მუნდიალი 2022 | "ჩემი ქვეყნის დახმარების უფლება არ მომცეს" - ონანამ დუმილი დაარღვია
კატარში მიმდინარე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩისწინა დღეს, კამერუნის ნაკრების შიდა სამზარეულოში სკანდალი მოხდა, რის შემდეგაც, ეროვნული გუნდიდან ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი, მეკარე, ანდრე ონანა დაითხოვეს.
ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილი და მილანის "ინტერის" მოქმედი გოლკიპერის ნაკრებიდან მოკვეთის მიზეზად განსხვავებული ვერსიები დასახელდა. გაჟღერდა ინფორმაცია, რომ იგი ნაკრებიდან მთავარმა მწვრთნელმა, რიგობერტ სონგმა იმის გამო დაითხოვა, რომ მისი სათამაშო სტილი არ მოსწონდა. უფრო კონკრეტულად კი, საქმე ისაა, რომ სონგი უკმაყოფილო გახლდათ მისი ფეხით თამაშის მანერით.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ, თავად 26 წლის მეკარემ ისაუბრა.
"ყველა ღონე ვიხმარე, რომ გამოსავალი მეპოვა იმ სიტუაციიდან, რომელსაც ფეხბურთელები აწყდებიან ხოლმე, მაგრამ მეორე მხრიდან ამას არანაირი საპასუხო რეაქცია არ მოჰყოლია.
არ მომცეს უფლება მოედანზე გამოვსულიყავი და დავხმარებოდი ჩემს ქვეყანას. სამაგიეროდ, მე ყოველთვის ვთამაშობდი იმისთვის, რომ გუნდს წარმატებისთვის მიეღწია და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაკეთებდი.
ზოგიერთი მომენტის მიღება რთულია, მაგრამ მე ყოველთვის პატივს ვცემდი იმ ადამიანების გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩემი ქვეყნის წარმატებისთვის გასაღებებს ეძებენ.
მთელ ძალას ვაძლევ თანაგუნდელებს, რადგან ვაჩვენოთ, რომ ამ ტურნირზე შორს წასვლა შეგვიძლია. ფასეულობები, რომლებსაც მე მუდმივად ვატარებ, ყოველთვის იყო ის, რაც ბავშვობიდან მე და ჩემს ოჯახს გამოგვარჩევდა. კამერუნის წარმომადგენლობა ჩემთვის ყოველთვის პრივილეგია იყო", - თქვა ანდრე ონანამ.
კამერუნის ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის G ჯგუფში 2 ტურის შემდეგ 1 ქულა მოიპოვა და მესამე პოზიციას იკავებს. ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში აფრიკელები მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონს, ბრაზილიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. აღნიშნული მატჩი ლუსაილის სტადიონზე 2 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.