"მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთთან იყო დაკავშირებული" - გიორგი ქვილითაია
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მეცის ფეხბურთელს გიორგი ქვილითაიას ფრანგულ გუნდთან ვრცელი ინტერვიუ ჰქონდა, მან არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
თქვენ დაიბადეთ დასავლეთ საქართველოს ქალაქ აბაშაში, როგორი ბავშვი იყავით?
ვერ ვიხსენებ ჩემს თავს ბურთის გარეშე. მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთთან იყო დაკავშირებული. ბავშვობაში დილიდან საღამომდე სულ ბურთს დავდევდი. ხმაურიანი ბავშვი არ ვიყავი, პირიქით, საკმაოდ მშვიდი. ვიცოდი, რა მინდოდა და ყველაფერს ვაკეთებდი ამის მისაღწევად. აბაშა ჩემი სახლია, ეს პატარა ქალაქია, ტურისტებისთვის ბევრი არაფერია სანახავი, რამდენიმე ძველი ეკლესიის გარდა, მაგრამ ჩემთვის ის ყოველთვის ჩემი სახლი იქნება, მასთან ძალიან მიჯაჭვული ვარ. - გიორგი ქვილითაია
პირველი რა მოგონებები გაქვთ ფეხბურთთან დაკავშირებით?
თამაში დაახლოებით ხუთი წლის ასაკში დავიწყე. მამაჩემი ფეხბურთელი იყო, ამიტომ ფეხბურთი თავიდანვე ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი იყო. სამეზობლოში მუდმივად ვთამაშობდი ჩემს მეგობრებთან ერთად. ექვსი წლის ასაკში შევუერთდი ჩემს ქალაქში არსებულ პატარა კლუბს. იმ დროს ჩემი რუტინა მარტივი იყო: სკოლა - ფეხბურთი, სკოლა - ფეხბურთი. ვთამაშობდი ხოლმე ჩემს პატარა ძმასთან ერთად. ის მეკარე იყო, მაგრამ საბოლოოდ თამაში აღარ გააგრძელა... ცოტა დაეზარა და არ გააგრძელა. - გიორგი ქვილითაია
რომ შეგეძლოთ აბაშიდან ჩამოსულ მოზარდთან, რომელიც ფეხბურთის თამაშზე ოცნებობდა, რას ეტყოდით მას?
მე უბრალოდ ვეტყოდი: ისიამოვნე. ზოგჯერ, ზეწოლისა და მოლოდინების გამო, გვავიწყდება გართობა. ძალიან ბევრს ვფიქრობთ იმაზე, თუ რას ამბობს ხალხი, გულშემატკივრები ან მედია. როდესაც ხუთი წლის ასაკში ფეხბურთის თამაში დავიწყე, ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მიყვარდა და მე ვფიქრობ, რომ ეს სიამოვნება მთელი ცხოვრება უნდა შეინარჩუნო. რა თქმა უნდა, ამ საქმეს პროფესიონალურად უნდა მიუდგე და ასევე შრომისმოყვარე უნდა იყო, მაგრამ ასევე უნდა გააგრძელო იმის სიყვარული, რასაც აკეთებ და ყოველი წამით უნდა დატკბე. - გიორგი ქვილითაია
რა ადგილს იკავებს თქვენი ოჯახი თქვენს ცხოვრებაში?
ჩემი ოჯახი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ და დღეში მათ ორჯერ ან სამჯერ ვურეკავ. მამაჩემი და ჩემი ძმა პარი სენ-ჟერმენთან დაპირისპირების დროს მოედანზე იყვნენ, ახლა კი იმედი მაქვს, რომ დედაჩემიც შეძლებს ჩამოსვლას. 17 წლის ვიყავი, როცა საქართველო დავტოვე. მას შემდეგ საზღვარგარეთ ვთამაშობ, ამიტომ ხშირად მათგან შორს ვარ. მაგრამ როცა საქართველოში ვბრუნდები, მთელ დროს ერთად ვატარებთ. ისინი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან. როცა პატარა ვიყავი მათ ბევრი რამ გააკეთეს ჩემთვის და ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ. - გიორგი ქვილითაია
როგორც ჩანს, ქართველებს უყვართ დიდ მაგიდებთან შეკრება...
ჩემთვის ქართული სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ის ჯერ კიდევ შედარებით უცნობია, მაგრამ როგორც კი მოგზაურები ან იუთუბერები ჩამოდიან საქართველოში და ჩვენს კერძებს აღმოაჩენენ, ისინი ჩვენი სამზარეულოს გულშემატკივრები ხდებიან. ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან კარგი ღვინო. კარგი, ვიცი, რომ ფრანგების წინაშე ამის თქმა შეიძლება სარისკო იყოს (იცინის), მაგრამ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია კონკურენცია გავუწიოთ! - გიორგი ქვილითაია
ფეხბურთის გარდა რითი ხართ გატაცებული?
დღეს ვცდილობ, რომ მეტი ვისწავლო. როცა პატარა ვიყავი, სკოლაზე ბევრად უფრო მეტად ფეხბურთზე ვიყავი ორიენტირებული. უკან რომ ვიხედები, ვფიქრობ, რომ ეს შეცდომა იყო. უკან დაბრუნების შემთხვევაში, ახალგაზრდა ქვილითაიას ვეტყოდი, რომ ცოტა მეტი ესწავლა.
როცა ფეხბურთელი ხარ, დრო გაქვს. ხშირად, დილის ვარჯიშის შემდეგ მთელი დღე თავისუფალი გრჩება, ამიტომ ახლა ვცდილობ სხვადასხვა რაღაცები ვისწავლო, ამჟამად ძალიან მაინტერესებს საქართველოს ისტორია. ჩვენს კულტურაში ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი გვაქვს, ერთგვარი ენციკლოპედია და ვცდილობ მისი სრული მნიშვნელობა გავიგო, ეს მართლაც მომხიბვლელია. - გიორგი ქვილითაია
კარიერის შემდეგ გსურთ საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნება?
მართალია, ხანდახან ჩემი ქვეყანა მენატრება. ასევე, ვფიქრობ საკმარისი დრო არ მქონდა, რომ მისით დავტკბე. კარიერის შემდეგ, ამისთვის რა თქმა უნდა მეტი დრო მექნება. სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი დავბრუნდები თუ არა სამუდამოდ იქ საცხოვრებლად, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკუდებული, თუ რას გავაკეთებ კარიერის შემდეგ. ჯერ კიდევ ვფიქრობ, მინდა თუ არა ამ სფეროში დარჩენა, თუ სხვა რამის კეთება. საკუთარ თავს მწვრთნელად ვერ ვხედავ, შესაძლოა, უფრო კლუბის მენეჯმენტში ვიმუშავო, ეს არის ის რაც მაინტერესებს და რომლის შესწავლასაც ვიწყებ. - გიორგი ქვილითაია
ვარჯიშის შემდეგ გიორგი წიტაიშვილთან ერთად ხშირად თამაშობთ ნარდს. საქართველოში ეს პოპულარული თამაშია?
ყველა არ თამაშობს, მაგრამ დიახ, საქართველოში ბევრს უყვარს ნარდი. პირადად ჩემთვის, ჭადრაკი მაინც უფრო საყვარელი თამაშია, მაგრამ წიტამ არ იცის თამაში, ამიტომ ნარდს ვთამაშობთ, უბრალოდ ერთმანეთის გამოწვევისთვის. მოგვწონს ეს პატარა შეჯიბრი. - გიორგი ქვილითაია
ოდესმე გითამაშიათ ჭადრაკი ჯონათან ფიშერის წინააღმდეგ?
ჯერ არა... და ყოველ შემთხვევაში, ის ჯერ ჩემს დონეზე არ არის (იცინის). ამაზე ფრანგულის გაკვეთილებზე ვისაუბრეთ, მაგრამ ჭადრაკის დაფა ჯერ არ გვიყიდია. მაგრამ ეს მოხდება. - გიორგი ქვილითაია
როგორი იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილებები, როდესაც ქალაქი მეცი აღმოაჩინეთ? გიორგი აბუაშვილმა და გიორგი წიტაიშვილმა ტური მოგიწყვეს?
ქალაქი ძალიან მომწონს. არ მომწონს ძალიან ხალხმრავალი ადგილები, ისეთი ადგილები სადაც სულ საცობები და ბევრი ხალხია. მეცში მაშინვე სიმშვიდის შეგრძნება დამეუფლა, ეს მართლაც ლამაზი ქალაქია. ჩვენ უკვე რამდენჯერმე ვიყავით ქალაქის ცენტრში. დასვენების დღეებში ასევე ვცდილობ, ქალაქი შევისწავლო და ცოტა მეტი გავიგო ფრანგული კულტურის შესახებ. - გიორგი ქვილითაია
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაია მეცში მიმდინარე წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა. ქართველ ფორვარდს ფრანგულ გუნდთან ნახევარწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, რომელიც კიდევ 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივას ითვალისწინებს.
32 წლის ფეხბურთელმა 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც საგოლე მოქმედება ჯერ არ უფიქსირდება.