Belive

მუნდიალი 2022 | ლიონელ სკალონი: "ამაღელვებელი მომენტია, მაგრამ კიდევ ერთი ნაბიჯი დაგვრჩა"

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში არგენტინის ნაკრებმა ხორვატიას - 3:0 ლიონელ მესის გოლისა და ხულიან ალვარესის დუბლის მეშვეობით მოუგო.

მატჩის დასრულების შემდეგ, კატარში მიმდინარე მუნდიალის პირველი ფინალისტი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ ისაუბრა.

"ჩვენ ვზეიმობთ, რადგან ეს რაღაც ძალიან ამაღელვებელია, მაგრამ ჯერ წინ კიდევ ერთი ნაბიჯი რჩება. სიამოვნების დროა, მაგრამ უკვე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც წინ გველოდება.

პირველ წუთებში მათ ბურთის ფლობაში უპირატესობა აიღეს, ვიცოდით, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო. მათი ნახევარდაცვა ძალიან რთული გასარღვევია საიმისოდ, რომ გოლის გატანა მოახერხო. ჩვენ გვესმოდა, რომ რთული მატჩი გველოდა. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა.

ვცდილობ, რომ გუნდმა მღელვარება არ იგრძნოს. მე ვარ ნებისმიერი არგენტინელის საოცნებო ადგილას. როდესაც შენ წარმოადგენ შენს ქვეყანას, შეუძლებელია არ გააკეთო ის, რასაც ეს ბიჭები აკეთებენ.

როდესაც არაბეთთან დავმარცხდით, ხალხი ჩვენთან იყო. ჩვენ ყველას მხარდაჭერას ვგრძნობდით და ეს შეუდარებელია. ჩვენ ყველა ერთი მიმართულებით წავედით. ჩვენ ყველას გვინდა საერთო სიკეთე.

ზოგჯერ ვფიქრობ, ამას იმიტომ ვამბობთ, რომ არგენტინელები ვართ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ლიონელ მესი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. ვფიქრობ, რომ იგი თავისი თანაგუნდელების მოტივირებას ახერხებს.

ყველა მატჩი ერთმანეთს არ ჰგავს. არის შემთხვევები, როცა მეტოქე გჯობნის და ზუსტად ამ დროს, გუნდი გარდამავალ პერიოდს გადის, როცა უნდა განსაზღვრო, თუ რისი გაკეთება გჭირდება მიზნის მისაღწევად.

ალვარესის თამაში ძალიან კარგი იყო, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან ორი გოლი გაიტანა, არამედ იმიტომაც, რომ მან დიდი უპირატესობა მოგვცა ხორვატ ნახევარმცველებთან. მას შესანიშნავი სტილი აქვს.

ვფიქრობ, ამ მატჩზე უკეთესი თამაშები ვითამაშეთ. მეტოქის ხარისხი აძლიერებს გამარჯვების მნიშვნელობას. ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში ადვილი ნამდვილად არ არის, სწორედ ამიტომაც არიან ისინი მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონები", - თქვა ლიონელ სკალონიმ.

არგენტინის ნაკრები ფინალში საფრანგეთსა და მაროკოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ფინალური შეხვედრა ლუსაილის სტადიონზე 18 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები