Belive

მოედანზე გასვლა გამორიცხულია | ხესუს ოვონო ეროვნული ნაკრებიდან მოეხსნა

9 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მატჩში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ, ეკვატორული გვინეის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ეროვნული გუნდის ძირითადი მეკარე ხესუს ოვონო ამ თვის აფრიკის ერთა თასის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებს გამოტოვებს.

ეროვნული ნაკრების განაცხადს მიღმა მისი დატოვების მიზეზი ტენერიფეს თავდამსხმელის - ხესუს დე მიგელის გარდაცვალება გახდა. ორშაბათს გამართულ ანდორასა და ტენერიფეს შორის მატჩში 25 წლის მეკარე და 27 წლის ფორვარდი ერთმანეთს მძიმედ შეეჯახნენ. დე მიგელი საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და სამშაბათს დილით გარდაიცვალა.

ხესუს ოვონო ეკვატორული გვინეის ნაკრების უცვლელი პირველი ნომერია ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკიდან და გუნდის ღირსებას აფრიკის ერთა თასის ბოლო სამ ფინალურ ეტაპზე იცავდა. მან 2027 წლის ტურნირის შესარჩევი ეტაპის სასტარტო ორივე მატჩი სრულად ითამაშა, თუმცა შექმნილი ვითარების გამო განაცხადს მიღმა იქნება ზიმბაბვეს წინააღმდეგ გასამართ ორ მნიშვნელოვან შეხვედრაში - 12 ნოემბერს ბატაში და 16 ნოემბერს ჰარარეში. ფედერაციამ განაცხადა, რომ ფეხბურთელი ღრმა მწუხარებასა და სტრესს განიცდის, რის გამოც ამ ეტაპზე მისი მოედანზე გასვლა შეუძლებელია.

„ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღეებია“ - აღნიშნა ოვონომ ოთხშაბათს გავრცელებულ ემოციურ განცხადებაში.

„მიჭირს სიტყვების პოვნა და მომხდარის გააზრება. ვიცი, რომ ბევრი კითხვა გაჩნდება და ყველაფერს უდიდესი პატივისცემით შევხვდები, მაგრამ ახლა მხოლოდ ხესუსზე და იმ უდიდეს ტკივილზე ვფიქრობ, რასაც განვიცდით. მშვიდად განისვენე, ხესუს“ - ვკითხულობთ მეკარის განცხადებაში

ტრაგედიის ფონზე ფეხბურთელი სოციალურ ქსელებში მასობრივი ბულინგის მსხვერპლიც გახდა - ზოგიერთი მომხმარებელი მას კომენტარებში „მკვლელსაც“ კი უწოდებდა, რის გამოც ოვონომ სამშაბათს ინსტაგრამის პირადი გვერდი გააუქმა.

ეკვატორული გვინეის ფეხბურთის ფედერაციამ საკუთარ მეკარეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და საზოგადოებას ამ ურთულეს პერიოდში სოლიდარობისკენ მოუწოდა.

სხვა სტატიები