Belive

მონპელიეს ფანები ზურიკოს ასისტის შემდეგ 'გაგიჟდნენ' - თამაში შეწყდა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურში "მონპელიე" "სენტ-ეტიენს" მასპინძლობდა. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ეს მატჩი განსაკუთრებული გამოვიდოდა, რადგან მონპელიე ჩემპიონატის ბოლოადგილოსანია, სენტ-ეტიენი კი ზუსტად მის თავზეა - ემოციური თვალსაზრისით გამორჩეულ შეხვედრაში, დუღილის ტემპერატურამ ისე აიწია, რომ მსაჯი იძულებული გახდა, თამაში შეწყვეტილად გამოეცხადებინა.

სტუმრები ლუკას სტასინის გოლით მე-11 წუთზე დაწინაურდნენ, პირველი ტაიმის ბოლოს კი სენტ-ეტიენი 10 კაცით დარჩა და თითქოს მონპელიეს სიტუაციის გამოსწორება უნდა გამარტივებოდა - ამის ნაცვლად, 53-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა სტასინს მეორე გოლიც გაატანინა და სტუმრები 2-ბურთიან უპირატესობაში აღმოჩნდნენ.

ამ მომენტიდან მონპელიეს სტადიონზე არეულობა დაიწყო. მასპინძელი გუნდის ფანებმა, საკუთარი კლუბის მისამართით, უკმაყოფილებისა და აგრესიის გამოხატვა დაიწყეს. ულტრასებმა ტრიბუნებზე პეტარდები აანთეს და ცეცხლი გააჩინეს. ალმოდებული პეტარდები ცვიოდა მინდორზეც, ამიტომ მსაჯმა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თამაშის შეყვეტის შესახებ გამოაცხადა. ეს ყველაფერი 58-ე წუთზე მოხდა, ჯერჯერობით უცნობია განახლდება თუ არა შეხვედრა იმავე წუთიდან და როდის ჩაინიშნება გაგრძელება (შესაძლოა არც გაგრძელდეს და მონპელიე დამარცხებულად ჩაითვალოს).

სხვა სტატიები