მუნდიალი 2022 | ლაშა სილაგავა: "ლივაკოვიჩმა თამაშის წესი დაარღვია - პენალტი სამართლიანად დაინიშნა"
კატარში მიმდინარე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 1/2-ფინალურ მატჩში, მუნდიალის ორგზის გამარჯვებულმა არგენტინის ნაკრებმა, მოქმედი ვიცე-ჩემპიონი, ხორვატიის ეროვნული გუნდი 3:0 დაამარცხა და 2018 წელს, რუსეთში განცდილი მარცხის გამო სრულფასოვანი რევანში აიღო. შეხვედრაში გოლები ლიონელ მესიმ (34) და ხულიან ალვარესმა (39, 69) გაიტანეს.
7 ოქროს ბურთის მომგება ფეხბურთელმა მიმდინარე ტურნირზე მეხუთე (საუკეთესო შედეგი კილიან მბაპესთან ერთად), ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში მე-11 გოლი (არგენტინის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი ტურნირის არსებობის ისტორიაში) პენალტის ნიშნულიდან გაიტანა, რასაც მსოფლიო საფეხბურთო სამყაროში საკმაოდ დიდი გამოხმაურება და შეხვედრის მთავარი არბიტრის, იტალიელი დანიელე ორსატოს განსჯა მოჰყვა.
მატჩის დასრულების შემდეგ, Live.ge ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და ვეტერან ქართველ მსაჯს, ლაშა სილაგავას ესაუბრა და მისგან საკამათო ეპიზოდების პროფესიონალური ანალიზი მოისმინა.
"ვფიქრობ, ალვარესის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი სამართლიანი იყო! რაც მთავარია ორსატოს ეს გადაწყვეტილება VAR-ზეც გადამოწმდა და ისინიც დაეთანხმნენ არბიტრს. სხვადასხვა აზრი მოვისმინე პენალტის არ დანიშვნის მომხრეთაგან: არგუმენტები ძირითადად იყო, რომ ალვარესმა უკვე დაარტყა ბურთი კარისკენ და შემდეგ იყო კონტაქტი, ხოლო მეორე გარი ნევილის მოსაზრება გახლდათ, რომ მეკარე კონტაქტის დროს უკვე გაჩერებული იყო და რა ექნა, ვერსად წავიდოდაო.
ჩემი აზრით, ალვარესი მეკარესთან პირისპირ გავიდა და კარის მიმართულებით არც თუ ისე ძლიერად გადაგზავნა ბურთი. მეკარე ლივაკოვიჩი გამოვიდა წინ, ცდილობდა მოეგერიებინა ბურთი და აწეულ ხელებთან ერთად მარჯვენა ფეხიც გაშალა, რომელიც საბოლოო ჯამში ალვარესისთვის ბარიერი აღმოჩნდა, ის კი თავისმხრივ ცდილობდა, გაეგრძელებინა ბურთისთვის ბრძოლა, რადგან ბურთი დარჩა მოედანზე, მაგრამ სწორედ ამ მეკარის მარჯვენა ფეხმა წააქცია.
ის ფაქტი რომ მეკარე ზუსტად კონტაქტის დროს აღარ მოძრაობდა მას არ ამართლებს. რაც შეეხება დარტყმის შემდეგ კონტაქტს, ესეც ისეთივე ჯარიმაა როგორც დარტყმამდე დარღვევა", - თქვა ლაშა სილაგავამ Live.ge-სთან საუბრისას.
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩი 18 დეკემბერს, ლუსაილის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. არგენტინის ნაკრები თავის რიგით მეექვსე ფინალში საფრანგეთის ნაკრებსა და მაროკოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.