"შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ჩვენს ტაქტიკას არ შევცვლით" - მარკინიოსი
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
2025 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მილანის ინტერი პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდება, მატჩი ხვალ, 31 მაისს 23:00 საათზე გაიმართება.
მატჩამდე პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელებმა, კაპიტანმა მარკინიოსმა და უსმან დემბელემ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს:
ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ დაცვაზე, მაგრამ ტაქტიკურ სისტემას არ შევცვლით. ვეცდებით ინტერის თავდამსხმელები გავანეიტრალოთ, რომლებიც მათ ძლიერ მხარეს წარმოადგენენ, ასევე ფლანგები, რომლებიც სწრაფად გადადიან შეტევაში, ჩვენ გვაქვს გეგმა შემუშავებული, მაგრამ ამის შესახებ ბევრს ვერაფერს გეტყვით.
შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ჩვენს ტაქტიკას არ შევცვლით, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა. ვფიქრობ კარგი თამაში იქნება, სადაც ჩვენც და ინტერიც ჩვენს ძლიერ მხარეებს წარმოვაჩენთ.
როდესაც რთული მომენტები იყო, ყოველთვის ვახერხებდით გადაწყობას, ამ კვირაში ბევრი ვისაუბრეთ და მზად ვართ იმისთვის, რა სტილსაც ინტერი შემოგვთავაზებს. გვინდა, რომ თასი სახლში წავიღოთ.
უკვე ვეტერანი ფეხბურთელი ვარ, ვაღმერთებ ამ გუნდს და მშვენიერი შეგრძნებაა ვიყო მისი ნაწილი. აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებზე ნაკლები ზეწოლა იყოს და თამაშში ბალანსი შევინარჩუნოთ.
ჩვენ ვიცით, თუ რა ძლიერი მხარეები აქვს ინტერს, მათაც გაანალიზებული აქვთ ჩვენი, ამიტომ მთავარია დეტალებზე ფოკუსირება. ეს როგორც ჩვენთვის, ასევე მათთვისაც ისტორიის დაწერის შესაძლებობაა. - მარკინიოსი - პსჟ-ს ფეხბურთელი
უსმან დემბელეს პრესკონფერენცია:
ძალიან ვამაყობ, რომ ფინალში გავედით. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ეპიზოდი იყო, სანამ აქამდე მოვიდოდით, დიდი შრომა გავწიეთ ამისთვის. თავდაპირველად საქმე არც თუ ისე კარგად მიდიოდა, მაგრამ მდგომარეობის შეცვლა მოვახერხეთ და ფინალში გავედით. მიუნხენში ასეთ მნიშვნელოვან თამაშში მონაწილეობის მიღება საოცარი შეგრძნებაა.
ოქროს ბურთზე არ ვფიქრობ, რადგან ეს ინდივიდუალური ჯილდოა, როდესაც გუნდში ხარ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე უნდა იფიქრო. აუცილებელია ფინალში ემოციების კონტროლი, რადგან დიდი წნეხი და ზეწოლა მოდის. მოხარული ვარ, რომ ფინალში ჩემ თანამემამულეების წინააღმდეგ ვითამაშებ, მათ ჰყავთ ბენჟამინ პავარი, რომლის მოტყუებაც ძალიან რთულია, ძალიან ჭკვიანია, მაგრამ იმედი მაქვს ყველაფერს შევძლებთ.
ინტერი შეკრული გუნდია, იქ ფეხბურთელები ერთად დიდი ხნის განმავლობაში თამაშობენ და ერთმანეთსაც იდეალურად უგებენ. ინტერი როგორც დაცვაში, ასევე შეტევაშიც ძლიერია.
კვარაცხელია სუპერ ფეხბურთელია, გუნდთან მარტივად ადაპტირდა, ვფიქრობ რთული არ არის ამ გუნდთან შეთამაშება, ის არის მოთამაშე დიდი ტალანტით, ასევე ის ძალიან სერიოზულია. ყველაფერს ძალიან სწრაფად იგებს და ჩვენ მას გუნდში ძალიან კარგად დავხვდით. - უსმან დემბელე - პსჟ-ს ფეხბურთელი