Belive

"მუსიალა ასეთ მოპყრობას არ იმსახურებს" - კიმიხი ბაიერნის ხელმძღვანელებს უპირისპირდება

2 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჯოშუა კიმიხმა ბაიერნი ჯამალ მუსიალას ჯანმრთელობის პრობლემების გამო საჯარო კრიტიკისა და მის მიმართ გამოხატული, "გაუგებარი" და "მიუღებელი" დამოკიდებულების გამო მკაცრად გააკრიტიკა.

გერმანული ფეხბურთის 23 წლის ამომავალი ვარსკვლავი ჯამალ მუსიალა მიმდინარე სეზონში მოედანზე იშვიათად ჩნდება. ამის მიზეზი ნევროლოგიურ დისფუნქციასთან დაკავშირებული პრობლემებია. ფეხბურთელს "ბაიერნთან" 2030 წლამდე მოქმედი კონტრაქტი აქვს და მისი წლიური ანაზღაურება 18 მილიონ ფუნტს შეადგენს.

გასულ კვირას "ბაიერნის" საბჭოს წევრმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ კლუბმა შესაძლოა მუსიალასთან ხელფასის შემცირების საკითხი განიხილოს.

ოჯახს, ფეხბურთელსა და მის აგენტურას უნდა დაველაპარაკოთ, რადგან ასეთი თანხები, მაპატიეთ, მთელი პატივისცემის მიუხედავად, ამ პირობებში უკვე აღარ არის გამართლებული. ვერ წარმომიდგენია, რომ ჯამალს კლუბის დატოვება სურდეს, ან რომ ამჟამინდელ მდგომარეობაში რომელიმე სხვა კლუბმა მისი შეძენა მოინდომოს. - კარლ-ჰაინც რუმენიგე.

რუმენიგეს განცხადებებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მუსიალას მხარდაჭერა ისეთმა ფეხბურთელებმა გამოუცხადეს, როგორიცაა: ჯუდ ბელინგემი, მაიკლ ოლისე და რიო ფერდინანდი.

ჩემპიონთა ლიგაზე, ლილთან განცდილი მარცხის (2:1) შემდეგ, საკითხზე აზრის დაფიქსირება ჯოშუა კიმიხსაც სთხოვეს. გერმანელმა ფეხბურთელმა რუმენიგე მკაცრად გააკრიტიკა.

რაც ახლა მოხდა, ასეთი რამ უბრალოდ არასდროს უნდა მომხდარიყო. ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარია. ვფიქრობ, ეს საკითხი დახურულ კარს მიღმა უნდა განხილულიყო. ამის შესახებ შეიძლებოდა ჯამალის აგენტთან ან თავად ჯამალთან საუბარი. დარწმუნებული ვარ, მეორე მხარეც მზად არის ამისთვის.

როგორც წავიკითხე, მათ შეხვედრაც გამართეს და განცხადების გავრცელებასაც აპირებენ. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ხდება ამ ყველაფრის საჯაროდ განხილვა. დაუშვებელია, რომ ამ ყველაფრის სიმძიმე ფეხბურთელს დააწვეს. რა თქმა უნდა, კლუბი ყოველთვის პირველ ადგილზეა და ჩვენზე დიდია, მაგრამ ის ადამიანზე დიდი არ არის. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ეს არც "ბაიერნისთვისაა" დამახასიათებელი ქცევა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზაფხულში მას კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც კვლავ ტრავმა მიიღო. მაგრამ მე მას ყოველდღე ვხედავ და მასთან ერთად დიდ დროს ვატარებ. ვხედავ, როგორ მუშაობს და რამდენად დიდ ძალისხმევას დებს საქმეში. ეს სიტუაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია.

მას პრობლემები იმიტომ არ აქვს, რომ არაპროფესიონალია. პირიქით - ის ყოველდღე აქ არის, ბუნებრივია, სურს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა და ყოველდღიურად ძალიან ბევრს შრომობს. ვფიქრობ, მას გულწრფელად სიამოვნებს ჩვენი გუნდის წევრობა. იმედი მაქვს, მან იცის, რომ ყველა ჩვენგანი მის გვერდით ვართ - როგორც გუნდი, ისე კლუბის ხელმძღვანელობა. ჩვენი მხარდაჭერა 100-პროცენტიანია. - ჯოშუა კიმიხი.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრებისა და ბაიერნის ფეხბურთელს ზაფხულში აბსენსური გულყრები დაუდგინდა - ეპილეფსიის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ხანმოკლე, თუმცა მარტივად მართვად გულყრებს იწვევს.

მუსიალამ საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო, როდესაც მიმდინარე სეზონის დასაწყისში ორ შეხვედრაში მოედანზე შეუძლოდ გახდა და დაეცა. "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა განმარტა, რომ ფეხბურთელის მდგომარეობა მედიკამენტების შეცვლასთან დაკავშირებულმა რეაქციამ გამოიწვია.

სხვა სტატიები