Belive

Mundo Deportivo | ბალდემ ბარსელონას დატოვება გადაწყვიტა - ფეხბურთელი კლუბიდან ზამთარში წავა

11 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ალეხანდრო ბალდეს მომავალი ბარსელონაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. როგორც ირკვევა, კლუბის აღზრდილი მარცხენა მცველი სათამაშო დროისა და ნდობის აღდგენის მიზნით, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის დატოვებას სერიოზულად განიხილავს. "Mundo Deportivo"-ს ცნობით, ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ფეხბურთელმა დაკარგა სტაბილური ადგილი სასტარტო შემადგენლობაში.

სიტუაციას ართულებს ჰანსი ფლიკის მხრიდან კომუნიკაციის ნაკლებობაც - ბალდეს მხარე თვლის, რომ მთავარ მწვრთნელს გერმანული პირდაპირობა აკლია და გადაწყვეტილებებს პრესკონფერენციების საშუალებით აჟღერებს, ნაცვლად იმისა, რომ ფეხბურთელს პირადად ესაუბროს, როგორც ეს სეზონის წინ სხვების შემთხვევაში გააკეთა.

თავის მხრივ, სამწვრთნელო შტაბის პრეტენზიები ბალდეს მიმართ ძირითადად მის კონცენტრაციასა და დაცვით გადაწყვეტილებებს უკავშირდება. ჰანსი ფლიკი თვლის, რომ ახალგაზრდა მცველს უჭირს პრესინგის მომენტის სწორად შერჩევა, ხოლო თავად ფეხბურთელი ვერ ხვდება, როგორ უნდა დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები, როდესაც სათანადო პოზიციაზე ვარჯიშის საშუალებაც კი არ ეძლევა. ამ შიდა დაძაბულობამ საზოგადოებრივ სივრცესთან ერთად სავარჯიშო ბაზამდეც მიაღწია. კლუბის რამდენიმე ვეტერანმა მოთამაშემ უკვე საჯაროდ დასვა კითხვები მწვრთნელის მიდგომებზე ბალდეს მიმართ, ხოლო თავად ვითარებამ გუნდში არასტაბილური ფონი შექმნა.

კატალონიური გუნდისთვის ეს ვითარება ფინანსური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. ბარსელონა მზადაა, იანვარში მოთამაშის ტრანსფერს მოუსმინოს, თუმცა იჯარის ნაცვლად სრულფასოვან გაყიდვას ანიჭებს უპირატესობას, რათა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის დაცვის ხაზის გასაძლიერებელი ფინანსური რესურსი გაჩნდეს. სიტუაციას ყურადღებით აკვირდება მანჩესტერ იუნაიტედი, რომელიც ბალდეს მიმართ ინტერესს ჯერ კიდევ ზაფხულიდან იჩენს.

23 წლის მცველი ბარსელონას ძირითად გუნდში 2021/2022 წლების სეზონიდან თამაშობს, რა პერიოდშიც 172 მატჩის ჩატარება მოახერხა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სხვა სტატიები