ფიფამ „კამპ ნოუ“ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მასპინძლობისთვის შეამოწმა
ფიფას წარმომადგენლები 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქებისა და სტადიონების შემოწმებას განაგრძობენ. ორშაბათს დელეგაცია ბარსელონას ეწვია და „კამპ ნოუ“ დაათვალიერა. კატალონიელთა არენა იმ სამ სტადიონს შორის სახელდება, რომლებიც ტურნირის საფინალო შეხვედრის მიღებაზე აცხადებენ პრეტენზიას.
ფინალის ჩატარების სამი სავარაუდო ვარიანტი განიხილება: „კამპ ნოუ“, მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუ“ და მაროკოში მშენებარე „ჰასან II არენა“
რა თქმა უნდა, ფიფა მხოლოდ ტრიბუნებისა და მინდვრის საფარის მდგომარეობით არ ინტერესდება. კომისიის წევრები დეტალურად სწავლობენ ქალაქის სატრანსპორტო სისტემას, სასტუმროების რესურსს, სამედიცინო ინფრასტრუქტურასა და იმ საწვრთნელ ბაზებს, სადაც მუნდიალზე ჩასული ნაკრებები მოემზადებიან. შესაბამისად, ბარსელონას სრული კომპლექსური გამოცდის ჩაბარება უწევს.
📸🌍 ¡LA FIFA VISITA EL CAMP NOU! 🏟️💙❤️
— 🌍 Mundo Barça (@MundoBarcaNews) November 9, 2026
La FIFA continúa en Barcelona su recorrido por las ciudades españolas candidatas a albergar el Mundial 2030. 🏆
🤝 Representantes de la @FIFAcom y la @rfef se han reunido con las instituciones públicas en el Camp Nou, con el FC Barcelona… pic.twitter.com/qQJjJeZ95E
თვითონ „კამპ ნოუზე“ სარემონტო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა სტადიონი ესპანური მხარისთვის მაინც ერთ-ერთ მთავარ ვარიანტად რჩება. ამავდროულად, მაროკო აქტიურად ლობირებს თავის ახალ გრანდიოზულ არენას.
საბოლოო სიტყვა მაინც ფიფაზეა. ორგანიზაციის დელეგაცია ბარსელონაში მუშაობას სამშაბათსაც გააგრძელებს და ამჯერად „ესპანიოლის“ საშინაო არენას, RCDE Stadium-ს ეწვევა. სწორედ ასეთი ვიზიტების შემდეგ გახდება ცნობილი, საბოლოოდ რამდენი სტადიონი შევა მუნდიალის განაცხადში და ვის ერგება პატივი, 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლოს.