Belive

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 2025 | თარიღები, კლუბები, სტადიონები და ყველაფერი ტურნირის შესახებ

6 თვის წინ ფეხბურთი
5 წთ

2025 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 15 ივნისს აიღებს სტარტს და 13 ივლისს დასრულდება. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ეგიდით, 21-ე საკლუბო ჩემპიონატი ტარდება, თუმცა წლევანდელი გათამაშება წინამორბედებისგან რადიკალურადაა განსხვავებული.

2025 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფორმატი მნიშვნელოვნადაა შეცვლილი და მასში 6 საფეხბურთო კონფედერაციის 32 კლუბი მიიღებს მონაწილეობას. მატჩები აშშ-ს 12 ქალაქში ჩატარდება, 32 კლუბი კი რვა 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდა. ბუნებრივია ქართველი გულშემატკივრის განსაკუთრებულ ინტერესს, B-ჯგუფი იწვევს, სადაც ხვიჩა კვარაცხელია და პარი სენ-ჟერმენი მადრიდის ატლეტიკოს, ბოტაფოგოსა და სიეტლს დაუპირისპირდებიან.

განახლებული ფორმატის მთავარ უპირატესობას ის გარემოება წარმოადგენს, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება.

რა არის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი?

2025 წლის გათამაშების ფორმატის ცვლილებამდე, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ყოველწლიურად ტარდებოდა და მასში მონაწილეობას, მხოლოდ საკონტინენტო ტურნირების გამარჯვებულები იღებდნენ.

მაგალითად, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თამაშის უფლებას იღებდნენ, სადაც სამხრეთ ამერიკის (კონმებოლი), აზიის, აფრიკის, ჩრდილოეთ ამერიკის (კონკაკაფი) და ოკეანეთის საკლუბო ტურნირების ჩემპიონებს უპირისპირდებოდნენ.

წესებში შეტანილი ცვლილების შემდეგ, FIFA-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 4-წელში ერთხელ ჩატარდება და მასში 32 კლუბი მიიღებს მონაწილეობას.

როდის ჩატარდება 2025 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი?

2025 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 15 ივნისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება.

სად ტარდება 2025 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი?

2025 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს ამერიკის შეერთებული შტატების 12 ქალაქი უმასპინძლებს:

  • მერსედეს-ბენც სტადიონი (ატლანტა)

  • ამერიკის ბანკის სტადიონი (შარლოტი)

  • TQL სტადიონი (ცინცინატი)

  • როუს ბოული (პასადენა)

  • ჰარდ როკი (მაიამი)

  • ჯეოდის პარკი (ნეშვილი)

  • კემპინგ ვორლდი (ორლანდო)

  • ინტერ&კო (ორლანდო)

  • ლინკოლნ ფილდი (ფილადელფია)

  • ლუმენ ფილდი (სიეტლი)

  • აუდი ფილდი (ვაშინგტონი)

  • მეტლაიფი (აღმოსავლეთ რათერფორდი)

  • BMO (ლოს ანჯელესი)

ვინ მონაწილეობს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე?

32-კლუბიან ჩემპიონატზე ევროპას 12 წარმომადგენელი ეყოლება. ევროპული კვოტა და მონაწილეთა ვინაობა, ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონიდან მოყოლებული, 4 სეზონის განმავლობაში დაგროვებული ქულებით განისაზღვრა.

2025 წლის გათამაშებაში, ჩემპიონთა ლიგის გასული 3 სეზონის გამარჯვებულები - ჩელსი, მადრიდის რეალი და მანჩესტერ სიტი, ამავე ტურნირის, იგივე პერიოდის საუკეთესო წარმომადგენლებთან ერთად ითამაშებენ (ბაიერნი, პარი სენ-ჟერმენი, ინტერი).

აზიის ფეხბურთის კონფედერაცია, აფრიკის ფედერაცია და ჩრდილოეთ ამერიკის ფედერაცია 4-4 კლუბით იქნებიან წარმოდგენილი, ხოლო სამხრეთ ამერიკას 6 წარმომადგენელი ეყოლება. 1 საგზური ოკეანეთის საუკეთესო წარმომადგენელს, ხოლო დარჩენილი 1 კვოტა მასპინძელი ქვეყნის მოწვეულ კლუბს გადაეცემა. შედეგად, აშშ-დან მიწვეული კლუბის სტატუსით ლეო მესის ინტერ მაიამი ითამაშებს.

2025 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილე კლუბები

ევროპა: მანჩესტერ სიტი, მადრიდის რეალი, ჩელსი, ბაიერნი, პარი სენ-ჟერმენი, ინტერი, პორტუ, ბენფიკა, დორტმუნდი, იუვენტუსი, ზალცბურგი, ატლეტიკო.

ოკეანეთი: ოკლენდი.

სამხრეთ ამერიკა: პალმეირასი, ფლამენგო, ფლუმინენსე, რივერ პლეიტი, ბოკა ხუნიორსი, ბოტაფოგო.

ჩრდილოეთ ამერიკა: მონტერეი, სიეტლი, პაჩუკა, ინტერ მაიამი, შემცვლელი მალე დასახელდება, რადგან მექსიკურმა კლუბ ლეონმა კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა და ტურნირიდან მოკვეთეს.

აფრიკა: ალ აჰლი, უიდადი, ესპერანსე, მამელოდი.

აზია: ალ ჰილალი, ურავა, ალ აინი, ულსანი.

2025 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული 125 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. მთლიანობაში, ტურნირის მონაწილე 32 კლუბზე, 1 მილიარდი აშშ დოლარი გადანაწილდება.

2025 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფორმატი

32 საფეხბურთო კლუბი რვა 4-გუნდიან ჯგუფშია განაწილებული. თითოეული ჯგუფის 2 საუკეთესო კლუბი პლეი-ოფში გააგრძელებს ასპარეზობას. 16 კლუბი 1-მატჩიან 1/8-ფინალში დაწყვილდება და 1/4-ფინალისტები გამოვლინდება. 1/2-ფინალში გამარჯვებული კლუბები ჩემპიონის ტიტულისთვის გააგრძელებენ ბრძოლას, მაგრამ დამარცხებულები მე-3 ადგილისთვის არ ითამაშებენ.

ვინ არის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ამჟამინდელი გამარჯვებული?

2023 წელს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული მანჩესტერ სიტი გახდა. ხულიან ალვარესისა და ფილ ფოდენის წყალობით, სიტიმ ფლუმინენსე 4:0 დაამარცხა.

როგორც აღვნიშნეთ, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 15 ივნისს აიღებს სტარტს - ხვიჩა კვარაცხელია კი B-ჯგუფში მადრიდის ატლეტიკოს, ბოტაფოგოსა და სიეტლს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები