ალონსო და რეალი - რა შეიცვალა გუნდში მისი მოსვლის შემდეგ?
გასული სეზონის უტიტულოდ დასრულების შემდეგ, მადრიდის "რეალს" კარლო ანჩელოტი გამოემშვიდობა და მის ნაცვლად, გუნდის საჭე ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ხაბი ალონსომ გადაიბარა. გუნდს სიახლე კარგად დაეტყო: ელ კლასიკოში "ბარსელონას" ანგარიშით 2:1 დამარცხების შემდეგ, "ლოს ბლანკოსმა" მთავარ კონკურენტს 5 ქულით გადაუსწრო, ჩემპიონთა ლიგაზე კი ყველა მატჩში გაიმარჯვა - მოუგო "მარსელს", "კაირატსა" და "იუვენტუსს".
ალონსომ გუნდში არაერთი ცვლილება დანერგა. მისი მმართველობის სტილი არაერთი ფეხბურთელისთვის მიუღებელია, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც ესპანელმა თავის გამოჩენის გაცილებით მეტი შანსი და პოტენციალი მისცა. ამ სტატიაში რამდენიმე მათგანი მიმოვიხილოთ.
კილიან მბაპე
სადებიუტო სეზონში, მბაპემ 59 მატჩი გამართა. მის ანგარიშზე 44 გოლი და 5 ასისტი გახლდათ. ცხადია, სრული სურათის დასანახად მხოლოდ რიცხვები არ კმარა. მისი პერფორმანსის თითოეული მაყურებელი გრძნობდა, რომ კილიანს კიდევ უფრო მეტი შეეძლო - რომ მისი ეფექტიანობა გაცილებით მაღალ ნიშნულზე შეიძლებოდა ასულიყო.
მეორე სეზონში, მბაპე "რეალის" უპირობო ლიდერად ჩამოყალიბდა - ამ თვალსაზრისით, მან ჯუდ ბელინგემი და ვინისიუს ჟუნიორი ჩამოიტოვა. ფრანგ ფორვარდს მოედანზე ყველაზე მეტი, 1135 წუთი აქვს გატარებული. აღსანიშნავია ისიც, რომ მბაპე ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია - მაშინ, როდესაც სხვა შემტევებს ალონსო როტაციაში იყენებს.
შედეგები ყველაფრის მეტყველია: მიმდინარე სეზონში, კილიანმა უკვე 16 გოლი გაიტანა, რასაც 2 ასისტიც დაუმატა და ამ შედეგით, სტატისტიკურად, "რეალის" გატანილ გოლში ყოველ 63.4 წუთში ერთხელ მონაწილეობს. მისი თითოეული დარტყმის შემდეგ, მოსალოდნელი გოლის კოეფიციენტი 0.16-დან 0.18-მდე გაიზარდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ მბაპე კიდევ უფრო სახიფათო გახდა შემტევ ზონაში. ქვემოთ მოცემულ გამოსახულებაზე ვხედავთ, რომ მბაპე ყველაზე ხშირად მეკარისგან მარჯვენა, დაბალ კუთხეში უმიზნებს - რაც მისი საფირმო ხელწერაა.
სექტემბერში, პრესკონფერენციაზე საუბრისას, ხაბი ალონსომ საფრანგეთის ნაკრების 26 წლის კაპიტანი ლიდერად დაახასიათა და მის პიროვნულ თვისებებს, გამოცდილებასა და მოედანზე მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. კლუბის მისდამი დამოკიდებულება იქაც ნათლად გამოიკვეთა, როდესაც ლუკა მოდრიჩის წასვლის შემდეგ, ვაკანტური 10 ნომერი, ფრანგმა მოირგო. ასევე, დღეს მპაბე "რეალის" მთავარი პენალტისტია, გასულ სეზონში კი 11-მეტრიან ნიშნულთან ხან მას, ხან ბელინგემს, ხანაც ვინისიუს ჟუნიორს ვხედავდით.
არდა გიულერი
კლუბში ალონსოს მოსვლით განსაკუთრებით კმაყოფილი არდა გიულერი უნდა იყოს. თურქი შემტევი რეალსა და მბაპეს ჩინებულად შეეწყო და მისი მიმართულებით უკვე 5 ასისტი აქვს გაკეთებული - საგოლე გადაცემების რაოდენობით, გიულერი პირველ ადგილს იკავებს.
გასულ სეზონში მოედანზე გატარებული დროის მიხედვით, გიულერი "რეალში" მე-17 პოზიციას იკავებდა, დღეს კი მე-6 ადგილზეა.
გასულ წელს კარლო ანჩელოტიმ ასეთი რამ თქვა: "სანამ ახალგაზრდა ფეხბურთელი რეალში ადგილს უპირობოდ მოიპოვებს, მანამდე სათადარიგოთა სკამი უნდა გაათბოს. ალონსოს ხედვა კი ასეთია: "ჩვენ მასში ინვესტიცია უნდა ჩავდოთ".
ანჩელოტისგან განსხვავებით, ალონსო თურქ ნახევარმცველს ცენტრალურ ზონაში ათამაშებს - სწორედ ეს არის მისი მთავარი პოზიცია.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პერიოდში, გიულერმა ღიად დააფიქსირა, რომ ხაბი ალონსოსთან მუშაობა მისთვის უფრო კომფორტული იყო, რადგან ესპანელი მას ცენტრალური ნახევარდაცვის ხაზში ათამაშებდა.
ალვარო კარერასი
თავიდანვე ჩანდა, რომ კარერასი ალონსოს პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იქნებოდა. 22 წლის ფეხბურთელი "რეალს" ივლისში, €50 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა, ლისაბონის "ბენფიკაში" კი, €5 მილიონის სანაცვლოდ, აკადემიის ფეხბურთელი, რაფა ობრადორი გადავიდა.
კარერასმა 13-დან 12 მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. გამოირჩევა პოზიციურ თამაშში და ფიზიკურად ძალიან ძლიერია. ლა ლიგაში, უკვე 19 ვარდნა აქვს შესრულებული და მხოლოდ ვალვერდეს, გიულერსა და მასტანტუონოს ჩამორჩება - სამივეს ორი ვარდნით მეტი აქვს შესრულებული. ასევე, ორელიენ ჩუამენის შემდეგ (14), კარერასს ყველაზე მეტი ჩაჭრა უფიქსირდება (12).
გონსალო გარსია
ზაფხულში, "რეალის" აკადემიის ფორვარდი კლუბს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გაჰყვა. მოსალოდნელი იყო, რომ ევროპაში დაბრუნების შემდეგ, გარსია იჯარით ლა ლიგის რომელიმე კლუბს შეუერთდებოდა. თუმცა მბაპეს ჯანმრთელობის პრობლემებმა და ენდრიკის ტრავმამ მას ძირითად შემადგენლობაში გაუხსნა გზა... და გონსალო გარსიამ ეს შანსი გამოიყენა.
გარსიამ ტურნირზე 6 მატჩი გამართა, გაიტანა 4 და გააკეთა 1 საგოლე გადაცემა. რაც მთავარია, გახდა ტურნირის ბომბარდირი და აგვისტოში, "რეალთან" პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა. ტურნირის დასრულების შემდეგ, მოედანზე 9-ჯერ ვიხილეთ, თუმცა სულ რაღაც 108 წუთის განმავლობაში. თუმცა აღსანიშნავია, რომ მას "რეალში" ენდრიკზე მეტად ენდობიან (ამაზეც ვისაუბრებთ).
ვინისიუსი
ერთ დროს, "რეალში" ვინისიუს ჟუნიორს კარლო ანჩელოტისთან იდეალური, შეხმატკბილებული ურთიერთობა ჰქონდა. დღეს კი მას ჰყავს მწვრთნელი, რომელიც მატჩის დასრულების საშუალებას არ აძლევს. ვინისიუსის აზრით, ალონსო მას უსამართლოდ ექცევა და ეს "ელ კლასიკოში" ექსპრესიულად გამოხატა. ჩინებული მატჩის მიუხედავად, ალონსომ ბრაზილიელის გაყვანა 72-ე წუთზე გადაწყვიტა, რამაც მასში რისხვა გამოიწვია: "გუნდს ვტოვებ. უმჯობესია, წავიდა. მივდივარ", - კამერებს მისი ტუჩების მოძრაობა არ გამორჩენიათ.
ინციდენტის გამო, ვინიმ ბოდიში საჯაროდ მოიხადა, თუმცა ალონსო არსად უხსენებია. The Athletic-ის წყაროს მიხედვით, ბრაზილიელმა ეს განზრახ გააკეთა.
ფედერიკო ვალვერდე
ურუგვაელისთვის, სეზონი არც ისე კარგად დაიწყო. მის ირგვლივ კონტრავერსიულმა აზრებმაც გაიჟღერა - ასეთი მდგომარეობა ვალვერდესთვის უჩვეულოა.
თუმცა ალონსო მას მხარს საჯაროდ უჭერს: "ვალვერდე ცხოვრებას მიმარტივებს", - თქვა მან ერთხელ.
სექტემბრის ბოლოს, ტრავმის გამო, "რეალს" ტრენ ალექსანდერ-არნოლდი გამოაკლდა. იმავე მიზეზით, ლაზარეთში დანი კარვახალმაც გადაინაცვლა. სამწვრთნელო შტაბის კონსენსუსით, სიცარიელე ფედერიკო ვალვერდეს უნდა შეევსო.
მარჯვენა მცველის პოზიციაზე, ურუგვაელი თავს არაკომფორტულად გრძნობს - ეს მან საჯაროდ, მედიასთან დააფიქსირა.
"მოედნის ცენტრში კარგად ვთამაშობ, ეს ჩემი პოზიციაა. მწვრთნელმა იცის, რომ მარჯვენა მცველად თამაში დიდად არ მომწონს", - თქვა ვალვერდემ "სანტიაგო ბერნაბეუს" მიქს ზონაში.
ამის შემდეგ, გავრცელდა ჭორი, რომ ვალვერდემ მარჯვენა მცველად თამაშზე უარი განაცხადა. მოგვიანებით, ვალვერდემ ეს ამბავი სოციალურ ქსელში უარყო.
ენდრიკი
"რეალში" მოთამაშე ფეხბურთელებს შორის, ენდრიკი ყველაზე ცუდ სიტუაციაში იმყოფება. ჯერჯერობით, ალონსოს ხელმძღვანელობით, მას მოედანზე 1 წუთიც კი არ გაუტარებია.
19 წლის ფორვარდმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ტრავმის გამო გამოტოვა. სეზონის სტარტზე, ტრავმამ თავი კვლავ იჩინა და სექტემბრის მეორე ნახევარში სათამაშოდ უკვე მზად იყო. ალონსომ განაცხადში შეიყვანა, სკამზე დასვა და მას მერე ენდრიკი სკამს ათბობს - როგორც კარლო ანჩელოტი იტყოდა.
სწორედ ამიტომ, იანვარში ენდრიკის განათხოვრება განიხილება. ეს კი იმისთვის, რომ სათამაშო დრო მიიღოს და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს კარგ ფორმაში შეხვდეს. მოგეხსენებათ, ბრაზილიის ნაკრებს დღეს კარლო ანჩელოტი ხელმძღვანელობს.