Belive

მუდრიკმა დოპინგ-სკანდალში უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია დაადანაშაულა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩელსის შემტევმა, მიხაილო მუდრიკმა, რომელიც იჯარით ტოტენჰემში თამაშობს, დოპინგთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ისაუბრა და უკრაინის ნაკრები და ფეხბურთის ასოციაცია დაადანაშაულა:

,,ზიხარ, უსმენ და ვერ იჯერებ, რომ ეს შენს თავს ხდება. როცა უამრავ ფულს ხარჯავ დიეტოლოგსა და შეფ-მზარეულზე, ეს ბოლო რამაა, რასაც ელი. ცრემლები მოგვიანებით წამოვიდა. უამრავი სხვადასხვა აზრი მიტრიალებდა თავში. მელდონიუმის შესახებ მხოლოდ მაშინ გავიგე, როცა ეს ამბავი შევიტყვე. ამ პრეპარატის შოვნა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპაშია შესაძლებელი. იმ ადგილებიდან, სადაც მე ვიყავი, ასეთი მხოლოდ უკრაინაა. ინგლისში მსგავსი პრეპარატები არ არის.

უკრაინის ნაკრებში საერთოდ არ არსებობს დაცვის რაიმე სისტემა, რომელიც ისეთ დონეზე უნდა იყოს, როგორც კლუბებშია. ნაკრებში არის ნუტრიციოლოგი, მას ორ დღეში ერთხელ ყველასთვის მოაქვს ჭიქა, რომელიც ყველამ უნდა დალიოს. უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია თავს ისე აჩვენებდა, თითქოს, მეხმარებოდა, მაგრამ, სინამდვილეში, დახმარებაზე მეტად პრობლემებს ქმნიდა. მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, ზურგი გვაქციეს.

ამ ისტორიის დასაწყისში ასოციაციასთან მიმოწერა გვქონდა, შემდეგ კი ეს მიმოწერა რატომღაც ინტერნეტში გავრცელდა. დახმარებას ელი და ამ დროს ისეთი პრობლემების მოგვარება გიწევს, რომლებსაც თავადვე გიქმნიან. მიმოწერის გაჟონვა არაპროფესიონალიზმის ფსკერია. დღემდე საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას: „რისთვის?“ ასოციაციას პასუხისმგებლობის აღების ეშინია, ეშინია დანაშაულის აღიარების და საკუთარ ფეხბურთელს ემიჯნება. შედეგად, საქმე თვეობით იწელება, სამაგიეროდ, ასოციაცია უდანაშაულოა.

შევჩენკო? მგონი, დამირეკა. დასახმარებლად დამიკავშირდა? არა. დამიკავშირდა, რომ ეკითხა, როგორ ვიყავი, რაც ისედაც გასაგები იყო. უბრალოდ დამიკავშირდა... ასოციაციის ხელმძღვანელობიდან არავის უთქვამს, რომ ეს მათ გამოეპარათ და მათ დაარღვიეს წესები.

დისკვალიფიკაციის მოხსნა? ეს იყო უზარმაზარი სამუშაოს, დახარჯული ძალისხმევის, დროსა და ფულის შედეგი. წავიდა ყველა რესურსი, რისი ჩართვაც კი შეიძლებოდა. მილიონობით გირვანქა სტერლინგი დავხარჯე იურისტებზე. საკუთარი თავი არ მეცოდება, არ მინდა საცოდავი ვიყო. 15 თვის განმავლობაში ვვარჯიშობდი ისე, რომ მოედანზე დაბრუნების მიახლოებითი თარიღიც კი არ ვიცოდი.'' - მიხაილო მუდრიკი

მუდრიკს დისკვალიფიკაცია 2024 წლის დეკემბერში მიუსაჯეს. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აკრძალული ნივთიერება მის ორგანიზმში, შესაძლოა, უკრაინის ნაკრების შეკრებაზე ყოფნისას მოხვედრილიყო.

სხვა სტატიები