი, თეთრი და ღია ლურჯი ფერებით გაწყობილი დროშებიც ეკავა ხელში, რომელიც ნეაპოლის ძველბერძნულ საწყისებს მიანიშნებდა.
ნეაპოლელები სხვებს მაღლიდან არ უყურებენ - არა, ისინი საკუთარ წარსულს უსვამენ ხაზს, რომელიც ბერძნების, რომაელების, სარკინოზების, ფრანგების, ესპანელებისა და არაბების კულტურის შესანიშნავ ნაზავს, გავლენათა საოცარ მოზაიკას წარმოადგენს".
სხვა ევროპული ქალაქებისგან განსხვავებით, სიყვარულისა და სიამაყის მთელი ნაკადი ერთი გუნდისადმი არის მიმართული. დელ ნაია ამ უჩვეულობაზეც ხაზგასმით საუბრობს.
"სხვა ქალაქებში, ხალხს მტრული გუნდისგან განსხვავებული ფერის ტანსაცმელი აცვია. ნეაპოლის მოსახლეობა კი ამბობს, რომ აქ ყველა ერთიანია. სწორედ ეს ქმნის უნიკალურ საფეხბურთო გარემოს".
დელ ნაიას აზრით, მეორე უნიკალური მახასიათებელი გახლავთ ის, თუ როგორ ირევა წუთები და საუკუნეები ერთმანეთში. Massive Attack-ის მუსიკოსი ნეაპოლელთა ერთ-ერთ საფეხბურთო სიმღერაზე, Siamo figli di Vesuvio-ზე საუბრობს (ჩვენ ვეზუვის შვილები ვართ), რომლის ერთ-ერთი აზრი იმაშია, რომ ულტრასები თავის გუნდს ზეციდან უყურებენ.
"ის, რაც ადრე მოხდა და ახლა ხდება, ერთი და იგივეა. ჩვენ სადღაც შუაში ვიმყოფებით, ვულკანის შემდეგ ამოფრქვევამდე. ამ ქალაქში, სიკვდილი დასასრულს არ ნიშნავს. შენ წახვალ, მაგრამ კვლავ აქ დარჩები. შენი, როგორც გულშემატკივარის იდენტობა, შენთან ერთად არ კვდება".
სიცოცხლეშივე, დიეგო არმანდო მარადონა, ქალაქმა ღმერთად აქცია. ნეაპოლში მიმოფანტული მურალები, მაისურები და ბანერები 10 ნომრის სიწმინდეს გვაუწყებენ. დელ ნაიას დაკვირვებით, დიეგოს გარდაცვალებამ ახალ მიმართულებას დაუდო სათავე.
"ნეაპოლი ცრუმორწმუნე და მისტიკური ქალაქია. ეს არის ერთგვარი სოციალური სეანსი, რომელში თანამონაწილეობას თითოეული ადამიანი გრძნობს, ეს კი მარადონას დამსახურებაა. დღეს ყველას აქვს ფოტოშოპი, ხალხმა კი ძალიან მაგარი ვიზუალების გაკეთება დაიწყო, სადაც დიეგო სკუდეტოს ვიქტორ ოსიმენს ან ხვიჩა კვარაცხელიას გადასცემს. ასევე, ხალხი ძველ მაისურებზე ახალ გვარებს აწერს, რაც წარსულსა და აწმყოს კიდევ ერთხელ აერთიანებს".
როგორ დაუკავშირდნენ ერთმანეთს დელ ნაია და ნეაპოლი?
მომავალი მუსიკოსი ბრისტოლში დაიბადა. 60-იან წლებში, მისი ნეაპოლელი მამა, სამუშაოს საძიებლად, ჩრდილოეთში გადასულა, სადაც ბრიტანელ მეუღლესთან, ენთან ერთად, ბრისტოლში დასახლდა. ახალმა სიყვარულმა ძველი ვერ ჩაანაცვლა.
"ძველ ფოტოს ვინახავ, სადაც მამაჩემი და მისი კოლეგები, შესვენებაზე, სიგარეტს ეწევიან და Gazzetta dello Sport-ს კითხულობენ", - ამბობს დელ ნაია. ინფორმაციის ერთ-ერთი წყარო ადგილობრივი სადალაქოც იყო. 90-იანი წლებიდან, სატელიტური სისტემის დახმარებით, "ნაპოლის" თამაშების ყურება ბრიტანეთშიც გახდა შესაძლებელი.
1991 წლის მარტში, დელ ნაიას მუსიკალურმა ჯგუფმა, Massive Attack-მა, სტუდიური შეთანხმება გააფორმა, რომლის საშუალებითაც, ნეაპოლში პირველად ჩასვლა შეძლო. მისი სტუმრობა არც ისე კარგ დროს დაემთხვა: ზუსტად 1 დღით ადრე, კოკაინის მოხმარების გამო, მარადონამ დისკვალიფიკაცია მიიღო.
"ვერც ვიჯერებდი, რომ მარადონას მოედანზე ვერ ვნახავდი. მის ნაცვლად, ჯანფრანკო ძოლამ ითამაშა. გოლები კარეკამ და ლოთარ მათეუსმა გაიტანეს, მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ეს ნამდვილი ეპოქა იყო, სერია A მსოფლიოს მწვერვალზე იდგა".
"ნაპოლისთვის", წვეულება მაშინ დასრულდა, როდესაც გუნდმა 2 სკუდეტო (1986, 1990) და უეფა-ს თასი (1989) მოიგო. იმ სეზონში, გუნდმა ჩემპიონატი მე-8 ადგილით დაასრულა.
"სამწუხაროდ, ეს ამბები ბრიტანულ ტელევიზიაში იტალიური ფეხბურთის გამოჩენას დაემთხვა. ლიდერობა სხვა გუნდებმა გადაიბარეს. მომდევნო წელს, პოლ გასქოინი "ლაციოში" გადავიდა. იმედგაცრუებული ვიყავი. ყურადღება სხვა გუნდებზე გადავიდა და "ნაპოლის" თამაშს პირდაპირ ეთერში ხილვა რთული იყო.
9 წლის შემდეგ, "ნაპოლი" სერია C1-ში დაქვეითდა, რაც ფინანსური დარღვევებიდან იყო გამოწვეული. სწორედ ამ პერიოდში, გუნდი აურელიო დე ლაურენტისმა შეიძინა და მიზნად მისი აღდგენა დაისახა. 47,000 ერთგულ გულშემატკივართან ერთად, დელ ნაია სეზონის გამხსნელ მატჩს დაესწრო. მას შემდეგ გუნდმა დიდი პროგრესი გაიარა და ბრიტანელმა მუსიკოსმა საყვარელ კლუბს "არსენალის", "რეალისა" და "ჩელსის" წინააღმდეგ თამაშისას უქომაგა.
"დროის სვლასთან ერთად, ამ გუნდისადმი ჩემი ემოციები უფრო და უფრო ძლიერი ხდება. გასული 30 წლის განმავლობაში, აურაცხელი რაოდენობის მაისური და დროშა შევაგროვე. ჩემი ცოლი მეკითხება, რა უნდა უყო ამდენ ნივთსო. პასუხი არ მაქვს, თუმცა ის ვიცი, რომ ჩემთან იქნება".
ნეაპოლი, მაფია და ადგილობრივ კულტურა
ცხადია, ნეაპოლი მხოლოდ ფეხბურთთან არ ასიცორდება. დელ ნაიამ დაწერა მუსიკა ფილმისთვის "გომორა" (რეჟისორი: მატეო გარონე). ფილმი რობერტო სავიანოს წიგნზე დაყრდნობით არის გადაღებული და იგი ნეაპოლური მაფიის ამბებს ასახავს. დელ ნაია დანანებით აღნიშნავს, რომ ამავე დასახელების სატელევიზიო სერიალმა "კამორას" წევრები მიმზიდველად წარმოაჩინა, მაშინ როდესაც ყურადღება კორუფციის გამომწვევ მიზეზებზე, ხელისუფლების სათავეში მყოფ ადამიანებზე უნდა ყოფილიყო გამახვილებული და არა კონკრეტულ სოციალურ კლასზე.
ერთი რამ, რაც ნეაპოლის ცხოვრებაში შეიცვალა, არის ის, რომ ქალაქი უცხო ადამიანებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდა.
"ადრე, "ესპანურ უბანში", ტურისტები უსაფრთხოდ ვერ გაივლიდნენ, ახლა კი ფეხით სეირნობა თავისუფლად შეიძლება. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ მოზეიმე ბანერების გვერდით, ანტი-ტურისტული სენტიმენტებიც შევნიშნე და ეს გასაგებიცაა: ხალხი გადის პროცესს, სადაც საკუთარ ტერიტორიას გასართობ და ტურისტულ ინდუსტრიას უთმობს. დღეს აქ ნახავთ საკრუიზო გემებს, რომლებიც ნეაპოლის პორტში შემოდიან. ასე რომ, ყველაფერს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს, ამ პროცესს კი დაძაბულობა სდევს თან".
ნეაპოლელთა წინააღმდეგობა და ლოკალური კულტურის შენარჩუნების მცდელობა "დიეგო არმანდო მარადონაზე" მიმდინარე წლის დასაწყისში ვიხილეთ. გაზაფხულზე, ერთ-ერთ მატჩში, ულტრასებმა სიმღერა შეწყვიტეს. მიზეზი გახლდათ ის, რომ გუნდის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, სტადიონზე ფერადი ბოლის გამშვები ბოლის, მეგაფონებისა და არაოფიციალური დროშების შეტანის წინაამღდეგია.
"ცხადია, სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა თავი დაცულად უნდა იგრძნოს, თუმცა ბუნებრიობის, თვითმფოფადი კულტურის სტერილიზაცია და შემდეგ მისი უკან, ხელოვნურად შეტენვა არ შეიძლება. ფეხბურთის "სუპერბოულიზაცია", სადაც მატჩის დაწყებამდე და ტაიმებს შორის შესვენებაზე შოუებს ვუყურებთ, სადაც გოლის გატანის შემდეგ სიმღერა ირთვება, აღარ გიტოვებს დროს იმისთვის, რომ შენ თავად იმღერო.
გულშემატკივარისთვის ამ ძალაუფლების წართმევა პროგრესული არასოდეს იქნება. მფლობელმა კლუბი მომგებიან ბიზნესსად უნდა აქციოს, ეს ყველას გვესმის, მაგრამ ბალანსი დაცული უნდა იყოს. "ნაპოლის" ქომაგი ამ ქალაქის კულტურას გამოხატავს, მისი შემოქმედითობა კი კლუბის იდენტობის განუყრელი ნაწილია", - თქვა Massive Attack-ის მუსიკოსმა.