Belive

"მორიგი ძლიერი მატჩი გიორგისგან" - უოტფორდმა ჩაკვეტაძის თამაში გამოარჩია

3 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ინგლისის FA CUP უკვე 1/16 ფინალურ სტადიაზეა, "უოტფორდი" და გიორგი ჩაკვეტაძე ძალიან ახლოს იყვნენ მერვედფინალში გასვლასთან, თუმცა "საუთჰემპტონმა" თამაში 89-ე წუთზე გადაარჩინა და შემდეგ რაუნდში გადამსვლელის ვინაობა გამეორებით შეხვედრაში უნდა გადაწყდეს.

გიორგი ჩაკვეტაძე "წმინდანებს" პირველივე წუთიდან უტევდა და 86 წუთის განმავლობაში ძალიან აქტიური იყო, სწორედ თამაშის მიწურულს შეცვალა ის რაიან პორტეუსმა. ძალიან ლამაზი გოლი, რომელიც მათეუს მარტინსმა მატჩის მე-5 წუთზე ჯარიმიდან გაიტანა, ჩაკვეტაძის აქტიურობის დამსახურებაცაა. ცენტრიდან გაკეთებული პასი ქართველმა ჩაჭრა და ფლანგზე თავისუფალ ზონაში გაყოლებულ ბურთს მოჰყვა ჯარიმაც, რომელიც მარტინსმა საკმაოდ "ცბიერად" შეასრულა. ჩაკვეტაძის თამაშს უოტფორდმა სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა.

საქმე ისე მიდიოდა, რომ უოტფორდს მინიმალური სხვაობით გამარჯვებამდე აღარაფერი აკლდებოდა, თანაც იმაზე გაცილებით მეტი მომენტი შექმნეს, ვიდრე საუთჰემპტონმა, თუმცა შეხვედრის 89-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა სტუარტ არმსტრონგმა ანგარიში გაათანაბრა და უოტფორდის სიხარული ჩაშალა.

ორივე ტაიმში ბევრი მომენტი შევქმენით. ჩვენ ძალიან სახიფათოდ ვუტევდით, მაგრამ ბოლო ფაზაში უფრო მეტია საჭირო. მეტი ენერგია რომ გვქონოდა, შევძლებდით კიდევ ერთი გოლის ისეთ დროს გატანას, რომ ჩვენი გამარჯვება საფრთხის ქვეშ აღარ დადგებოდა - განაცხადა შეხვედრის შემდეგ უოტფორდის მწვრთნელმა, ვალერიენ ისმაელმა

დღეს "ლივერპულმა" "ნორვიჩი" 5:2 დაამარცხა და FA CUP-ის მერვედფინალში გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ განმეორებით შეხვედრაში უოტფორდის წარმატების შემთხვევაში, გიორგი ჩაკვეტაძეს მერსესაიდულ გრანდთან დაპირისპირება მოუწევს.

სხვა სტატიები