Belive

მუნდიალი 2022 | მესის ყველა რეკორდი მსოფლიოს ჩემპიონატზე 

1 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელისთვის დიდებული გამოვიდა. C ჯგუფის გახსნითი ტურის შეხვედრაში ფავორიტად აღიარებული არგენტინის ნაკრების საუდის არაბეთთან სენსაციური მარცხის შემდეგ, ლიონელ მესიმ და მისმა თანაგუნდელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალამდე მიაღწიეს.

არგენტინის ნაკრები არსებობის ისტორიაში მსოფლიო თასის ფინალში უკვე მეექვსედ გავიდა და ამაში უდიდესი როლი სწორედ 7 ოქროს ბურთის მფლობელს მიუძღვის, თუმცა საბოლოო, მსოფლიო აღიარებამდე და ჯერ კიდევ დარჩენილი მცირე რაოდენობის, თუმცა მაინც არსებული შეკითხვებისთვის პასუხის გაცემამდე კიდევ 1 ნაბიჯია გადასადგმელი - ფინალურ მატჩში გამარჯვება და სანაკრებო კარიერის ფეერიული კულმინაცია.

იქამდე, ვიდრე, თავისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში "ალბისელესტეს" კაპიტნის სამკლაურით მოედანზე გაუძღვება, საინტერესოა გადავხედოთ იმ ბრწყინვალე ციფრებსა და რეკორდებს, რომელიც 35 წლის სუპერვარსკვლავმა ბოლო 1 თვის განმავლობაში აზიიდან მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროს შესთავაზა.


ლიონელ მესი 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე:

გოლი: 5

საგოლე პასი: 3

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო: 4

საშუალო შეფასება: 8.13


მსოფლიოს ჩემპიონატების რეკორდები, რომელიც ლეო მესის ეკუთვნის:


  • მესი ერთ-ერთია იმ ექვსი ფეხბურთელიდან, რომელმაც ხუთ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა: ამ მხრივ ის საუკეთესოთა რიგებში ანტონიო კარბახალთან, ლოთარ მათეუსთან, რაფა მარკესთან, ანდრეს გვარდადოსა და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად შედის.
  • ლოთარ მათეუსი და ლიონელ მესი იზიარებენ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელების რეკორდს (25) - თუ ლეო ფინალში ითამაშებს, ის ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდება.
  • მესიმ მსოფლიო ჩემპიონატზე კაპიტნის რანგში რეკორდული 18 მატჩი ჩაატარა. მას მოსდევს რაფა მარკესი (17) და დიეგო მარადონა (16) შეხვედრით.
  • პაოლო მალდინიმ მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტი წუთი ითამაშა: 2217. მესის ახლა 2194 წუთი აქვს და შესაძლოა კატარის 2022 წლის ფინალში იტალიელს აჯობოს.
  • მესი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ხუთ მსოფლიო ჩემპიონატზე საგოლე გადაცემა გააკეთა. მასთან ყველაზე ახლოს პელე, გჟეგორზ ლატო, დიეგო მარადონა და დევიდ ბექჰემი იმყოფებიან.
  • ლიონელ მესი და პელე იზიარებენ პლეი-ოფის ეტაპზე ყველაზე მეტი საგოლე პასის რეკორდს - 6.
  • მესი მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ერთპიროვნული საუკეთესო ბომბარდირია 11 გოლით. მას მოსდევს გაბრიელ ბატისტუტა (10), დიეგო მარადონა (8), გილერმო სტაბილე (8), მარიო კემპესი (6) და გონსალო იგუაინი (5).
  • მესი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე თინეიჯერობის ასაკში, 20-იანი და 30-იანი წლების ასაკში გოლი გაიტანა. პელემ ხელიდან გაუშვა იგივე მიღწევის შესაძლებლობა, რადგან ოთხი თვე დააკლდა ამის გასაკეთებლად.
  • მესიმ თავისი პირველი და უკანასკნელი გოლები მსოფლიო ჩემპიონატზე 16 წლისა და 180 დღის სხვაობით გაიტანა. მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში შემდეგი ყველაზე დიდი პერიოდი კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნის - 16 წლისა და 160 დღის.
  • მატჩის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული ჯილდო, რომელიც მესის 10-ჯერ აქვს მოგებული და ცხადია ეს ერთპიროვნული რეკორდია. ამავე დროს, არგენტინელმა 2014 წლის მუნდიალზე ერთ კონკრეტულ ტურნირზე 4 მოპოვებული ჯილდოთი ნიდერლანდელ უესლი სნეიდერთან ერთად რეკორდი დაამყარა.
  • ლიონელ მესი პირველი ფეხბურთელია უესლი სნეიდერის შემდეგ (2010), რომელმაც ერთ კონრეკტულ ტურნირზე როგორც 1/8-ფინალში, 1/4-ფინალსა და 1/2-ფინალში გოლის გატანა მოახერხა.
  • მიროსლავ კლოზემ მსოფლიოს ჩემპიონატზე 17 გამარჯვება მოიპოვა და ეს რეკორდია, მესის აქტივში კი ახლა 16 მოგებაა.

სხვა სტატიები